ვის წისქვილზე ასხამს წყალს ფარული ჩანაწერების გავრცელება და შეიტანს თუ არა ძირეულ გარდატეხას ქართულ პოლიტიკაში

ვის წისქვილზე ასხამს წყალს ფარული ჩანაწერების გავრცელება და შეიტანს თუ არა ძირეულ გარდატეხას ქართულ პოლიტიკაში

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ვებ-გვერდმა ორი კვირის წინ სავარუდოდ, სამეგრელოში სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი მასალა გამოაქვეყნა, მოგვიანებით ისევ უკრაინულმა პორტალმა წამების ახალი კადრები გაავრცელა. ამას დაემატა ორი აუდიოჩანაწერი [თეგი], რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის აუდიოჩანაწერებია წარმოდგენილი, და რომლის გამავრცელებელი ისევ უკრაინული პორტალი იყო.

აღნიშნულ კადრებსა და ჩანაწერებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. განცხადებები გაკეთდა როგორც პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და მთავრობის წევრების მხრიდან, ისე ოპოზიციური პარტიების, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც.

აღნიშნულმა მოვლენებმა ბევრი დააფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამით ქართულ პოლიტიკაში, ხომ არ არის ეს დარტყმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ან პირიქით, ხომ არ არის ეს ხელისუფლებისთვის დაგებული მახე, რომელშიც ვინ გაებმევა, ჯერ უცნობია.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ წამების ამსახველი კადრები და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების აუდიოჩანაწერები ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც "ქართულ ოცნებაზე", ისე "ნაციონალურ მოძრაობაზე".

"ეს მოვლენები არც ერთ მხარეზე დადებითად არ აისახება. ეს იქნება ნეგატიური მოვლენა "ნაცმოძრაობისთვის", რადგან ეს ყველაფერი უშუალოდ მათი მმართველობის დროს ხდებოდა. დამტკიცებული არ არის, რომ წამებაში უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ან უკვეთავდნენ, მაგრამ ხალხში ასეთი შთაბეჭდილება იქმნება.

"ქართული ოცნების" რეიტინგზეც ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ წამებაში მონაწილე ადამიანები დაუსჯელად დადიან. საზოგადოებაში პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ ხომ არ ჰქონდა ადგილი გარკვეულ გარიგებას და ხომ არ გადაიღეს კადრები ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ? გამოდის, რომ ვერც ერთი მხარე მოგებას ვერ ნახულობს", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგის თქმით, გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერები არც ხელისუფლებას დაუწერს ქულებს, რადგან მისი თქმით, ხალხში გაჩნდა მოსაზრება, რომ ფარული მოსმენები კვლავ გრძელდება.

ჩიტაძის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოტივით, მოქმედი ხელისუფლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში შევიდეს, "თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია, რომელიც შეიძლება განვითარდეს".

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ არჩილ გამზარდიას. მისი თქმით, გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა გააჩინა ვარაუდი, რომ გამავრცელებელი თავად "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის შიგნით არსებული ერთ-ერთი ჯგუფია.

"ბოლო დღეებში მკვეთრად დავინახეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაახლოებული პირების ერთი ნაწილი მკვეთრად ცდილობს მეორეს დაუპირისპირდეს, მაგალითად, სერგი კაპანაძე, ნინო ხოშტარია, ნინო გიგაური, ნინო ლომჯარია, მათ საკმაოდ მკვეთრი და უარყოფითი განცხადებები გააკეთეს წამების ჩამდენ პირთა მიმართ, თუმცა მათი უმრავლესობა წინა ხელისუფლებაში მუშაობდა.

მთელ ამ კადრებს საფუძვლად უდევს ის, რომ მკაცრად ამხილონ სააკაშვილის სისტემა და მასთან დაახლოებული პირები, ამას ემატება ისიც, რომ ბოკერია-გვარამიამ პირდაპირ თქვეს, ეს ჩანაწერი ნამდვილიაო, რაც ასევე დამაფიქრებელი გახდა, რატომ დათანხმდენენ ასე მარტივად? ე.ი შეიძლება ეს მათი სტრატეგიის ნაწილი იყოს.

ამიტომ თეორიული ვარაუდი შეიძლება გაჩნდეს, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი გავრცელებული იყოს არა ამ ხელისუფლების მიერ, თუნდაც ირიბად, რაზეც ზოგიერთი საუბრობს, არამედ თავად "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილის მხრიდან. ამ ყველაფრის მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ რომელიღაცა მეორე ჯგუფმა მოიპოვოს დომინანტობა, სიტყვაზე ბოკერიას ჯგუფმა, ჩამოიშოროს ერთი ნაწილი, და ამ ხმრივ მიეცეთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი პერსპექტივებს გზა გაუხსნან", - ამბობს გამზარდია.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან "რუსთავი 2"-ის მიმართ ძალის გამოყენება გამორიცხულია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, "როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და აღსრულების საჭიროება იქნება".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."