როგორ დაამყარა პუტინმა და "გაზპრომმა" დიქტატი нтв-ზე - მედიაკონტროლის რუსული გაკვეთილი

როგორ დაამყარა პუტინმა და "გაზპრომმა" დიქტატი нтв-ზე - მედიაკონტროლის რუსული გაკვეთილი

პუტინი, უკვე წლებია, წარმატებით აკონტროლებს ქვეყნის ყველაზე პოპულარულ მედიასაშუალებებს. ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, "მედიის თავისუფლების ინდექსში" რუსეთი 148-ე ადგილზეა. ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელის, იოან ბირმის შეფასებით, "2013 წელს რუსეთში შემზღუდავი კანონების მთელი კასკადი შემოიღეს, რამაც შეავიწროვა ინფორმაციის თავისუფლების ასპარეზი... რუსეთში ჟურნალისტებს აკავებენ მათი საქმიანობის გამო".

პუტინისთვის პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხია ტელეკომპანია "нтв", რომელზე კონტროლიც მან 2001 წლიდან მოიპოვა. ტელეკომპანია "გაზპრომ მედიას" მფლობელობაში მოექცა და დღეისათვის რუსულ პროპაგანდას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც ეწევა. მაგალითისთვის, "нтв"-ს მფლობელობაშია "НТВ-Беларусь". რაც შეეხება მეთოდს, რომლითაც პუტინმა არხზე სრული კონტროლი მოიპოვა, ასეთია:

2000 წლიდან რუსული ტელეარხის "нтв"-ს ურთიერთობა ახალ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაიძაბა. ჩინოვნიკები არხს ინტერვიუებს აღარ აძლევდნენ და მათ გადაცემებში არ მიდიოდნენ. ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოვიდა წინადადებით, რომ არხისთვის მაუწყებლობის უფლება ჩამოერთვათ. დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, არხის უფროს ვლადიმირ გუსინსკისა და პუტინს შორის პირადი უთანხმოება მოხდა: გუსინსკიმ პუტინს განუცხადა, რომ "нтв"-ს მხარდაჭერის გარეშე ის ვერ შეძლებდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

"нтв"-მ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უარი განაცხადა მხარი დაეჭირა რომელიმე კანდიდატისთვის. მათი სიმპათიები არჩევნებზე პარტიებს "ოვეერ"-ს და "იაბლოკოს" ეკუთვნოდა. 2000 წლის 13 ივნისს ვლადიმირ გუსინსკი დააკავეს, როგორც თაღლითობაში ეჭვმიტანილი. საქმეში ფიგურირებდა გუსინსკის ჰოლდინგი "მედია მოსტი", "რუსული ვიდეო - "11-ე არხი" და "რუსული ვიდეო". "მედია მოსტი" "გაზპრომისგან" მიღებული სესხის თაობაზეც იყო საქმეში ჩართული.

16 ივნისს გუსინკსი გაათავისუფლეს და იმავე დღეს მან "нтв"-ს ეთერში განაცხადა, რომ მას შესთავაზეს მთავრობასთან კომპრომისზე წასვლა. მალე გუსინსკი რუსეთიდან ესპანეთში წავიდა.

2001 წლის 3 აპრილს "нтв"-ს აქციონერების კრებაზე, რომელიც "გაზპრომის" შენობაში მიმდინარეობდა, ტელეარხის ხელმძღვანელობა შეიცვალა. არხის მთავარი დირექტორი ბორის იორდანი გახდა. რამდენიმე დღის მანძილზე "გაზპრომ მედიას" წარმომადგენლებს "нтв"-ს სტუდიაში არ უშვებდნენ. ამ დროს არხზე შეპირებული გადაცემების ნაცვლად, ცარიელი კორიდორების ტრანსლაცია ხდებოდა. ჟურნალისტების პროტესტს მიტინგის სახით მხარდაჭერა გამოუხატა პარტია "იაბლოკომ".

14 აპრილის დილას "გაზპრომის" წარმომადგენლებმა მერვე სართულზე დაცვა შეცვალეს და ძველი საშვები გააუქმეს. შენობაში მარტო იმ თანამშრომლებს უშვებდნენ, ვინც ახალი ხელმძღვანელობა აღიარა. 16 აპრილს შეიქმნა სარედაქციო საბჭო. ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ "გაზპრომის" კრედიტების რესტრუქტურიზაცია მოხდა, ხოლო გუსინსკის ყველა ბრალდება მოუხსნეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა