რუს მაღალჩინოსანთა შვილებისა და შვილიშვილების რიცხვი, რომლებიც დასავლეთში ცხოვრობენ, 10 000-ს აღწევს. ავტორმა სიაში თავი გამორჩეულ ოდიოზურ "პატრიოტებსა" და "დასავლეთის მტრებს" მოუყარა, რომლებმაც ოჯახები "მტრის ხახაში" ჩააგდეს.
დუმის ვიცე-სპიკერის ს. ჟელეზნიაკის ოჯახი
ჟელეზნიაკის სამი ქალიშვილი უცხოეთში სწავლობს.
ეკატერინა - შვეიცარიის ელიტურ სკოლაში (სწავლის საფასური წელიწადში 2,4 მილიონ რუბლს შეადგენს), ანასტასია - ლონდონში (სწავლის საფასური - 630 ათასი რუბლი წელიწადში), უმცროსი ქალიშვილი ლიზაც ლონდონში ცხოვრობს. საინტერესოა, რომ "პატრიოტმა" ჟელეზნიაკმა შემოსავლების დეკლარაციაში 3,5 მილიონი რუბლი მიუთითა, ამასთან, დასავლეთში შვილების განათლებაზე წელიწადში 11 მილიონს იხდის...
დუმის ვიცე-სპიკერის ა. ჟუკოვის ოჯახი
შვილი, პიოტრ ჟუკოვი ლონდონში სწავლობდა და ხულიგნობისთვის 14 თვე ლონდონის ციხეში იჯდა.
დუმის ვიცე-სპიკერის სერგეი ანდენკოს ოჯახი
სერგეი ანდენკოს ქალიშვილი დუმის დეპუტატ ტატიანა ზახარენკოვასთან ერთად მოსკოვში სავაჭრო კომპლექსს ფლობს, სწავლობს და ცხოვრობს გერმანიაში.
ვიცე-პრემიერ დ. კოზაკის ოჯახი
ვიცე-პრემიერ დიმიტრი კოზაკის უფროსი ვაჟი ალექსეი 6 წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობს და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული. რამდენიმე უცხოური კომპანიის თანამფლობელი გახლავთ, ამავდროულად სახელმწიფო ჯგუფ VTB-ში მუშაობს.
უმცროსი ვაჟი ალექსანდრი Credit Suisse-ში მუშაობს. წელს გერმანიისა და აშშ-ის ხელისუფლებამ ეს შვეიცარიული ბანკი მაღალჩინოსანი კლიენტების გადასახადებისგან თავის არიდების დახმარებაში დაადანაშაულა. მიმდინარეობს გამოძიება.
დუმის დეპუტატის ა. რემეზკოვის ოჯახი
რემეზკოვის უფროსმა ვაჟმა, სტეპანმა, ახლახან ველი ფორჯის (პენსილვანია) მილიტერ-კოლეჯი დაამთავრა (სწავლის საფასური - 1 295 761 რუბლი წელიწადში). დეპუტატის შვილი ამერიკის ჯარის ოფიცრების პროგრამის მიხედვით სწავლობდა. შემდეგ სტეპანმა კერძო უნივერსიტეტ ჰოფსტრაში (ჰემპსტედი, ნიუ იორკის შტატი) ჩააბარა. მეორე ვაჟი, ნიკოლაი დიდ ბრიტანეთში, კერძო სკოლა მალვერნ კოლეჯში სწავლობს. უმცროსი ქალიშვილი კი ვენაში ცხოვრობს, ტანმოვარჯიშეა. მაშა რემეზკოვა ლუბლიანაში მოზარდთა შეჯიბრზე ავსტრიის ნაკრებს წარმოადგენდა.
დეპუტატ ვ. ფეტისოვის ოჯახი
ფეტისოვის ქალიშვილი ამერიკაში ცხოვრობდა და სწავლობდა. რუსულად წერა-კითხვა არ იცის.
პ. ასტახოვის ოჯახი
ბავშვთა უფლებების დამცველის, პაველ ასტახოვის უფროსი ვაჟი ოქსფორდში და ნიუ იორკის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა. უმცროსი შვილი კი საფრანგეთში დაიბადა.
დუმის დეპუტატის ე. მირზულინას ოჯახი
ტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებების მთავარი დამცველის, ელენა მირზულინას ვაჟმა ნიკოლაიმ ოქსფორდი დაამთავრა, შემდეგ კი ტოლერანტულ ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია. მუშაობს საერთაშორისო იურიდიულ ფირმაში Mayer Brown.
ა. ფურსენკოს ოჯახი
რუსეთის განათლების ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, რომ მისი შვილები საზღვარგარეთ სწავლობდნენ. ამჟამად ფურსენკოს უფროსი ვაჟი აშშ-ში ცხოვრობს. გავრცელდა ჭორი, რომ ახლახან მან დეპუტატ მირზულინას ვაჟიშვილზე იქორწინა.
დუმის დეპუტატის ა. ვორონცოვის ოჯახი
კომუნისტ ვორონცოვის ქალიშვილი გერმანიაში სწავლობდა, ამჟამად იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სწავლობს მილანის უნივერსიტეტში. თავად ვორონცოვი ხმის ჩახლეჩვამდე აძაგებს დასავლეთს, ამასთან, ასობით ათას ევროს იხდის "ბინძურ" ევროპაში შვილის განათლებისთვის.
ბ. გრიზლოვის ოჯახი
დუმის ექს-სპიკერისა და პარტია "ედინაია როსიას" ერთ-ერთი ფუძემდებლის, ბორის გრიზლოვის ქალიშვილი ევგენია ტალინში ცხოვრობს, ახლახან ესტონეთის მოქალაქეობაც კი მიიღო.
ვ. ნიკონოვის ოჯახი
ფონდი "პოლიტიკა"-ს პრეზიდენტი ამერიკელი მოქალაქეებისთვის ბავშვთა შვილად აყვანის აკრძალვის კანონს აქტიურად უჭერდა მხარს. მისი შვილი ალექსეი კი ამერიკის მოქალაქე გახლავთ.
მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
AMBEBI.GE-სთვის