ევროპა გავლენიან და ეკონომიკურად განვითარებულ არაერთ ქვეყანას აერთიანებს, თუმცა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ 50 ადამიანს შორის ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ რვა მილიარდერია.
მათმა დიდმა ნაწილმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. "ბიზნეს ინსაიდერი" ყველაზე მდიდარი ევროპელების რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგში პირველ ადგილს მსოფლიოში ტანსაცმელის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანია Inditex-ის მფლობელი, ესპანელი ამანსიო ორტეგა იკავებს, რომლის ქონება 66.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია "ინდიტექსი" აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Zara, Bershka, Stradivarius, Pull and Bear და Massimo Dutti. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 60 000-ზე მეტი მაღაზია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორტეგა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, იგი კვლავ უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მილიარდერი თავის თანამშრომლებთან ერთად კომპანიის კაფეტერიაში საუზმობს.
რეიტინგში მეორეა კომპანია IKEA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ინგვარ კამპრადი, რომლის ქონება 39.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 89 წლის შვედმა მილიარდერმა IKEA 17 წლის ასაკში დააფუძნა. კამპრადი ყველაზე ხელმომჭირნე მილიარდერის სახელითაა ცნობილი. რამდენიმე მილიარდიანი ქონების მიუხედავად, დღემდე იაფი სასტუმროებით სარგებლობს და გადაადგილდება "ვოლვოს" მარკის ავტომობილით, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ჰყავს. თუმცა კამპრადი ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერია, რომელიც ხშირად რიცხავს თანხას ბავშვთა უფლებების ბრძოლისთვის, გარემოს დაცვის, განათლების განვითარებისა და სამედიცინო კვლევებისთვის. რიგით მეორე ყველაზე მდიდარ ევროპელს ცხოვრების მანძილზე ქველმოქმედებისთვის 300 მილიონი დოლარი აქვს გადარიცხული.
მესამე ადგილს ყველაზე მდიდარ ევროპელებს შორის ლილიან ბეტანკური იკავებს, რომლის ბიზნესი კოსმეტიკას უკავშირდება. 93 წლის ბეტანკურმა სიცოცხლის მანძილზე 29 მილიარდი დოლარის დაგროვება შეძლო. ლილიან ბეტანკური კოსმეტიკური კომპანია "ლორეალის" მემკვიდრე და ყველაზე მსხვილი მეწილეა. ბეტანკური ევროპაში პირველი, ხოლო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქალია. "ლორეალის" მფლობელი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერიცაა. მის კოლექციაში პიკასოს, მატისისა და მუნკის ნაშრომები შედის.