ბერა ივანიშვილის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ საქმიანობაში და თავისი შემოქმედებით ზოგჯერ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს. ყველაზე დამაინტრიგებელი მისი სიმღერებიდან "ავტოგოლია"... 2015 წელს ბერამ სოციალურ ქსელში "კიდევ ერთი ავტოგოლი" გაავრცელა... ვის გულისხმობს მეორე ავტოგოლში, როგორ აღნიშნა 21 წლის იუბილე, რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ბერა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
- რამდენიმე დღის წინ 21 წლის გახდით, შეძელით იმის გაკეთება, რაც გინდოდათ?
- შევძელი თუ არა, რთული ასახსნელია. ბევრად მეტის გაკეთება მინდა და კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე.
- როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?
- ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე, ჩემი გულშემატკივრებიც მოვიდნენ და ტორტი მომიტანეს. ბოლო 4-5 წელია, ასე ხდება. ასეთ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ჩემი დაბადების დღე არ მიმაჩნია ისეთ მოვლენად, რომ ხალხი შეწუხდეს. დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს გულშემატკივრებს. მათ ფანებს არ ვუწოდებ, ისინი ჩემი შორეული ახლობლები არიან. ხშირად ბევრ ახლობელზე მეტად მიდგანან გვერდით.ყოფილა დღეები, განსაკუთრებით ამერიკაში ყოფნისას, როცა ჩემები მენატრებოდა და სევდიან განწყობაზე ვიყავი, ამ დროს სწორედ მათ გზავნილებს მოუცია დიდი ძალა... დაბადების დღე ოჯახის წევრებმაც ტორტით მომილოცეს და მიმღერეს Happy birthday. დაბადების დღის საჩუქარს ახალ წელს მივიღებ...
- როგორ აღნიშნავს ივანიშვილების ოჯახი ახალ წელს? - ყოველ ახალ წელს ვიკრიბებით. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. ჩემი ძმა უტა საფრანგეთში სწავლობს, ჩემი დაიკო - ამერიკაში, ახალ წელს ყველანი ვიკრიბებით.- როდემდე რჩებით საქართველოში?
- იანვრამდე დავრჩები. პირველად ვამბობ საჯაროდ - "ნექსთის" წევრი გავხდი. ისინი იზრუნებენ ჩემს იმიჯზე, განვითარებაზე... პარიზში "ფეშენ ვიკზე" ვიყავი ნეშ გრიერთან ერთად, სწორედ ამის შემდეგ დამიკავშირდა "ნექსთის" წარმომადგენლობა და გავაფორმეთ კონტრაქტი ამ წარმატებულ სააგენტოსთან.