ბახვას "წვრილ-წვრილი" სირცხვილი, ლურჯთვალება ელენე და დამტვრეული ცოცხები

ბახვას "წვრილ-წვრილი" სირცხვილი, ლურჯთვალება ელენე და დამტვრეული ცოცხები

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი - ბახვა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდა. მეგობრისადმი მისმა თავდადებამ ბევრი მაყურებელი მის მიმართ კიდევ უფრო დადებითად განაწყო. "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელთა გარკვეულ ნაწილს სერიალის სიუჟეტსა და რეალურ ცხოვრებას შორის ზღვრის გავლება უჭირს, "ნაცემ-ნაწამები" ბახვას შემთხვევაში კი ვითარებას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ამ პერსონაჟის როლის შემსრულებელს სინამდვილეშიც ბახვა ჰქვია... მოკლედ, ვიდრე ბახვა ბრეგვაძეს "პირველი ამბების" გახსენებას ვთხოვდი, ცოტა რამ მისი გმირის წამების ეპიზოდის გადაღების შესახებაც ვკითხე.

- წამების სცენაში თამაში არ გაგიჭირდა?

- დღეს ერთმა უცნობმა ქალბატონმა გამაჩერა, - შვილო, ლეოს ასე რატომ აცემინე და აწამებინე თავი? თავიდანვე გეთქვა, სად იმალებოდითო (იცინის). წამების ეპიზოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო და კარგი შესასრულებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის კომპეტენტური მსახიობებისგან და საერთოდ, ადამიანებისგან ბევრი ქათინაური მივიღე, მსგავს სცენაში კიდევ თუ გადამიღებენ, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ ბევრად უკეთესი გამოვიდეს.

- გადაღებისას ფიზიკური ტრავმა ხომ არ მიიღე?

- ამ სცენის გადაღების დროს, კედელზე მინარცხებისას ლამის თავი გამისკდა, ხოლო ცივ წყალში დიდხანს ჩაყუდებით, კინაღამ დავიხრჩვე (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა - გადაღებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. სხვათა შორის, ძალიან მალე გადავიღეთ. ამ სერიალს სუპერპროფესიონალები ქმნიან. მათთან მუშაობა უზომოდ საინტერესო და სასიამოვნო ამიტომაც არის.

- შენი პირველი როლი გაიხსენე...

- ჩემი და კამერის "მეგობრობა" ბავშვობაში, "ბასტი-ბუბუდან" დაიწყო - საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტი ვიყავი, კლიპებშიც ვმონაწილეობდი. პირველი როლი "ილიაუნის" თეატრში, ექსპერიმენტულ სპექტაკლში შევასრულე. ეკრანულ როლს რაც შეეხება - "ჩემი ცოლის დაქალებში" შემთხვევით აღმოვჩნდი. სულ რამდენიმე ეპიზოდში უნდა მეთამაშა, მაგრამ აი, უკვე მეხუთე სეზონია, შემოვრჩი... რადგან სერიალს პირველივე სეზონიდან აქტიურად ვუყურებდი და ძალიან მომწონდა, გადავწყვიტე, გამერისკა და ძალა მომესინჯა... გადაღების პროცესი პირველივე დღიდან მომეწონა. თავდაპირველად, ბევრი კითხვა მქონდა და მათზე პასუხებს ვეძებდი, ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი, თან - ვერთობოდი, ვღელავდი კიდეც... თუმცა, ზუსტ ადგილას, ზუსტ დროს და ზუსტ ადამიანებს შორის აღმოვჩნდი. ჰოდა, ახლა აღარც ვღელავ - ვმუშაობ და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- პირველი ავტოგრაფი...

- "ჩემი ცოლის დაქალები" უზომოდ პოპულარულია. შესაბამისად, 2 წლის წინ, ჩემი მონაწილეობით რამდენიმე სერიის ეთერში გასვლისთანავე, ქუჩაში რომ გამოვედი, ბავშვებმა პირველი ავტოგრაფი ჩამომართვეს და ჩემთან ერთად, ბევრი ფოტო გადაიღეს. ბოლო დროს, ბუნებრივია, ასეთმა შემთხვევებმა ძალიან იმატა, რაც მახარებს - როდესაც უცხო ადამიანებს შენი დანახვა უხარიათ და შენთან ერთად ფოტოს გადაღების სურვილი აქვთ, ამას რა ჯობია?

- პირველი მეგობარი...

- პირველი მეგობრები საბავშვო ბაღში შევიძინე: ნიკუშა, დათუნა, ელენე და სალომე. საერთოდ, ბაღის პერიოდი კარგად მახსოვს... ბავშვობის დროინდელი მეგობრები დღემდე მომყვებიან. ბევრ მათგანს თქვენც კარგად იცნობთ. ახალშეძენილი მეგობარიც ბევრი მყავს. თუნდაც, ცოტნესა და ბახვას მეგობრობას მე და გიორგი ეკრანს მიღმაც გადასარევად ვაგრძელებთ.

- სერიალში ასახული ცოტნესა და ბახვას მეგობრობა, შენს ნამდვილ მეგობრებთან ურთიერთობას ჰგავს?

- თან ჰგავს, თან - არა. "კინობახვასგან" ძალიან განვსხვავდები. თუმცა, მეგობრების გამო, შარშიც აღმოვჩენილვარ, ცუდ სიტუაციაშიც და პირიქითაც მომხდარა - ჩემ გამო მათაც გაუყვიათ შარში თავი (იცინის)...

- პირველი სიყვარული...

- ბაღში მეწვია (იღიმის). ლამაზი, ლურჯთვალება ელენე კარგად მახსოვს, რომელსაც გვერდიდან არ ვშორდებოდი. სახლიდან ყველაფერი მისთვის მიმქონდა და ბაღშიც სულ თავს დავტრიალებდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება