ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ XX საუკუნის თაღლითების მეფედ ცნობილი ამერიკელი აფერისტი ჯოზეფ უეილი ციხეში ანდა პოლიციელის ტყვიით კი არ დაიღუპებოდა, არამედ, ას წელს გადაცილებული, უსახლკაროთა თავშესაფარში დალევდა სულს.
განსაკუთრებული გონიერებით გამორჩეულ უეილს თაღლითისთვის აუცილებელი ყველა სხვა თვისებაც - ფანტაზია, გამძლეობა, გაბედულება და თითოეული ნაბიჯის სწორად გათვლის უნარი იმდენად კარგად ჰქონდა განვითარებული და ფსიქოლოგიაშიც ისე სიღრმისეულად ერკვეოდა, რომ ადამიანები მას საკუთარ ფულსა თუ სხვა ქონებას სრულიად ნებაყოფლობით და ხშირად სიხარულითაც კი უთმობდნენ.
1875 წელს დაბადებულმა უეილმა ავანტიურისტისა და მატყუარის თვისებები ძალიან ადრე გამოამჟღავნა. ჯოზეფი ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭუნა იყო, რომ ბეც (თანაც - როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) ფერმერებს ოქროსფრად შეღებილჩარჩოიან სათვალეებს ოქროსად სრულიად უმტკივნეულოდ ასაღებდა და რეალურ ღირებულებაზე ოცჯერ მეტ თანხასაც სულ ღიღინ-ღიღინით ახდევინებდა. "ოქროს" სათვალეების შემდეგ მუცლის ჭიების "ჯადოსნური" წამლის ჯერი დადგა. ჯოზეფმა წამალი თვითონ დაამზადა და მისი დახმარებით, მართალია, ჭიებს ვერაფრით, მაგრამ სურდოს კი რატომღაც შესანიშნავად გაუმკლავდა. "მცირეოდენი ცდომილების" მიუხედავად, აფერისტი საკუთარი "გამოგონებით" მაინც ძალიან კმაყოფილი დარჩა და მის გასაღებასაც თავადვე შეუდგა.
მიუხედავად იმისა, რომ "ჯადოსნური" წამალი მშვენივრად იყიდებოდა, უეილს მაინც მოსვენება ჰქონდა დაკარგული, რადგან თავში გამუდმებით ფულის გამოძალვის სულ ახალ-ახალ გზებზე ფიქრი უტრიალებდა. თანაც, ფიქრი მხოლოდ ფიქრად არასდროს რჩებოდა და მალე თაღლითმა ადამიანების მოტყუების იმდენ გზასა და საშუალებას მიაგნო თუ თავადვე მოიგონა, რომ ბოლოს და ბოლოს, პოლიციის ყურადღების არეშიც მოექცა.
პოლიციელს, რომელსაც ჯოზეფ უეილის უშუალო "მეურვეობა" დაევალა, ფრედ ბაკმინსტერი ერქვა და ჩიკაგოს პოლიციის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილებაში მუშაობდა. პოლიციელი უეილს სულ რამდენიმე დღე უთვალთვალებდა, სანამ ბედი გაუღიმებდა და თაღლითს ფაქტზე აიყვანდა. თუმცა, ყოჩაღ ბაკმინსტერს არათუ ჯოზეფ უიელი არ მიუყვანია პოლიციის განყოფილებაში, არამედ იქ თავადაც აღარასოდეს გამოჩენილა. ამის მიზეზი კი 8 ათასი დოლარი გახდა, რომელიც კანონის დამცველს ჯოზეფმა ქრთამად გადაუხადა და თან ისიც დასძინა, - ეს მხოლოდ ჩემი დილის "ამონაგებია" და თუ მხარში ამომიდგები, შენც გვარიანად გახეირებო...
XX საუკუნის დასაწყისში 8 ათასი დოლარი უზარმაზარი თანხა იყო და ბაკმინსტერმაც ცდუნებას ვერაფრით გაუძლო. იმ დღიდან მოყოლებული უეილ-ბაკმინსტერის მოუხელთებელი წყვილი იმდენ და ისეთ უბრწყინვალეს აფერას ახორციელებდა, რომ მათი სახელები დანაშაულის ისტორიის "სკივრებშიც" კი შეიტანეს. მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც, ამ აფერისტების მიერ ერთ-ერთ ბანკში მოწყობილი ერთსაათიანი "სპექტაკლი" იყო, რომელიც იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ შემდგომში ამაზე ფილმიც კი გადაიღეს.
იმ პერიოდში უეილი და ბაკმინსტერი არარსებული მიწების გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი და ამას იმდენად ოსტატურად აკეთებდნენ, რომ მათ ხაფანგში ერთხელ თვით ბენიტო მუსოლინიც კი გაება. თუმცა, ზემოთ ნახსენებ ერთსაათიან "სპექტაკლს" სულ სხვა გაბრიყვებული გმირი - კანადელი მილიონერი ჰყავდა, რომელსაც ბაკმინსტერმა "საიდუმლოდ" გაანდო, - ბანკის მეპატრონე ნავთობით მდიდარ მიწას მეოთხედ ფასად ერთადერთი - ნაღდი ფულის გადახდის პირობით ყიდისო. მილიონერს პირობა ჭკუაში დაუჯდა, რადგან ამ გზით, გადასახადების გადახდისთვის თავის არიდებას ბევრად უფრო იოლად მოახერხებდა და ამიტომაც, მიწის მფლობელთან შეხვედრას მაშინვე დათანხმდა. ადგილზე ჩასულ კანადელს "ლინკოლნი" დაახვედრეს და ისე მიაბრძანეს ბანკში, სადაც ცხოვრება ჩქეფდა და გადმოჩქეფდა: შესასვლელში დაცვა ფხიზლობდა, სალაროებთან რიგები გაჭიმულიყო, თანამშრომლები კლიენტებს საბუთებს უფორმებდნენ ან საერთო დარბაზში ზედმიწევნით საქმიანად დაფუსფუსებდნენ. მილიონერი მთელი საათი ელოდა მეპატრონეს და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ბანკში ფულის არნახული მოჭარბების გამო დაცვის გაძლიერებაზე ლაპარაკი თუ ესმოდა. ამის შემდეგ, როგორც იქნა, უეილიც გამოჩნდა, რომელიც მილიონერს ძალიან ცივად მიესალმა და მაშინვე მის კუთვნილ მიწაზე ნავთობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები აუფრიალა ცხვირწინ. დოკუმენტების ნახვის შემდეგ მილიონერი თანხის გადახდისთვის უკვე საბოლოოდ მზად იყო, მაგრამ საქმეში ახლა უკვე ბაკმინსტერი ჩაერთო და ერთხანს გაჯიუტებულ უეილს საბოლოოდ, ხუთასის ნაცვლად, ოთხასი ათას დოლარად დაათმობინა მიწა. მილიონერმა ფული მაშინვე გადაიხადა და საოცრად კმაყოფილი გაემგზავრა სამშობლოში. მაგრამ აფერა მალევე გამომჟღავნდა და საბრალო კანადელიც პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. განაგრძეთ კითხვა