"ეს მონოსპექტალი კოტე თოლორდავას უნდა ეთამაშა" - წარმოდგენა, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობის ხსოვნას მიეძღვნა

"ეს მონოსპექტალი კოტე თოლორდავას უნდა ეთამაშა" - წარმოდგენა, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობის ხსოვნას მიეძღვნა

მოზარდმაყურებელთა თეატრში ექსპერიმენტული სცენისთვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა - დიმიტრი ხვთისიაშვილმა სპექტაკლი - "ღამე და თუთიყუში" დადგა, რომლის სპეციალური ჩვენება თეატრმცოდნეებისთვის და ჟურნალისტებისთვის ორი დღის წინ შედგა. პრემიერა 9 მარტს არის დაგეგმილი.

"ღამე და თუთიყუში" თამაზ ბაძაღუას უკანასკნელი პიესაა. ის პირველად 2001 წელს "ერთი მსახიობის თეატრში" ბატონმა დიმიტრიმ დადგა, რომელშიც მსახიობი დუტა სხირტლაძე თამაშობდა.

დიმიტრი ხვთისიაშვილის ახალ ვერსიაში კი მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი - ნიკა ფაიქრიძე თამაშობს და როგორც ამბობენ, ეს მისთვის სრულიად ახალი ამპლუაა.

"დაკარგული თაობის" პერსონაჟი მოგვითხრობს, თუ როგორ და რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და იქამდე დაეცა, რომ ყოველდღე უნდა მოკლას "ვირთხებად" ქცეული მტერი, რითაც არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე იძიებს შურს, არამედ საკუთარი "ღირსების აღდგენასაც" ცდილობს.

სპექტაკლში გამოყენებულია მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ესკიზები, ნუგზარ შიუკაშვილისა და თავად ნიკა ფაიქრიძის ლექსები. სპექტაკლი მუსიკალურად ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა.

მნიშვნელოვანია, რომ მონოსპექტაკლი მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნას ეძღვნება. სამწუხაროდ, ამ პიესის თამაში მან ვერ მოასწრო (არადა, რეჟისორს სწორედ მისთვის ჰქონდა როლი შეთავაზებული, ისიც თანახმა იყო, ამ ფსიქოლოგიურ დრამაში ძალები მოესინჯა)...

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- საერთოდ, ჩემ მიერ დადგმულ წარმოდგენებს აღარ ვუბრუნდები, მაგრამ შარშან ამ სპექტაკლის დადგმისკენ, ერთმა ამბავმა მიბიძგა და კოტე თოლორდავას გავაცანი ეს პიესა. მოეწონა, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა... სიმართლე გითხრათ, აღარ ვაპირებდი მისკენ მიბრუნებას. მაგრამ ისევ რაღაც ფაქტის გამო დავიწყე ამ პიესაზე მუშაობა...

- რატომ შეარჩიეთ ნიკა ფაიქრიძე ამ როლისთვის?

- ის ჩვენი დასის ერთ-ერთი კარგი მსახიობია. მან ჩვენს თეატრში რომეო ითამაშა "რომეო და ჯულიეტაში", "ჯუჯა ცხვირი", სოსოია და მერე იხუმრა, ამაზე რთული რაღა უნდა იყოსო? დიახ, ახალგაზრდა ასაკში უნდა გადაილახოს ასეთი სერიოზული როლები. თან, მისთვის ამ როლის შეთავაზებაში დამეხმარა ის, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ამისკენ მიბიძგა, მაგრამ ის საჯაროდ გამოსატანი თემა არ არის. ნიკას რაღაც საკითხის მიმართ დისკომფორტი და პროტესტი ჰქონდა. მერე შევხვდი კიდეც, რაზე საუბარიც ჩემთან გაუჭირდა. თუმცა იმ შეხვედრიდან, ზუსტად 5 წუთში გადავწყვიტე, რომ ამ როლს ნიკა ითამაშებდა.

მე თვითონ წავუკითხე პიესა. მოეწონა, მაგრამ არ მითქვამს, რომ როლზე აგიყვან-მეთქი. სამი დღის შემდეგ რეპეტიციაზე გამოვიძახე... ამ სპექტაკლზე მუშაობას თებერვალი მიეძღვნა.

- ისე, ნიკა ცოტა ახალგაზრდა ხომ არ არის ამ როლისთვის?

- 26-ის ხდება, მისი გმირი კი 27 წლის არის. დუტამაც 26 წლისამ ითამაშა ეს როლი, თუმცა მას იმ ასაკში ცხოვრების მეტი გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე ნიკას აქვს. კი, იყო ეს პრობლემა, მაგრამ ნიკამ დაძლია.

- ლექსები, რომელსაც მსახიობი სპექტაკლში კითხულობს, თავისი დაწერილი ყოფილა.

- დიახ, თვითონ ნიკუშას ლექსებია და ვფიქრობ, ძალიან უხდება. სხვათა შორის, იმ სპექტაკლში ლექსები დუტას ეკუთვნოდა. მუშაობის პროცესში ყველანი ვპოეტობთ ხოლმე. აქედან გამომდინარე, მინდოდა, რომ მათ გაერითმათ რაღაც. მე მომწოს ნიკას ლექსები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება