რუსული ტიუნინგ-კომპანია Truck Garage ყველგანმავალ ГАЗ-69-ის 12 ახალ ეგზემპლარს ქმნის. პირველი ავტომობილი 6,4-ლიტრიანი V8 HEMI ძრავით იქნება აღჭურვილი - 425-ცხენისძალიანი სიმძლავრით. შესაძლებელი იქნება 5,7-ლიტრიანი ძრავის მქონე ვერსიის შეკვეთაც, რომლის სიმძლავრე 360 ცხენის ძალა იქნება. რუსები პრემიერას გაზაფხულზე გეგმავენ.
ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანამედროვე ГАЗ-69 ძველი მოდელისგან მხოლოდ ძარას და ჩარჩოს მიიღებს - რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებებით. ავტომობილს, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობა და დიფერენციალის ბლოკირებაც ექნება. ასევე: წინა და უკანა ამორტიზატორების რეგულირება, სრულად დისკური მუხრუჭები, 17-დუიმიანი დისკები უგზოობის საბურავებით და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, Chrysler 545RFE ტრანსმისია.
ცხადია, შეეცდებიან ინტერიერის შეძლებისდაგვარად თანამედროვე სტილში მოწყობას - ტყავის სავარძლებით, მულტიმედია-სისტემით, წინა სავარძლების ელ. რეგულირებით და ა.შ. Truck Garage ავტომობილის სამ ვერსიას შექმნის: მყარი სახურავით, გადასაწევი სახურავით და პიკაპს. ახალ ГАЗ-69-ს სანკტ პეტერბურგში ააწყობენ და მისი ფასი, სკამზე კარგად დაჯექით, დაახლოებით 60 000 ევრო იქნება.