პარიზის გუტ დორის გარეუბანში მამაკაცი მოკლეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადა. როგორც "ბიბისი" ფრანგულ ტელეკომპანია I-tele-ზე დაყრდნობით იტყობინება, დანით შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შეჭრას ცდილობდა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა მოკლეს.
სააგენტო "როიტერი" საფრანგეთის შსს-ს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცს სავარაუდოდ, ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა და თავდასხმის დროს ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდა.
ბოროტმოქმედი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
გუტ დორი პარიზის ჩრდილოეთში მდებარე ღარიბი რაიონია, სადაც ძირითადად, იმიგრანტები ცხოვრობენ.
"ბიბისი" აღნიშნავს, რომ შემთხვევა ფრანგული სატირული გამოცემა "შარლი ებდოზე" თავდასხმიდან წლისთავზე მოხდა.