ტერორისტების ფსიქოლოგია - რემბოს, ზომბის, ანემიის სინდრომი

ტერორისტების ფსიქოლოგია - რემბოს, ზომბის, ანემიის სინდრომი

სისასტიკით ჩადენილი ტერაქტები, პარიზის სისხლის ღვრა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ბოლო დღეებში მსოფლიო მედიის აქტიური ყურადღებისა და დემოკრატიული საზოგადოების აღშფოთების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა... "ბოროტების სახე", რომელიც დედამიწას ზიანს აყენებს, ბარაკ ობამასა და წამყვანი "ოცეულის" პოზიციით, უნდა განადგურდეს.

ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სამხედრო ექსპერტი - ნიკა ჩიტაძე გვესაუბრება.

- ბატონო ნიკა, თქვენი შეფასებით, რეალურად რა არის ამ მასშტაბური ტერაქტების მიზეზი და რის წინააღმდეგაა მიმართული?

- მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ტერორიზმი ახალ ფაზაში გადავიდა. ვგულისხმობ იმ ფაქტორს, რომ ე.წ. ისლამური ხალიფატი სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებს და აქედან გამომდინარე, როდესაც მათ თავიანთ რიგებში 20-30 ათასამდე მებრძოლი ჰყავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობს ტერორიზმის ახალი მიმართულება, რომელიც გაცილებით მასშტაბური და სასტიკია, ვიდრე, მაგალითად, "ალ-ქაიდა". "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს, ტერორისტული აქტები რამდენიმე მიმართულებით განახორციელოს, აკონტროლოს მნიშვნელოვანი ტერიტორია ახლო აღმოსავლეთში, შეტევა მიიტანოს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მათ შორის, პირველ რიგში, ევროპაზე. კიდევ ერთი ფაქტორია, ე.წ. ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება; განვითარებულ სამყაროში მასობრივი ტერორის, შიშის დათესვა და მინიშნება იმაზე, რომ თუ იგი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს, ახალ და ახალ ტერაქტებს ექნება ადგილი. ეს ასევე დაკავშირებულია ძალის დემონსტრირებასთან, რომ "ისლამური სახელმწიფო" ამ გზით ცდილობს დაუმტკიცოს იმავე საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელიც სხვა მიმართულებით გაცილებით ძლიერია, რომ შესწევს ძალა და აქვს რესურსი, თუნდაც ისეთ მძლავრ სახელმწიფოზე მიიტანოს იერიში, როგორიც საფრანგეთია.

აღნიშნულს ისიც ემატება, რომ სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ევროპაში მცხოვრები ბევრი ადამიანის, რომლებიც წარმოშობით არიან არაევროპული ქვეყნებიდან, სრულყოფილი ინტეგრაცია საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში. ანუ მოგეხსენებათ, რომ ტერაქტის ჩამდენი ადამიანებიდან ერთი ბელგიის მოქალაქე გახლდათ, მეორე - საფრანგეთის და ა.შ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ ქვეყნებში. ჩემი აზრით, ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ტერორისტული აქტები განხორციელდა - საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება აიძულონ, უარი თქვას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. საფრანგეთი ალბათ იმიტომ აირჩიეს, რომ ევროპაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, რომლის გააქტიურებაც ბოლო პერიოდში შეინიშნება იმავე ლიბიის, სირიის კამპანიის დროს - მან იერიში მიიტანა სირიაში მდებარე "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე.

- ფსიქოლოგებმა ტერორისტების ფსიქოლოგია შეისწავლეს, რომელიც სხვადასხვა სინდრომს მოიცავს და ამ შემთხვევაშიც საინტერესოა, რომელ მათგანთან გვაქვს საქმე?

- ტერორისტების ფსიქოლოგიაზე უნდა დავფიქრდეთ. მაგალითად, რაში სჭირდება ამა თუ იმ ადამიანს ტერაქტის განხორციელება? პირველი ის არის, რომ ფინანსური ფაქტორი დიდ როლს თამაშობს. ტერორისტების გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ანაზღაურებით. არსებობს ზომბის სინდრომი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, ყოველთვის ბრძოლის ველზე იმყოფებოდეს და მშვიდობიან გარემოში ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელია; რემბოს სინდრომი - პირს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებებში ტყუილად კი არ მონაწილეობდეს, არამედ გმირობა ჩაიდინოს; არის ასევე, ანემიის სინდრომი ანუ პიროვნებას აქვს მოთხოვნა, არ დაექვემდებაროს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ წესრიგსა და კანონებს და რაც უფრო მეტად დაარღვევს, უფრო ძლიერ პიროვნებად წარმოჩნდება.

მოკლედ, არსებობს შესაბამისი ფსიქოლოგიური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს საერთო ჯამში ტერორისტულ საქმიანობას. 2005 წელსაც იყო ასეთი სისხლიანი ტერაქტი, რომელიც ლონდონში მოხდა. აღარაფერს ვამბობ აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტზე. 2005 წლის შემდეგ, ასეთი მსხვერპლიანი ტერაქტი არ ყოფილა.

- რა გავლენას ახდენს რელიგიური დოგმები და შეზღუდვები ტერორისტების ფსიქიკასა და ქცევაზე?

- ისლამური რელიგია სულაც არ ქადაგებს ბოროტებას. მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანია მისი მიმდევარი, საფრანგეთში კი მოსახლეობის დაახლოებით 11% და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ფრანგ საზოგადოებაშია ინტეგრირებული. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ჩართულნი, მსოფლიო ისლამური მოსახლეობის ნახევარ პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამ შემთხვევაში, არა რელიგიური დოგმები, არამედ გაუნათლებლობა, სიბნელე და ბოროტება იწვევს ყველაფერს. კონკრეტული ზემდგომი ადამიანები კი ისლამით სპეკულირებენ იმისთვის, რომ საკუთარი ტერორისტული მისწრაფებები განახორციელონ. აღნიშნული ქმედებები ყურანს ეწინააღმდეგება. მაგალითად, კამიკაძე ტერორისტებს არწმუნებენ, რომ ისინი ალაჰთან მოხვდებიან და მათი ოჯახის წევრები სამოთხეში იცხოვრებენ.

მათი "სულიერი წინამძღვრები" ტერაქტებსა და თვითმკვლელობას არ ახორციელებენ. შუა საუკუნეებში თვითონ ევროპა ცხოვრობდა გარკვეულწილად სიბნელეში და ინკვიზიცია არსებობდა, ათეულათასობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, რასაც კათოლიკურ ან რომელიმე სხვა რელიგიას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ეს იმ სიბნელის ბრალი იყო, რომელიც იმ პერიოდში იყო გაბატონებული, საგანმანათლებლო ეპოქის დაწყებამდე. ინკვიზიტორებიც რელიგიით სპეკულირებდნენ. ეს კარგი იარაღია იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს რაღაცები შთააგონონ.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა