კულტურა არ არის ცხოვრების ფუფუნება, ის თავად ცხოვრებაა

კულტურა არ არის ცხოვრების ფუფუნება, ის თავად ცხოვრებაა

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამი ქვეყანა თანამედროვე ხელოვნების ენაზე კულტურის მხარდამჭერმა პროექტმა აამეტყველა. ადამიანები საერთო საქმითა და ინტერესით სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების და კულტურის პროგრამამ გააერთიანა. პროექტი 2017 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება და იგი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

"ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, ცვლიან ინფორმაციას, უყვარდებათ, ახალი იდეებით ივსებიან, ერთმანეთისგან სწავლობენ. თანამედროვე ცეკვა ხომ ძალიან ღია, ლიბერალური, მრავალი ჟანრის გამაერთიანებელი და ამავდროულად, გამორჩეული ხელოვნებაა. ქორეოგრაფიული ენის ნაზავი, რაც ამ ფესტივალზეა წარმოდგენილი, ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. სომხეთის, აზრებაიჯანისა და საქართველოს საოცრად მრავალფეროვანი და საინტერესო ტრადიციული კულტურა თითქმის ხელუხლებელი წყაროა შთაგონებისთვის, ავთენტური მასალის ორიგინალურად გამოყენებისთვის და ჯერ კიდევ უცხო ხილადაა დარჩენილი თანამედროვე ცეკვის სამყაროსთვის. ადგილის დამკვიდრებისა და საკუთარი თავის წარდგენის საუკეთესო გზა კავკასიისთვის სწორედ თანამედროვე ცეკვის ტრადიციულ კულტურასთან დაკავშირება იქნება. ეს ფესტივალი ამის საუკეთესო საშუალებაა," - წერდა ცეკვის კრიტიკოსი კატერინა ვასენინა ახალი წამოწყების შესახებ.

მოლოდინი გამართლდა: 2015 წელს თბილისში მეორედ ჩატარდა თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი, რომელიც ორი წლის წინ სამეფო უბნის თეატრში, არც ისე დიდ დარბაზში გაიხსნა. 2015 წელს კი, მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე, საფესტივალო გამოსვლებს რუსთაველის თეატრის დარბაზი დაეთმო ბევრად მეტი მონაწილითა და სტუმრით. წამოწყებიდან ცოტა ხანში შვეიცარიელმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა რომენ გიუონმა ორგანიზატორებს კავკასიაში თანამედროვე ცეკვის ელჩები უწოდა, ფესტივალს კი - უამრავი მონაწილისთვის საკუთარი თავის აღმოჩენის ინსპირაციის წყარო.

პროექტის იდეა 2012 წელს გაჩნდა. მიზეზი საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით ექსპერიმენტული ხელოვნების და თანამედროვე ცეკვის ნაკლები ხელშეწყობა იყო. ფესტივალთან ერთად ორგანიზატორებმა პროექტის პროგრამაში სამხრეთ კავკასიელი ხელოვანებისთვის სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში უცხოელი ქორეოგრაფების მასტერკლასები შეიტანეს. ყოველწლიურად რეგიონი სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს და საზღვარგარეთ ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

მარიამ ალექსიძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი: "დიდი დრო დაგვჭირდა, გაგვერღვია კლასიკური ბაზისის ჩარჩოები, რომ შექმნილიყო რაღაც ალტერნატიული და ახალი. მონაწილეები საინტერესო იდეებითა და დადგმებით სამივე ქვეყნიდან შევკრიბეთ. მახსოვს, პირველ შეხვედრაზე მონაწილეები ერთმანეთს არც კი ეკონტაქტებოდნენ. ცეკვამ ნელ-ნელა წაშალა საზღვრები, დამეგობრდნენ და ცეკვის ენაზე ალაპარაკდნენ. ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდებიან, იხვეწებიან. გვიხარია და ამაყები ვართ, როცა მათი წარმატების შესახებ ვიგებთ: ხშირად იღებენ შეთავაზებებს უცხოეთიდან და დამოუკიდებლად აგრძელებენ მუშაობას. ჩვენი მიზანიც ესაა: მივცეთ ბიძგი შემდგომი განვითარებისთვის. ცეკვის გარდა ფესტივალი ექსპერიმენტულ ხელოვნებასაც მოიცავს, რაც არანაკლებ საინტერესოა. მაგალითად, წელს პერფორმანსის ფესტივალი ჩატარდა."

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის იდეა ერთდროულად ორ ორგანიზაციაში - "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიაში" და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში დაიბადა. პროექტის დაწყებიდან ძალიან მალე დედაქალაქში ორი მოძრავი გასაშლელი პლატფორმითა და მათზე განთავსებული მცენარეებით, გრძელი სკამებით, მინიატურული ბიბლიოთეკითა და საპროექციო ეკრანით აღჭურვილი ახალგაზრდა ხელოვანები გამოჩნდნენ. "ბაღი ბორბლებზე~ ეძებდა ადგილს ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომ ის რამდენიმე საათით ბაღად ექცია და მწვანე გარემოსთან ერთად თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა შეექმნა. "ბეტონიზაციის" ტენდენციას ორგანიზაცია "კარი კუთხეზე" და ხელოვანები საინტერესო პერფორმანსებით შეებრძოლნენ. ეს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის სამხრეთ კავკასიური პროგრამის პირველი პროექტი იყო. კრეატიულ დასაწყისს სხვა არანაკლებ საინტერესო ღონისძიებები მოჰყვა: ჯავახეთში მცხოვრები დუხობორების მივიწყებული კულტურის, ყოფისა და ცხოვრების სტილის ფოტოებზე გადატანა; პროექტი "იპოვე შენი ფიროსმანი", სადაც გამოფენებმა და ექსპოზიციის გადააზრებამ თანამედროვე ხელოვნებაზე, როგორც ცოცხალ პროცესზე ბევრი კიდევ ერთხელ დააფიქრა; წყალტუბოს ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ხელოვნების საშუალებით ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში მცხოვრები ბევრი ადამიანი დაუკავშირდა; ქუთაისის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "ვენტილაცია"; ლექციებით, მასტერკლასებით, ვორკშოპებით დატვირთული ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "შოუნდსპრინგი" ბათუმში და სხვა.

"სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პროექტი აუცილებელ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი იდეების წამოწყების სფეროში. მცირე გრანტების პროგრამა კი საუკეთესო სასტარტო საშუალებაა კულტურული პროექტების განსახორციელებლად," - ამბობს ქართული ვიდეო ხელოვნების პირველი არქივის ერთ-ერთი შემქმნელი ალექსი სოსელია. ეს ონლაინ არქივიც თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პროექტია, სადაც ქართველი ხელოვანების მიერ ბოლო პერიოდში (1990 წლიდან დღემდე) შექმნილმა მოძრავი გამოსახულების ნიმუშებმა მოიყარა თავი. არქივის წარდგენას თან ახლდა გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციიდან 2 დღეში კოლექციით პომპიდუს ცენტრი დაინტერესდა, რასაც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ უამრავი გამოფენა და პრეზენტაცია მოჰყვა, მათ შორის იყო ბონის ვიდეონალეში მონაწილეობაც. სხვადასხვა ქვეყნის კურატორები მათთვის საინტერესო ვიდეოს ხშირად სწორედ ამ ონლაინ პლატფორმაზე პოულობენ და ქართველ ხელოვანებს ვიდეო გამოფენებზე იწვევენ. პროექტის შემდეგი ეტაპი კავკასიის მასშტაბით ვიდეო ხელოვნების არქივის შექმნაა, რაზეც კურატორები უკვე მუშაობენ.

თამარ ჯანაშია, "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის" ხელმძღვანელი: საქართველოში ბევრს დღემდე ხელოვნება მუზეუმში გამოფენილი ჰგონია. არადა, თანამედროვე ხელოვნება დიდი ხანია, გასცდა ჩარჩოებს და საზღვრებს. ჩვენ ვცდილობთ, პროგრამა რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ყველა პროექტი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი აფინანსებს, სხვადასხვა სფეროდანაა. სხვადასხვა კუთხეში უამრავი რამ ხდება, რასაც დედაქალაქიდან ვერ ვხედავთ. ჩვენი მიზანიც ეს არის - მოვიცვათ ყველა რეგიონი და ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. პროგრამა ოთხი მიმართულებით გავშალეთ: პირველი სოციალური პროექტებია მარგინალიზებული ჯგუფებისთვის და მას შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია "არტასფოუნდატიონი" ახორციელებს. მათი დახმარებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის აფხაზეთშიც, ბევრი საინტერესო პროექტი შედგა (მხოლოდ 2015 წელს - 43 ღონისძიება); მეორე მიმართულება თანამედროვე ცეკვის ფესტივალსა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას მოიცავს, მესამე მცირე გრანტების პროგრამას, მეოთხე კი - სამხრეთ კავკასიელი კულტურის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას. საპილოტე ფაზაში დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც სამომავლო პრიორიტეტების დასახვაში და მიმარტულებების არჩევაში დაგვეხმარა. ძირითადი ფაზის პროგრამა, რომელიც 36 თვეს გრძელდება. 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. მასში კვლავ არის ჩართული სამი ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. რეგიონული პროგრამების პრობლემა, როდესაც პროექტები ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე პრინციპით ხორციელდება, ჩვენი მიდგომებით გამოვასწორეთ. ყველა ქვეყნის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ და პრიორიტეტები მათთან შეთანხმების შემდეგ განვსაზღვრეთ. კომპონენტი, რომელიც 2016 წლის თებერვლიდან პროგრამის ძირითად ფაზას დაემატა, კულტურის მენეჯერების პროფესიული განვითარებაა, რადგან გამოცდილებამ ამის აუცილებლობა გვაჩვენა."

ოლივიე ბურკი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი: "კავკასია გამორჩეულია კულტურული მრავალფეროვნებით: მონუმენტური არქიტექტურა, ძლიერი ფოლკლორი, ოქრომჭედლობა, მხატვრობა... გამორჩეულია სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციითაც. ყველაფერს სჭირდება განვითარება და ახალი ფორმები, ამიტომ მნიშვნელოვანია ექსპერიმენტული და ტრადიციული ხელოვნების თანაარსებობა. ჩვენი ინტერესი თანამედროვე ხელოვნების მიმართ შემდეგი მიზეზებითაა განპირობებული: ტრადიციული კულტურისგან განსხვავებით, მისი წარმოჩენისთვის ნაკლები პირობაა შექმნილი. ეს უკანასკნელი განვითარების პროცესშია, გამოწვევების წინაშე დგას და ხშირად აწყდება პრობლემებს. დღეს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს გადარჩენისა და განვითარების ნაკლები საშუალება აქვთ. გვინდა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალაგაზრდებს და წინსვლისთვის ბიძგი მივცეთ. მოხარული ვიქნებით, თუ მარცვალი, რომელსაც ამ საქმეში ვდებთ, გაღვივდება და ნაყოფს გამოიღებს. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინოვაციების მხარდაჭერა, დიალოგის გზით მრავალფეროვანი კულტურისა და ხელოვნების შექმნა როგორც ქალაქად, ისე სოფლად. რეგიონის მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე, ხელოვნების და კულტურის წვლილი უმნიშვნელოვანესია ხალხთა შორის ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიცავს სოციალურ კომპონენტს და გულისხმობს მასში ისეთი შეჭირვებული ადამიანების ჩართულობას, რომლებსაც განვითარების მცირე საშუალებები აქვთ. შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის კულტურული პოლიტიკა შემდგომში მდგომარეობს: კულტურა არ არის ცხოვრების ფუფუნება, ის თავად ცხოვრებაა. კულტურა მეტად მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. მოხარული ვართ, და ამავდროულად, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელს ვუწყობთ მის გავრცელებას".

მართლია, ეს ტრადიცია არც ისე დიდი ხნისაა (ორგანიზაციის საქმიანობას საზოგადოება უფრო მეტად სოფლის მეურნეობაში მიღწეული წარმატებებით იცნობს), მაგრამ სააგენტო ამ მიმართულებითაც პიონერია. შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის მთავრობის სხვადასხვა უწყების მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული და განვითარების პროექტების მთავარი განმახორციელებელია. სააგენტოს მოღვაწეობა რეგიონში 1988 წლიდან დაიწყო (პირველი პროექტი სომხეთში სპიტაკის მიწისძვრის დროს სტიქიით დაზარალებულთა დახმარება იყო) და წლების მანძილზე ხელშესახები შედეგები მიიღო ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სტიქიური უბედურებების რისკის შემცირება, ეკონომიკური განვითარება სოფლებში, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა. ოლივიე ბურკი ფიქრობს, რომ ეკონომიკის გაძლიერებაში საკუთარ წვლილს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პროექტიც შეიტანს. საქმეში ჩადებულმა შრომამ ნაყოფი უკვე გამოიღო.

ოლივიე ბურკი: "შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის როლი და ფუნქციაა, წვლილი შეიტანოს სიღარიბის შემცირებაში, ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნაში. კულტურა და ეკონომიკა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შეგვიძლია კულტურა ეკონომიკური წინსვლისა და გაძლიერებისთვის გამოვიყენოთ. ამისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. მაგალითად, ავიღოთ ტურიზმი და ის პროექტები, რომლებიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ტურისტების მოზიდვას ეხმარება. ფესტივალებზე დასასწრებად და მასში მონაწილეობის მისაღებად ბევრი ადამიანი ჩამოდის. მთავარია, ეს პროექტები მდგრადი გახდეს, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ არსებობა."

სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პროექტის მიმდინარე ფაზა 2017 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება