ლიბიაში ტერაქტის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია "ალ-არაბია" იტყობინება, აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ზლიტენში, პოლიციის საწვრთნელი ბანაკის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს ცენტრის ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა.
ლიბიაში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის მარტინ კობლერის ინფორმაციით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელმაც დანაღმული სატვირთო მანქანა ააფეთქა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა საწვრთნელი ბანაკიდან 60 კილომეტრის სიშორეზე ისმოდა.
ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.