ბარაკ ობამა პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც სექსუალური უმცირესობების ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. მისი ფოტო ჟურნალ OUT MAGAZINE-ში დაიბეჭდა, რომელიც გეების მოდაზეა ფოკუსირებული.
ამასთან, ჟურნალმა ამ ფაქტს "ისტორიული მომენტი და ისტორიული წელი" უწოდა. ეს კონკრეტული ნომერი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს ეძღვნება, რომელიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. ობამას ფოტოს გარეკანზე წარწერა აქვს: "მოკავშირე, გმირი და სიმბოლო".
რედაქციაში აღნიშნავენ, რომ ობამას პოზიცია ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობის დაცვაა. განსაკუთრებით, ჟურნალის კოლექტივი აღაფრთოვანა ობამას რეაქციამ, როდესაც უმაღლესმა სასამართლომ ამერიკის ყველა შტატში ერთსქესიანი ქორწინება ნებადართული გახადა. მაშინ ობამამ განაცხადა, რომ ისტორიული გადაწყვეტილება მეხის გავარდნასავით იყო და ამ ვერდიქტს ამერიკის დიდი გამარჯვება უწოდა.