5 წლის ავღანელი მურთაზა მესის პირადად შეხვდება

5 წლის ავღანელი მურთაზა მესის პირადად შეხვდება

5 წლის ავღანელი მურთაზა, რომელიც ბოლო კვირეებში მსოფლიო ინტერნეტსენსაციად იქცა, მესის პირადად შეხვდება. ფოტომ, რომელზეც ბავშვს სპორტული მაისურის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკი აცვია, მელნით მიწერილი ფეხბურთელის გვარითა და ნომრით, ყველა დასავლური გამოცემის გვერდები მოიარა. სოციალურ მედიაში კამპანიამ შედეგი გამოიღო - ავღანელი ბიჭუნა მალე თავის კერპს შეხვდება. ამის შესახებ ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს. ფედერაციას მესის აგენტები და "ბარსელონას" მენეჯმენტი დაუკავშირდა და დაუდასტურეს ფეხბურთის ვარსკვლავის სურვილი, შეხვდეს პატარა ფანს.

ბოლო დღეების მანძილზე ბიჭს ფედერაცია "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელთან შესახვედრად ამზადებს. ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ჯერ ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა ირწმუნებიან, რომ არსებობს დიდი შანსი, ბიჭი ესპანეთში გააგზავნონ საკუთარ გმირთან შესახვედრად. ამასთან, ფედერაციის პრესსპიკერის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბიჭმა ერთ დღეს ადგილობრივ ნაკრებში ითამაშოს. "მიყვარს მესი და ფეხბურთი. მინდა ერთ დღეს მასავით ვითამაშო", - უთხრა ინტერვიუში Al Jazeera-ს მურთაზამ.

პოლიეთილენის პარკისგან დამზადებული ხელნაკეთი მაისურის ავტორი მურთაზას უფროსი ძმა ჰომაუნია: "ჩვენს ოჯახს არ აქვს საშუალება, იყიდოს მესის ნამდვილი მაისური. ერთ დღეს ჩემმა ძმამ პარკი იპოვა, ჩემთან მოირბინა და მითხრა, მაისური გამეკეთებინა მისთვის. მხოლოდ ის მოვახერხეთ მისთვის, რომ ხელნაკეთი მაისურით გაგვებედნიერებინა".

მომზადებულია newsweek.com-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა