ISIS-ს ბოევიკი, რომელიც ქურთ ჯარისკაცებს ჩაუვარდათ ტყვედ, ამბობს, რომ თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციას ახალი წევრების გადაბირების საქმეში ეხმარებოდა და ბოევიკებს საკვებით ამარაგებდა.
ტყვე 31 წლის ტუნისის მოქალაქე კერიმ ამარია, რომელიც ჯიჰადისტების რიგებში 2013 წელს გაწევრიანდა. ”ტუნისიდან ლიბანში ჩამოვედი, იქიდან კი თვითმფრინავით თურქეთში ჩავფრინდი. შემდეგ არალეგალურად გადავკვეთე თურქეთის საზღვარი და სირიის ტერიტორიაზე აღმოვჩნდი”, - ყვება ბოევიკი.
სირიაში მან 15-დღიანი საომარი წვრთნა გაიარა. მოგვიანებით ალეპოს უბანში ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა და სირიელ გოგონაზე დაქორწინდა. ერთი წლის განმავლობაში ამარი ერაყის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა რამადიში, შემდეგ სირიაში დაბრუნდა, სადაც თავისუფალი სირიის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა, 2015 წელს კი ტყვედ ჩავარდა.
”გაქცევა მოვახერხე, მაგრამ გზა ამებნა. როდესაც თურქეთის საზღვარს მივუახლოვდი, ადგილობრივი გამომეხმაურა. ვუთხარი, რომ ქურთების სახალხო თავდაცვის ჯგუფიდან ვიყავი. იმ კაცმა სახლში წამიყვანა და დამაპურა. შემდეგ მასთან ქურთი ჯარისკაცები მოვიდნენ. მიხვდნენ, რომ მათიანი არ ვიყავი და დამაკავეს. კობანიში მხოლოდ ერთი კვირა გავატარე. იმ რაიონში ჩემს გარდა ISIS-ს 8 წევრი იმყოფებოდა, მათგან 6 - თურქია”, - აცხადებს ბოევიკი.
მისივე თქმით, თურქეთი უადვილებდა "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი წევრების გადაბირების საქმეს. ”რაც ისლამურ სახელმწიფოში გავწევრიანდი, ერთხელ არ მსმენია, რომ თურქი ჯარისკაცებისგან რაიმე სახის წინააღმდეგობა ყოფილიყოს ახალი წევრების მიღების თაობაზე. პირიქით, ხშირად მიდიოდა საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთი ძალიან აფასებდა ისლამურ სახელმწიფოს და აქტიურად ეხმარებოდა მას”, - ირწმუნება ტერორისტი.
მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფო" თურქეთს მაზუთით ამარაგებს და მისგან საკვებ პროდუქტებს იღებს.
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.