საოჯახო ბიზნესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების გავრცელებული ფორმაა. ბევრი კომპანია თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა, ზოგი მის მართვას წარმატებით ართმევს თავს, ზოგიც - ვერ. ჩვენ რამდენიმე ცნობილი საოჯახო ბიზნესის ისტორია გვინდა გაგაცნოთ.
Salvatore Ferragamo
სალვატორე ფერაგამო ღარიბი იტალიელების ოჯახში 1898 წელს დაიბადა. სალვატორე მე-11 იყო 14 შვილიდან, ფეხსაცმელს მის ოჯახში ბავშვები მხოლოდ დღესასწაულებზე იცვამდნენ. ბიჭუნა მეწაღეობაზე ოცნებობდა და უკვე 9 წლის ასაკში თავისი დისთვის შექმნა ფეხსაცმელი, 2 წლის შემდეგ კი ნეაპოლის საუკეთესო მეწაღესთან მოეწყო დამხმარედ. მომავალი გენიოსი 15 წლის იყო, როდესაც ამერიკაში ძმასთან ერთად გაემგზავრა ფეხსაცმლის ფაბრიკაში სამუშაოდ, 10 წლის შემდეგ კი მეორე ძმასთან, სანტა-ბარბარაში გადავიდა საცხოვრებლად, ფეხსაცმლის ფარდულში სამუშაოდ.
სალვატორე ოცნებობდა, რომ ფეხსაცმელი მაქსიმალურად მოხერხებული ყოფილიყო. მას სწამდა, რომ არავითარ მანქანას არ ძალუძს იდეალური წყვილის შეკერვა - მხოლოდ ადამიანის ხელებს შეუძლია შედევრის შექმნა. მიუხედავად ამისა, ფერაგამო თვალს ადევნებდა სიახლეებსა და ტექნოლოგიებს, რათა ფეხსაცმლის თითოეული წყვილი მეტად დაეხვეწა.
იმ დროისთვის ცნობილმა რეჟისორმა სესილ მილმა ფერაგამოს ვესტერნისთვის 100 წყვილი კოვბოური ჩექმა შეუკვეთა. მილი შედეგით კმაყოფილი დარჩა და მთელი ფილმისთვის შეაკერინა სალვატორეს ფეხსაცმელი. კინოში აღიარების მიღების შემდეგ სალვატორე ფერაგამოს ფეხსაცმლით ყველაზე ცნობილი ადამიანები დაინტერესდნენ. 1923 წელს დიზაინერს მეტსახელად ”ვარსკვლავური მეწაღე” შეარქვეს და იგი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად.
1928 წელს დაარდა ბრენდი Salvatore Ferragamo, სადაც 60 ადამიანი მუშაობდა. დიდი დეპრესიის წლებმა ფერაგამოს საქმე ბანკროტამდე მიიყვანა, მაგრამ 1936 წელს დიზაინერმა ახალი ძალებით განაგრძო კვლავ მუშაობა. 1960 წელს ფერაგამო გარდაიცვალა, საქმე კი მეუღლეს, ვანდას დაუტოვა. მალევე მმართველობა მათ 6 შვილს გადაეცა. დღესდღეობით Salvatore Ferragamo ფეხსაცმლის გარდა, ტანსაცმელს, აქსესუარებს, პარფიუმერიასა და სამკაულს უშვებს. ბრენდს 450 ბუტიკზე მეტი აქვს მსოფლიოს მასშტაბით. Salvatore Ferragamo დღემდე ცნობილი ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად რჩება.
Benetton
1945 წელს 10 წლის ლუჩანო ბენეტონს მამა გარდაეცვალა და ოჯახში უფროსი მამაკაცის როლი ერგო. დიდი ოჯახის სარჩენად, სკოლაში სწავლის მიტოვებამ და გაზეთების დამტარებლად მუშაობამ მოუწია. ლუჩანოს 2 უმცროსი ძმა და და ჰყავდა. 14 წლის ბიჭუნა უკვე მაღაზიის გამყიდველის თანაშემწე გახდა ტრევიზოში. ერთხელ ლუჩანო სამსახურში დის მიერ მოქსოვილ
მკვეთრ ყვითელ სვიტერში გამოცხადდა და თანამშრომლებში დიდი ფურორი მოახდინა. მოზარდმა მას შემდეგ სვიტერების საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.
იტალიაში სვიტერებს, ფაქტობრივად, ყოველ ოჯახში ქსოვდნენ. თუმცა, მათ მხოლოდ პენსიონერები ატარებდნენ, ამიტომაც შალის ნაწარმი უმეტეს წილად შავი და ნაცრისფერი ფერის იყო. ახალგაზრდობას მოდურ ტანსაცმელზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა და მხოლოდ ლუჩანოს მოუვიდა აზრად, შეემოსა მოზარდები სხვადასხვა კაშკაშა ფერის ”ბაბუების სვიტერებში”.
თავიდან სვიტერებს და, ჯულიანა ქსოვდა, თუმცა შეკვეთებს ვერ აუდიოდა და ამიტომ ოჯახს საწარმოს დაქირავება და დამხმარეების აყვანა მოუწია. თავად ლუჩანო მზა პროდუქციას მაღაზიებში აბარებდა. მოთხოვნა ნაწარმზე დღითიდღე იზრდებოდა, ამიტომ ლუჩანო შოტლანდიაში - ”შალის” მოდის კანონმდებელ ქვეყანაში გაემგზავრა დასახელოვნებლად.
იტალიაში შალის დამუშავების შოტლანდიური მეთოდი ცნობილი არ იყო, ამიტომ შინ დაბრუნებულ ლუჩანოს კონკურენტების წინაშე დიდი უპირატესობა გააჩნდა. მან შოტლანდიიდან ჩამოფასებული საქსოვი მანქანები ჩამოიტანა, გახსნა საოჯახო ფირმა Benetton Group, სადაც უმცროსი ძმები ფინანსურ საკითხებს ხელმძღვანელობდნენ, ჯულიანა კი დიზაინზე იყო პასუხისმგებელი. ნაწარმი არამხოლოდ მოდური და ხარისხიანი, ხელმისაწვდომიც იყო.
ბენეტონის ფერადმა სვიტერებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ტრევიზოში, ლუჩანომ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, ჯერ მთელი იტალია, მერე კი მსოფლიო დაეპყრო.
კომპანია Benetton-ის Benetton 1967 წელს გაიხსნა, 1970 წლისთვის კი მაღაზიების რიცხვი ათასზე მეტს ითვლიდა როგორც იტალიაში, ასევე მსოფლიო მოდის დედაქალაქ პარიზში. ბენეტონმა ფრანჩაიზინგის უმარტივესი სქემა გამოიყენა: ნებისმიერს, ვისაც ბენეტონის ნაწარმის გაყიდვა სურდა, შეეძლო მიეღო ლიცენზია საკუთარი მაღაზიის გასახსნელად. რა თქმა უნდა, რიგი პირობებით: მაღაზიის ინტერიერი ბენეტონის მიერ დამტკიცებული 5 დიზაინიდან ერთ-ერთის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, მაღაზიაში მხოლოდ ბენეტონის ნაწარმის გაყიდვა შეიძლებოდა, ჩაწოლილ საქონელს კი ფირმა უკან აღარ დაიბრუნებდა. ამ სქემის წყალობით კომპანია არავითარ ფინანსურ რისკს არ სწევდა. ეს რისკები კონკრეტული მაღაზიების მხრებზე წვებოდა, რომლებიც კატალოგიდან უკვეთავდნენ საქონელს და იძენდნენ საბითუმო ფასად.
დღესდღეობით, ბენეტონების ოჯახი, რომელსაც იტალიაში სიმდიდრით მესამე ადგილი უკავია, ფულს არამხოლოდ ტანსაცმლის გაყიდვის გზით შოულობს.
უმცროსი ძმის, ჯილბერტო ბენეტონის ფინანსური წარმატებების წყალობით, რომელიც საოჯახო ჰოლდინგის Edizione მმართველია, ცნობილი ბრენდის მფლობელები ფასიანი ავტოტრასის ოპერატორის Autostrade მსხვილი აქციონერები არიან. ბენეტონებს ასევე აქვთ მსხვილი წილები გზისპირა რესტორანთა ქსელში Autogrill, კომპანიაში Pirelli და ბანკში Mediobanca.
L’Oreal
როგორც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების უმეტესობისა, L’Oreal-ის ისტორია თამამი იდეით დაიწყო, რომელიც თმის სინთეტიკური საღებავის მეშვეობით შეღებვაში მდგომარეობდა. იდეა აზრად ახალგაზრდა ფრანგ ქიმიკოს ეჟენ შულერს მოუვიდა, რომელმაც შესაბამისი საშუალება შეიმუშავა.
ეჟენმა გამოგონება საკუთარ ცოლზე გამოსცადა და მას შემდეგ, რაც საღებავმა გაამართლა, ერთ-ერთ ნაცნობ დალაქს შესთავაზა სიახლე. უჩვეულო საშუალება ძალზედ მოთხოვნადი გახდა და მალევე საღებავის მასობრივი წარმოების წამოწყება გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, წარმატებისკენ გზა იოლი არ არის, ამიტომ ეჟენს საღებავის შესაქმნელად ღამეების თენება უწევდა, დღისით კი პროდუქციას სილამაზის სალონებში აბარებდა. თავის ქმნილებას ეჟენმა L’Aureale დაარქვა, იმ დროისთვის პოპულარული ვარცხნილობის პატივსაცემად. ოდნავ შეცვლილი ვარიანტი კი მალევე ბრენდის სახელწოდება გახდა.
1934 წელს L’Oreal ისე გაფართოვდა, რომ კომპანიის Monsavon შეძენა შეძლო. ამასთან, პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა: საპონი, შამპუნი, სუნამო და ა.შ. 1939 წელს ბრენდი L’Oreal ოფიციალურად დარეგისტრირდა. კომპანიის ცენტრალური ოფისი პარიზში განთავსდა. ეჟენმა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის დრო დადგა. ასე გაიხსნა აშშ-ში L’Oreal-ის პირველი ფილიალი.
1957 წელს ბრენდის დამაარსებელი ეჟენ შულერი გარდაიცვალა, კომპანიის მმართველობა კი მის ქალიშვილს, ლილიან ბეტანკურს გადაეცა, რომელმაც იმ მომენტისთვის მშვენივრად იცოდა, თუ რა მიმართულებით უნდა ემუშავა. ახალმა ხელმძღვანელმა მფლობელობის ზონები სხვა, არანაკლებ ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების შეძენით გააფართოვა. 1964 წელს მან ფრანგული კომპანია Lancome შეიძინა, მომდევნო წელს - Garnier, რამდენიმე წლის შემდეგ კი Biotherm. 80-იან წლებში კომპანია Helena Rubinstein, Vichy და La Roche-Posay აქციების მფლობელი გახდა. 1996 წელს 786 მილიონ დოლარად შეიძინა Maybelline, 2006 წელს კი 652 მილიონ დოლარად - The Body Shop.
თანდათანობით ოჯახური მცირე საწარმო მსოფლიოს უმსხვილესი კოსმეტიკური კონცერნი გახდა. L’Oreal 500 სხვადასხვა ბრენდს, 25 კოსმეტოლოგიურ კომპანიას, 5 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 47 ქარხანას და 67 ათასი ადამიანისგან შემდგარ პერსონალს აერთიანებს.
ამჟამად კომპანიის მფლობელი ლილიან ბეტანკური ხანდაზმულობის გამო საქმეებს ჩამოშორდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, დატკბეს თავისი შრომის შედეგებით. მას საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ჟურნალ "ფორბსის" მიხედვით. ლილიანის პირადი ქონება 18,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
Samsung Group ... განაგრძეთ კითხვა