მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი პოლიტიკოსი დაიკვეხნის მილიარდერის სტატუსით.
თუ ევროპას გავიხსენებთ, თავში სილვიო ბერლუსკონი მოდის. მაგრამ ამერიკას თავისი ბერლუსკონი ჰყავს, რომელსაც მაიკლ ბლუმბერგი ჰქვია. ნამდვილი ფინანსური მაგნატი და ნიუ იორკელების საყვარელი და წარმატებული ყოფილი მერი.
მაიკლ ბლუმბერგი ბოსტონში 1942 წლის 14 თებერვალს დაიბადა. ოჯახს მცირე შემოსავალი ჰქონდა - მამა ბუღალტრად მუშაობდა, დედა კი მდივნად. სწავლის საფასურის გადასახდელად მაიკლს ავტოგასამართ სადგურზე უწევდა მუშაობა. 1964 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაამთავრა და ელექტროინჟინერიის დარგში ბაკალავრის წოდება მიიღო. 2 წლის შემდეგ კი ბლუმბერგი ჰარვარდის კურსდამთავრებული გახდა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო.
შემდეგ ბლუმბერგმა ფინანსურ კომპანიაში Salomon Brothers დაიწყო მუშაობა, სადაც წარმატებული კარიერა სწრაფად აიწყო. იგი კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდა (რისთვისაც კომპანიის აქციები მიიღო) და ინფორმაციული სისტემების ხელმძღვანელად დაინიშნა. ბლუმბერგის განყოფილებამ სრული შემართებით დაიწყო მუშაობა, თუმცა მას წარმატებით დიდხანს ტკბობამ არ მოუწია - Salomon Brothers-ისა და კომპანია Phibro-ს შერწყმა მოხდა, რის შედეგადაც ბლუმბერგი შემცირებაში მოჰყვა.
სამსახურის დაკარგვას მაიკლი დეპრესიაში არ ჩაუგდია, პირიქით, მას ახალი შესაძლებლობები გაეხსნა. იგი მიხვდა, თუ სად შეიძლებოდა დიდი ფულის შოვნა, ამისთვის საწყისი კაპიტალიც გააჩნდა - რამდენიმე მილიონ დოლარად გაყიდა კომპანიის აქციები.
ბლუმბერგის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გაეწია სხვადასხვა კომპანიებისთვის ფინანსებთან დაკავშირებული საინფორმაციო მომსახურება. ამისთვის მაიკლმა ახალი კომპანია დააარსა და მიიწვია Salomon Brothers-იდან დათხოვნილი თანამშრომლები. იმ დროისთვის ბაზრის ლიდერი სააგენტო Reuters გახლდათ, მაგრამ ბლუმბერგს ჰქონდა შესაძლებლობა, მას დასწეოდა და გაესწრო კიდეც. დგებოდა საყოველთაო კომპიუტერიზაციის ეპოქა და საჭირო იყო რევოლუცია მაქსიმალური სარგებელით გამოეყენებინა.