სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 90-იანების შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები

სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 90-იანების შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები

90-იანი წლების ქართული ესტრადა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, მართალია ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა იყო, მაგრამ ქართულ სცენაზე ყოველდღიურად ჩნდებოდნენ ახალი მომღერლები და ჯგუფები. მართავდნენ სოლო-კონცერტებს, იღებდნენ მუსიკალურ კლიპებს და ა.შ. მუსიკისმცოდნეები მათ ფონოგრამაზე სიმღერის გამო აკრიტიკებდნენ, არ მოსწონდათ ის მიმდინარეობა, რასაც მღეროდნენ, მაგრამ ხალხის დიდი სიყვარული ჰქონდათ, რაზეც შევსებული საკონცერტო დარბაზები მეტყველებდა. ბევრი მომღერალი, რომელიც სცენაზე სწორედ 90-იან წლებში გამოჩნდა, დღესაც აგრძელებს სიმღერას, ბევრი მათგანი კი სცენას ჩამოშორდა. ვინ რას აკეთებს ახლა და სად ცხოვრობენ 90-იანების ვარსკვლავები, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ჯგუფი "სეთი"

სამი მშვენიერი გოგონასგან შექმნილმა ტრიომ "სეთი", პოპულარობა გამოჩენისთანავე მოიპოვა. გოგონები სცენაზე თამამად ჩაცმულები გამოდიოდნენ და ენერგიულ სიმღერებს მღეროდნენ. "სეთის" თავდაპირველ შემადგენლობაში თიკა ფაცაცია, ეკა გაბიტაშვილი და სოფო მასხულია იყვნენ. ჯგუფის სახელიც სწორედ მათი ინიციალების მიხედვით შეიქმნა. გათხოვების შემდეგ თიკა ფაცაციამ ჯგუფი დატოვა, ის ნათია ნებიერიძემ ჩაანაცვლა და ჯგუფი "სეთის" სახელწოდება "ენსი" გახდა. წლების შემდეგ ჯგუფი დაიშალა. სოლისტმა ეკა გაბიტაშვილმა საოპერო კარიერა გააგრძელა და საზღვარგარეთ მოღვაწეობს, სოფო მასხულია თბილისის მერიაში მუშაობს, ნათია ნებიერიძე კი პატარა ბიჭუნას აღზრდით არის დაკავებული, ის ბიზნესმენ თემურ უგულავას ცოლის დაა. რაც შეეხება თიკა ფაცაციას, ის განაგრძობს სიმღერას და ამავე დროს ტელეწამყვანია.

ცისანა სეფიაშვილი

ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილი, ცისანა სეფიაშვილი საზოგადოებამ სიმღერით "რა უნდოდა ღრუბელს სხვა" გაიცნო, შემდეგ იყო დუეტი "ქუჩის ბიჭებთან", რომლის პრემიერაც "კომუნიკატორში" შედგა. ცისანა სეფიაშვილი იმ პერიოდის ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავი იყო. თუმცა შემდეგ სცენიდან გაუჩინარდა და ახლა იშვიათად მღერის. ის "ტოიოტას" ცენტრში მუშაობს და 4 შვილის დედაა. სცენაზე იშვიათად გამოდის. თუმცა წინასაარჩევნოდ არც პოლიტიკურ ხმაურიან განცხადებებს მორიდებია.

სოსო თოლორაია

მსახიობი, ტელეწამყვანი და შოუმენი სოსო თოლორაია ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ის ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი იყო 90-იან წლებში, თუმცა შემდეგ ამერიკაში მოუწია გამგზავრება. ამბობს, რომ ეს მძიმე სოციალურმა პირობებმა გამოიწვია. ის ცოტა ხნით თიკო სადუნიშვილზეც იყო დაქორწინებული. ამბობენ, რომ თიკოსთან დაშორება მძიმედ გადაიტანა და ქვეყნის დატოვება ამის გამოც გადაწყვიტაო. თოლორაიამ ამერიკაში იქორწინა. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ისევ ჩამოვიდა, "მაესტროზე" მუსიკალური პროექტი მიჰყავდა, თუმცა შემდეგ ისევ ამერიკაში გაემგზავრა.

ქეთი მერკვილაძე

თამამად ჩაცმული გოგონას სცენაზე გამოჩენამ, რომელიც გიტარის თანხლებით "მშვენიერ ქალს" უმღეროდა, გულგრილი არავინ დატოვა და ქეთი მერკვილაძეც თავიდანვე გახდა 90-იანი წლებს ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი. წლების შემდეგ შოუ-ბიზნესს ჩამოშორდა, მას მისი სავიზიტო სიმღერისთვის "მშვენიერ ქალს", ვინმე მაია კვატაშიძემ უჩივლა. როგორც მერკვილაძე აცხადებს, სცენიდან იმ ადამიანებმა ჩამოაშორეს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მას შემდეგ კლიპიც გადაიღო, სიმღერაც ჩაწერა, ალბომიც გამოუშვა, მაგრამ აქტიურ სასცენო საქმიანობას აღარ დაბრუნებია. ქეთი ახლა გათხოვილია, მისი მეუღლე "ფიფას" წარმომადგენელი საქართველოში, გიგა გადელიაა. ჰყავს 5 წლის შვილი და მთელ დროს მის აღზრდას ახარჯავს.

თამუნა ამონაშვილი

თამუნა ამონაშვილის კარიერა ანსამბლ "ივერიაში" დაიწყო, "ჩხიკვთა ქორწილის" მელაკუდამ, 90-იან წლებში სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, შემდეგ რეჟისორ რეზიკო არჩვაძეზე იქორწინა და ქართულ შოუ-ბიზნესს ჩამოშორდა. ის ახლა მოსკოვში ცხოვრობს და რესტორნებში მღერის.

აჩი ფურცელაძე

შოუმენი აჩი ფურცელაძე ახლა მოსკოვში ცხოვრობს. რადიოწამყვანობის პარალელურად, ფურცელაძე სიმღერითაც იყო დაკავებული. უამრავი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავდა, მაგრამ არჩევანი თამუნა მუსერიძეზე გააკეთა და დაქორწინდა, თუმცა მალე დაშორდნენ. 2007 წელს მომღერალი დააკავეს, პატიმრობაში 6 თვე გაატარა, რის შემდეგაც საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა, სადაც დაქორწინდა და, ამბობენ, კარიერაც კარგად აიწყო. აჩი თბილისში იშვიათად ჩამოდის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება