რუსეთი სირიაში ავიაიერიშს აფართოვებს, დარტყმებისთვის ემზადება ირანიც და არაბეთიც - უახლესი მონაცემები სირიაში მიმდინარე ოპერაციებზე

რუსეთი სირიაში ავიაიერიშს აფართოვებს, დარტყმებისთვის ემზადება ირანიც და არაბეთიც - უახლესი მონაცემები სირიაში მიმდინარე ოპერაციებზე

სირიაში ვითარება კვლავ დაძაბულია. შიდა დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ფონზე, აქტუალობას არ კარგავს ასევე საერთაშორისო რეაქციები და კოალიციის გადადგმული ნაბიჯები. ასადის არმიის შეტევაზე გადასვლის კვალდაკვალ, რუსეთი სირიაში ავიაციის მოქმედებას აფართოვებს. საფრენი აპარატების რიცხვის გაზრდა 100-მდე იგეგმება. გამანადგურებლების დამატებით რაოდენობას სირიაში უახლოეს მომავალში გადაისვრიან.

საჰაერო იერიშების რაოდენობის ზრდის პარალელურად, რუსები სირიაში კიდევ ერთ საავიაციო ბაზას გამოიყენებენ. საუბარია დასახლებულ პუნქტ ჰომსის მახლობლად მდებარე შაირატის აეროდრომზე. მისი 45 ბეტონის ანგარი თვითმფრინავებს შესაძლო საარტილერიო ცეცხლისგან უკეთ დაიცავს.

უახლოეს მომავალში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელებას ირანიც დაიწყებს. ამ მიზნით ოფიციალური თეირანი სირიაში, კერძოდ კი ტიასის ავიაბაზაზე 20-მდე თვითმფრინავს გადაისვრის. სპეციალისტებმა და შესაბამისმა ტექნიკურმა პერსონალმა აეროდრომის ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგება უკვე დაიწყო. საჰაერო იერიშებთან ერთად, ირანული თვითმფრინავები რუსულ საფრენ აპარატებს საბრძოლო დავალებების შესრულების დროს დააზღვევენ.

ისლამისტების წინააღმდეგ გალაშქრებასა და სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე, სერიოზულად გაერთიანებულ არაბთა საემიროებშიც დაფიქრდნენ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანვარ გარგაშმა გააკეთა. მინისტრის განმარტებით, სირიაში მიმდინარე მოვლენები ტვირთად მთელს რეგიონს აწევს და მისი ქვეყანა მზადაა ტერორიზმთან საბრძოლველად ნებისმიერ საერთაშორისო კოალიციაში ჩაერთოს.

აღსანიშანვია, რომ ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ საემიროები უკვე აწარმოებენ სახმელეთო ოპერაციას იემენის ტერიტორიაზე.

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო იერიშებს დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა. საჰაერო ოპერაციას სახელწოდებით Defeating Daesh მისი უდიდებულესობის დამრტყმელი თვითმფრინავები კვიპროსის ავიაბაზიდან ასრულებენ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ბრიტანელებს გერმანალებიც შეუერთდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 დეკემბერს კოალიციის ავიაციამ შეცდომით თუ მიზანმიმართულად, ასადის ჯარების პოზიციები დაბომბა. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 13 (მეორე ცნობით - 14) სამხედრო მოსამსახურე. შემთხვევა დეირ ეზ ზორის პროვინციაში მოხდა. შესაბამისი საპროტესტო ნოტა გაეროს ცენტრალურ ოფისში ოფიციალურმა დამასკომ უკვე გააგზავნა.

სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან საჰაერო იერიშების მოცულობის ზრდის მიუხედავად, როგორც ჩანს, თავად "ისლამური სახელმწიფო" განსაკუთრებულ ზიანს არ განიცდის. სანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ისლამისტების დაფინანსების წყაროებს ადგენენ და სირიიდან ნავთობის (და არა მხოლოდ) უკანონო ექსპორტის ადრესატების გამოვლენას ცდილობენ, თავად ისლამისტები დაკავებულ ტერიტორიებზე საკუთარ პოზიციებს იმყარებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა