მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 12 ბავშვი, რომლებმაც ერაყის ქალაქ მოსულში მდებარე საწვრთნელი ბანაკიდან გაქცევა ცადეს, სიკვდილით დასაჯეს. აგვისტოს ბოლოს ანალოგიური განაჩენი მოზარდების კიდევ ერთი ჯგუფისთვის იყო გამოტანილი.
ერაყის არმიასთან შეტაკებისას, არასრულწლოვანმა მებრძოლებმა იარაღი დაყარეს და საკუთარი პოზიციები დატოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მოსულის გარდა, "ისლამური სახელმწიფოს" საწვრთნელი ბანაკები, სადაც მომზადებას არასრულწლოვნებიც გადიან, სირიულ რაქაში და ერაყულ ანბარში მდებარეობს.
სხვადასხვა მონაცემებით, ბავშვების სწავლება დღეში 8-12 საათს მოიცავს. ფიზიკური მომზადების და ყურანის კითხვის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების ფსიქოლოგიურ მომზადებას ეთმობა. მუდმივი შთაგონების და პროპაგანდის შედეგად, ბანაკის არასრულწლოვან წევრებს უპირობო დამორჩილებისადმი უბიძგებენ. მათი ფსიქიკა გაუთავებელ უხეშ მოპყრობას, ყვირილს, ცემას ვერ უძლებს და მწირეწლოვან ჯარისკაცებს სისასტიკის და ადამიანის მოკვლის სურვილი ეუფლებათ. ბავშვები ჯალათების როლშიც გამოდიან. ზაფხულში "ისლამური სახელმწიფოს" არასრულწლოვანმა ჯიჰადისტებმა 25 სირიელი ტყვე ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს.
ბავშვების მოტაცება და მათი სასწავლო ბანაკებში გაგზავნა, ცოცხალი ძალის დეფიციტზე სულაც არ მეტყველებს. ამგვარი ქმედებით "ისლამური სახელმწიფო" რადიკალურად განწყობილი მომავალი თაობის აღზრდას და ჰალიფატის გამგრძელებლების მიღებას აპირებს.
ბავშვების მოტაცებასა და მათი სამხედრო საწვრთნელ ბანაკებში მომზადების მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა აფრიკაშია. "შავი კონტინენტის" მასშტაბით, მცირეწლოვანთა 10-15% სხვადასხვა პარტიზანულ დაჯგუფებაში თუ სამთავრობო არმიაში მსახურობს. ჯარისკაცი ბავშვების რიცხოვნობით აფრიკაში კონგო, სომალი, სიერა-ლეონე, ლიბერია ლიდერობენ. ლიბერიის სამოქალაქო ომში 1 000-მდე ბავშვი მონაწილეობდა. არასრულწლოვნების დაახლოებით ანალოგიური რაოდენობა სიერა-ლეონეს კონფლიქტში იყო ჩართული.
არსებული ცნობებით, მსოფლიოს სამხედრო კონფლიქტებსა და გაუთავებელ სამოქალაქო ომებში, 400 ათასამდე ბავშვი მონაწილეობს.
ნუკრი მგელაძე
AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი
იხილეთ ვიდეო: ISIS ბავშვებს გალიებში აჩხუბებს და სასტიკი მეთოდებით წვრთნის (+18)