შეერთებული შტატების არმიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, მოკლულია მოჰამედ ემვაზი, ცნობილი ბრიტანელი ტერორისტი. ის სისტემატურად ჩნდებოდა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლებშიც დასავლეთის მძევლებს სასტიკად კლავდნენ.
ტერორისტს მეტსახელად ჯიჰადი ჯონს ეძახდნენ. იერიში მანქანაზე, რომელშიც ის სამ სხვა სამხედროსთან ერთად იჯდა, სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დეფაქტო დედაქალაქ რაქაში, დრონით - უპილოტო საფრენი აპარატით - მიიტანეს.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ISIS-ის ცნობილი ჯალათის გარდაცვალების შესახებ ჯერ კიდევ მოწმდება.
"ჯიჰადი ჯონი" 1988 წელს ქუვეითში დაიბადა. 1993 წელს მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად გაერთიანებულ სამეფოში და ისინი დასავლეთ ლონდონში ცხოვრობდნენ.
მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა, ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "სახე" გახდა. ყურადღება განსაკუთრებული სისასტიკით მიიქცია. როგორც მისმა ერთ-ერთმა მძევალმა დაახასიათა, ის სისხლის მსმელი ფსიქოპათია და მას საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანისთვის თავის მოკვეთა.
საერთაშორისო ყურადღება "ჯიჰადი ჯონმა" მიმდინარე წლის აგვისტოში მიიქცია, როდესაც ვიდეოში ნიღბის გარეშე პირველად გამოჩნდა.
სირიაში გადაღებულ ვიდეორგოლში 27 წლის ბოევიკი აცხადებს, რომ თავის მოკვეთას გააგრძელებს და "დიდ ბრიტანეთში ტრიუმფალურად" დაბრუნდება. ვიდეორგოლი გამოქვეყნებამდე დაახლოებით ორი თვის წინ, სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში მობილურით არის გადაღებული.
"ჯიჰადი ჯონი" მინიმუმ შვიდ ვიდეოში მონაწილეობდა, რომელზეც ასახული იყო ამერიკელი, იაპონელი და ბრიტანელი მოქალაქეების თავის მოკვეთა.
სტატიაში მომზადებულია cnn.com-ისა და amerikiskhma.com -ის მასალების მიხედვით.