"მელოტი მომღერალი ქალი" - ნანა შონიას პროფესიული ცხოვრება

"მელოტი მომღერალი ქალი" - ნანა შონიას პროფესიული ცხოვრება

"მელოტი მომღერალი ქალი" - ეჟენ იონესკოს პიესაა, რომელიც ზურაბ გეწაძემ თუმანიშვილის თეატრში დადგა და უკვე მერვე წელია, რეპერტუარშია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნანა შონია, თემო ნატროშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, მაია გელოვანი და გიორგი ნაკაშიძე. დადგმა ყოველდღიური მონოტონური ერთფეროვნების გამოცოცხლების მცდელობასა და უაზრო წვრილმანებზე გამოკიდებულ ადამიანთა ხასიათზე ერთადერთი დეკორაციის - წითელი ტახტის ირგვლივ თამაშდება.

ვინც პიესას არ იცნობს, ალბათ ამ ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მსვლელობისას სცენაზე მელოტი მომღერალი ქალის გამოჩენას ელის, მაგრამ "აბსურდის თეატრის" სპეციფიკა ვისაც მოეხსენება, ის რამდენიმე წუთში ხვდება, რომ სათაურს არავითარი კავშირი არ აქვს იმ ყველაფერთან, რასაც უყურებს, - ეს ჟანრის თავისებურებაა...

ნანა შონია:

- "მელოტი მომღერალი ქალი" 8 წლის წინ დაიდგა და ამ ხნის განმავლობაში ყოველი სპექტაკლის წინ, რეპეტიცია გვაქვს. ეს ძალიან მომწონს. არც ერთ თეატრში მსგავსი რამ არ მქონია. სპექტაკლის წინ რეპეტიცია - რეჟისორის ინიციატივაა. თავადაც ყველაფერს გადადებს ხოლმე იმისთვის, მსახიობები რომ შევიკრიბოთ და რეპეტიცია გავიაროთ. მოგეხსენებათ, ზურა გეწაძე მსახიობია. ის სკრუპულოზურად მუშაობს. ეს მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა.

- როგორია თქვენი ხალათში ჩაცმული პერსონაჟი "მელოტი მომღერალი ქალიდან"?

- მიჭირს დახასიათება და არც მიყვარს. ცვალებადი პერსონაჟია, ზოგჯერ ძალიან ენერგიული და ეგზალტირებული, ზოგჯერ - ნაკლებად. ამას სპეციალურად არ ვაკეთებ. სახეცვლილებას ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე განიცდის, მათ შორის - მაყურებლის გამოც: ზოგჯერ მაყურებელი სპექტაკლს ძალზე კომიკურად აღიქვამს და ასეთ დროს იძულებული ვარ, დრამისკენ წავიყვანო. თუ ვატყობ, რომ მაყურებელი სერიოზულია, მაშინ ვცდილობ, პერსონაჟს მსუბუქი შტრიხები შევმატო. ვინაიდან ეს აბსურდია, თავისუფალი ხარ, მიდი და იცურავე!.. საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს ჟანრი, მსახიობისთვის ყოველთვის სასურველი სამუშაოა. მაყურებელი ალბათ, სცენაზე მელოტი მომღერალი ქალის გამოჩენას ელოდება. სხვათა შორის, როცა მეკითხებიან, - დღეს რა სპექტაკლი გაქვსო? - და ვპასუხებ - "მელოტი მომღერალი ქალი", - გაოცებული მეკითხებიან, - ახლა არ მითხრა, რომ მელოტ მომღერალს შენ თამაშობო!.. ჩემი თმიდან გამომდინარე, ყველას უკვირს და ეცინება ამაზე. მე კი ვუხსნი, რომ არც მელოტ მომღერალ ქალს ვთამაშობ და, უფრო მეტიც, ეს პერსონაჟი საერთოდ არც არის სპექტაკლში.

- პროფესიული თვალსაზრისით, წლების განმავლობაში რა იცვლება? სცენაზე უფრო მეტად თავისუფალი ხდებით თუ პირიქით - პასუხისმგებლობა მატულობს?

- ორივე. პასუხისმგებლობა უდიდესია. მინახავს ძალიან მაგარი მსახიობები, რომლებიც ამა თუ იმ როლის თამაშს ძალიან ფრთხილად ეკიდებიან. უარიც უთქვამთ, იმის გამო, რომ ახალი შეთავაზება, წინათ ნათამაშებ როლებთან შედარებით, ისეთივე მაღალი დონის არ იყო და არ სურდათ, თამასა დაეწიათ. რაც უფრო უკეთ თამაშობ და რაც მეტად წარმატებულია როლი, მომდევნო წინადადებაზე დათანხმებისას შიში მით უფრო გიპყრობს.

- თავად გითქვამთ რომელიმე როლზე უარი?

- როგორ არა?! არ შეიძლება, როლს დათანხმდე და მერე შუა გზაზე მიატოვო. ერთი-ორჯერ ასეთი რამ გავაკეთე, როცა მივხვდი, რომ არაფერი გამომივიდოდა და პერსონაჟი არ შედგებოდა. მართალია, საკუთარ თავზე გავბრაზდი, მაგრამ ჯობია, ეს დროულად გააკეთო. მას შემდეგ ყოველთვის ვერიდები

ასეთ გაუგებრობას და თავიდანვე ბევრს ვფიქრობ, გადავდგა თუ არა ეს ნაბიჯი.

- წლებია უკვე, სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებელს აფრთხილებენ, გამორთონ მობილური ტელეფონები, მაგრამ წარმოდგენის მიმდინარეობის დროს აქა-იქ მაინც ისმის ზარი. რამდენად მოქმედებს ეს თქვენზე?

- რა თქმა უნდა, მოქმედებს. როცა ამ სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში ზარი ისმის, ხმამაღლა ვიწყებ ხოლმე ლაპარაკს. ეს ისეთი ჟანრია, შეიძლება, სიტუაციიდან გამოხვიდე და შენი ქმედება გაამართლო, მაგრამ ამავეს ვერ გააკეთებ სხვა შემთხვევაში, მაგალითად - "ბერნარდა ალბას სახლის" დროს, რომლის სიუჟეტი საკმაოდ დაძაბულია და ორკაციანი სცენის მსვლელობისას ვიღაცის ტელეფონი რომ დარეკავს, "დიმპიტაური" მელოდიით, არ იცი, რა უნდა ქნა. მახსოვს, ერთხელ, მაყურებლის ტელეფონმა რომ დარეკა, ჩემი მეგობარი კოლეგა სცენიდან გაეხუმრა, - გამორთე ტელეფონი ანდა მომეციო. თითქოს ეს რეპლიკა სპექტაკლში "ჩაჯდა"... მერე ჩვეულებრივად გააგრძელა თამაში. მაგრამ ეს ბევრს არ შეუძლია და არც ყველა დრამატურგიული მასალა იძლევა ამის საშუალებას. ასეთი რამ ზოგჯერ, როგორც მსახიობს, ძალიან "გაფუჭებს". შეიძლება, საერთოდ მოგშალოს.

- ორი დასახელებულის გარდა, თუმანიშვილის თეატრში კიდევ რამდენ სპექტაკლში მონაწილეობთ?

- "შვიდი პატარა პიესა", "ჩიტის მოტანილი ამბავი" და "ჰელადოს". ეს უკანასკნელი, გოგა პიპინაშვილმა დადგა. "არტ-ჰოლის" ბავშვებთან ერთად, მასში გოგა და მე ვმონაწილეობთ. "ჰელადოსში" სამი როლი მაქვს. რთულია, მაგრამ ძალიან მიყვარს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი მასალაა, - ნოდარ დუმბაძე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია, - მეორეც: ბავშვებთან ურთიერთობა და მათთან თამაში, ხოლო მესამე: გოგა პიპინაშვილი სცენაზე - ეს ხომ ცალკე თემა და დიდი ბედნიერებაა. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი კოლეგები მყავს. ამას წინათ სპექტაკლის მსვლელობისას, ასე ვთქვათ, დაგეგმილზე ცოტა მეტი სიცილი გამომივიდა, რასაც უნდა მოჰყოლოდა ვანიკო თარხნიშვილის ტექსტი. ვანიკო ისე ზუსტად აჰყვა ჩემს ემოციას და, როგორც რუსები იტყვიან, "პადიგრალ", რომ ეს იყო ცალკე სანახაობა და პირადად მე დიდი სიამოვნება მივიღე. მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა, როცა სცენაზე ასეთი პარტნიორები გყავს.

- კინოკამერა გენატრებათ?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება