მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა დმიტრი ტარასოვმა სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან" მატჩის წაგების შემდეგ, მოედანზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გაიარა.
მატჩი თურქული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ტარასოვმა გუნდის ფორმა გაიხადა და მაისური გამოაჩინა, რომელზეც პუტინი იყო გამოსახული წარწერით: "ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი".
"ის ჩემი პრეზიდენტია. მე მას პატივს ვცემ და გადავწყვიტე, მეჩვენებინა, რომ ყველგან მის გვერდით ვარ და მხარს ვუჭერ. ამ მაისურზე ყველაფერი წერია, რისი თქმაც მინდოდა", - თქვა ტარასოვმა.
რუსული მედიის ცნობით, ასეთი ქმედების გამო დმიტრი ტარასოვი შესაძლოა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ და შესაძლოა, სანქციები ასევე "ლოკომოტივსაც" შეეხოს.
უეფა-ს დისციპლინარული რეგლამენტის თანახმად, "ნებისმიერი იდეოლოგიური, პოლიტიკური და რელიგიური ფორმით პროპაგანდა აკრძალულია". შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ამჟამად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობაა, მას შემდეგ, რაც თურქულმა გამანადგურებელმა თურქეთის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის გამო რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.