ნინო ჭოლაძის გმირს სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონზეც ვიხილავთ. გადაღებები უკვე დაწყებულია.
მსახიობი სამეფო უბნის თეატრში, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს მიერ დადგმულ სპექტაკლში - "სამშობლო" თამაშობს და ამბობს, რომ ახალი როლების მოლოდინშია. როდის კარგავს წონასწორობას, რა მოსწონს საკუთარ თავში ყველაზე მეტად, რა ვერ ისწავლა დღემდე და როგორ მოქმედებს, როცა დაძაბული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1981 წლის 8 აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ეს სურვილი ადრეული ბავშვობიდან მქონდა. საბავშვო მუსიკალურ წრეებზეც დავდიოდი. რამდენჯერმე კი გავიფიქრე, - ეს პროფესია რატომ ავირჩიე-მეთქი? მაგრამ მხოლოდ წამიერად. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ზედმეტად მომთხოვნიაო. ცივი და უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. სინამდვილეში, ასეთი არ ვარ. ოჯახის წევრები ანუ ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობენ, ჩემზე მხოლოდ დადებით სიტყვებს ამბობენ. მათ ძალიან ვუყვარვარ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს არაჩვეულებრივი შვილები, გვერდით - ძალიან კარგი ადამიანები და ვაკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ღირსების გრძნობა. ღირსება ეს ისაა, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდები.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. შეიძლება, მეწყინოს ისეთი რამ, რაც სხვისთვის მნიშვნელოვანი არ არის. განსაკუთრებით მათგან მწყინს, ვინც ძალიან მიყვარს. დეტალებს ვაქცევ ყურადღებას. არ მინდა, ეს თვისება ხასიათში მქონდეს, მაგრამ ჩემთვის ნებისმიერი ურთიერთობა პატარა დეტალებისგან არის აგებული. ვცდილობ, სხვებს ყოველთვის გავუფრთხილდე და ჩემი დაუფიქრებელი სიტყვითა თუ ქცევით ტკივილი არავის მივაყენო. რასაც თავად ვაკეთებ, სხვებისგანაც იმავეს ვითხოვ. მადლობა ღმერთს, ასეთი გულისტკენა ხშირად არ მაქვს, მაგრამ რაც მქონდა, დამამახსოვრდა.
- ჩემთვის მიუღებელია...
- ...ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, უპრინციპობა, საკუთარი აზრის არქონა, მონობა...
- პირველი წარმატება...
- ...მომიტანა სპექტაკლმა - "წვიმის გამყიდველი", რომელიც ქუთაისის თეატრში ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა. მაშინ 18 წლის ვიყავი და პირველად ავიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა - მთავარი როლი ვითამაშე.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მშვიდი ცხოვრების. მინდა, ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს.
- მეშინია...
- ...სხვა რამ არ გახდეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანური ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები ხშირად, მატერიალურ ინტერესებს ეწირება, რაც ძალიან არ მომწონს.
- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ამაზე არასდროს მიფიქრია. მართლა არ ვიცი, ჩემს გარეგნობაში რას შევცვლიდი.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...ვიღაც უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და გარშემო მყოფები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ. ამ ფორმით იმ ადამიანს კიდევ უფრო მეტად უმძიმებენ მდგომარეობას.
- ვნანობ...
- ...ბევრ რამეს, მაგრამ ამ პატარა სინანულებს ჩემთვის დავიტოვებ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ვენდობი, მეიმედება ადამიანები. მიუხედავად ყველაფრისა, კმაყოფილი ვარ, რომ ადამიანების მიმართ ნდობა არ დამიკარგავს. მინდა, მომავალშიც ასე გაგრძელდეს.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...იმ წუთში ძალიან მრცხვენია, მაგრამ მარტო რომ ვრჩები, მიხარია.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი მიყვარს.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვიხსენებ, ვფიქრობ, ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოვასწორო. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც დამნაშავეს მუდამ სხვაგან ეძებს.
- ბოლოს ვიტირე...
- ...არც კი მახსოვს, როდის ვიტირე. საერთოდ, იშვიათად ვტირი.
- ვიბნევი, როცა...
- ...რაღაც საკითხი საფუძვლიანად არ ვიცი. არასდროს ვიბრალებ იმის ცოდნას, რაც არ ვიცი. ამას გულახდილად ვაღიარებ, მერე მიხსნიან და ვიგებ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...სახლში.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უსამართლობას. შეიძლება, საკუთარი თავი ვერ გავაკონტროლო და ემოცია უხეშად გამოვხატო.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაფერია და თან, დაუკონკრეტებელია. ეს გრძნობა კრებითი სახეა დანარჩენი სხვა გრძნობების: კარგის, ცუდის, ტკივილის, სიხარულის, ღალატის, პატიების...
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...როცა გავთხოვდი, 18 წლის ვიყავი. მაშინ მეგონა, დიდი გოგო გახლდით. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ოჯახი ნაადრევად შევქმენი.