საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველი ტურის შედეგები მოსალოდნელი, თუმცა ბევრისთვის მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. პირველი ადგილი უკიდურესად მემარჯვენე, მარ ლე-პენის "ერვნულმა ფრონტმა" დაიკავა, რომელმაც ხმების 28% მიიღო. ნაციონალისტურ და ანტისემიტური წარსულის მქონე პარტიას 13-დან 6-მა ფრანგულმა რეგიონმა გამოუცხადა ნდობა.
მეორე და მესამე ადგილები ნიკოლა სარკოზის "რესპუბლიკურმა" და საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის "სოციალისტურმა" პარტიებმა გაინაწილეს, შესაბამისად ხმების 27% და 23%-ით.
ლე-პენის პარტიისთვის აღნიშნული შედეგი ისტორიულია, რადგან აქამდე გამარჯვებისთვის არცერთ რეგიონში არ მიუღწევია. მან, მხარდამჭერებთან საუბრისას, არჩევნების შედეგები გამარჯვებად შეაფასა და "ეროვნულ ფრონტს" უდავოდ საფრანგეთის პირველი პარტია უწოდა. მარი ლე პენის მიზანი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა, რის შანსებსაც აღნიშნულ არჩევნებში წარმატება მნიშვნელოვნად გაზრდის. არჩევნების მეორე ტური 13 დეკემბერს გაიმართება.
პარტია 1972 წელს ჟან მარი ლე პენმა, ამჟამინდელი ლიდერის მამამ ჩამოაყალიბა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პარტია მარგინალიზებული იყო საზოგადოებისგან. ჟან მარი ლე პენს რასიზმში, ქსენოფობიაში და ანტისემიტიზმში ხშირად ადანაშაულებდნენ. ევროპარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლისას მან ჰოლოკოსტს მეორე მსოფლიო ომის მცირე დეტალი უწოდა, რის გამოც მკაცრად გააკრიტიკეს. გარდა ამისა, ის მხარს უჭერდა საფრანგეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას, მოითხოვდა შიდსით დაავადებულთა საზოგადოებისგან იზოლაციას, ათასობით ევროს ოდენობის ჯარიმები აქვს გადახდილი რასისტული განცხადებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო. მას "ეროვნული ფრონტის" დატოვება 2011 წელს სწორედ ქალიშვილთან დაპირისპირებს გამო მოუწია, რის მერეც პარტიის ლიდერობა მარი ლე პენმა ჩაიბარა.
ამჟამად "ეროვნული ფრონტი" მხარს უჭერს ეკონომიკურ პროტექციონიზმს, დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას და ანტიიმიგრაციას. პარტია იმიგრაციას ქვეყნის ინტერესებისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, განსაკუთრებით კი მუსლიმანების იმიგრაციას აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.
საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებს სამი კვირით ადრე, ყველასთვის ცნობილი პარიზის ტერორსტული თავდასხმები უსწრებდა, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შესაბამისად, "ეროვნული ფრონტის" წარმატებული შედეგები მოსალოდნელი იყო. ტერორისტულმა თავდასხმებმა და მათ მიერ გამოწვეულმა შიშმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. საფრანგეთში ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად შეინიშნება ანტიმუსლიმანური განწყობები. ანტიმუსლიმანური და ანტიიმიგრაციული განცხადებები "ეროვნული ფრონტის" წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად ფოკუსს წარმოადგენდა. პარიზის თავდასხმების შემდეგ პარტიის რეიტინგი 4-7%-ით გაიზარდა.