"ცეკვავენ ვარსკვლავები" უძლიერესი შემადგენლობით - ინფორმაცია კულუარებიდან შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ცეკვავენ ვარსკვლავები" უძლიერესი შემადგენლობით - ინფორმაცია კულუარებიდან შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

დღეს, 4 აპრილს 22:00 საათზე მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონი გრანდიოზული შოუთი გაიხსნება. მაყურებლისთვის მონაწილეების ვინაობა პროექტის წინასაკონკურსო პრომოდან უკვე ცნობილია. სიახლე ის არის, რომ შოუს ნანკა კალატოზიშვილთან ერთად, მსახიობი კახა კინწურაშვილი გაუძღვება, რადგანაც წელს დუტა სხირტლაძეს კონკურსანტობა უწევს. შოუს წამყვანია ასევე მანიკა ასათიანი, გადაცემას კონკურსანტების ოთახიდან წაიყვანს. ჟიურის წევრები იქნებიან: გოჩა ჩერტკოევი, ნინო სუხიშვილი და ცნობილი ქორეოგრაფი, ბალერონი, პროდიუსერი - ანდრის ლიეპა.

იხილეთ შოუს პრომო

როგორც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ორგანიზატორები აცხადებენ, პროფესიონალ მოცეკვავეთა შორის საბერძნეთიდან და უკრაინიდან სპეციალურად მოწვეულ მოცეკვავეებს ვიხილავთ. რაც შეეხება კონკურსანტებს, ამ სეზონზე სიახლე ის არის, რომ შოუში ორი უცხოელი ვარსკვლავი მონაწილეობს: ერთი - სტანისლავ ბონდარენკოა, მოსკოვის აკადემიური თეატრის მსახიობი, რომელიც პოპულარული გახდა სერიალით - "დამიბრუნე ჩემი სიყვარული". მისი გმირი ამ სერიალიდან ქართველმა მაყურებელმაც განსაკუთრებულად შეიყვარა და "ვლადი" ქართველი ქალების გულთამპყრობელიცაა; მეორე - ინდოელი ტელემსახიობი - გაურავ ჩოპრაა, მას პოპულარობა საპნის ოპერამ - "ორი ბედი" მოუტანა, ის ასევე ინდური შოუს - "დიდი ჩართვა" მე-4 სეზონის წამყვანი და მენტორი გალდათ. ჩოპრა თბილისს ცოტა ხნის წინაც სტუმრობდა.

მოკლედ, ამ ორ უცხოელ მსახიობს მაყურებელი და შოუს გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდებიან. ხოლო კითხვაზე - თუ რატომ შეირჩა "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტისთვის მაინცდამაინც ეს ორი ადამიანი, შოუს შემოქმედებითი ჯგუფი ასე პასუხობს: "ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქართველ მაყურებელში და განსაკუთრებით, ქალბატონებში, ჩოპრას გამორჩეულად გულშემატკივრობენ რეგიონებში, რაც მისი მოწვევისას, შემოქმედებითმა ჯგუფმა გაითვალისწინა. თანხმობის მიღება იმაზე, რომ ამ მსახიობებს საქართველოში ცნობილ პროექტში ეცეკვათ, არც ისე მარტივი იყო, ვინაიდან საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ. მაგრამ რაღაცნაირად შევჯერდით, - რაღაცები ჩვენ გადავწიეთ ვადებში, რაღაცები მათ. მთავარია, რომ ისინი ახლა ჩვენი პროექტის კონკურსანტები არიან", - აცხადებენ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ორგანიზატორები.

იხილეთ: სტანისლავ ბონდარენკოს ცეკვის ექსკლუზიური კადრები კულისებიდან

სტანისლავ ბონდარენკოს პარტნიორობას ბათუმელი მოცეკვავე ნიკე კეშელავა გაუწევს, გაურავ ჩოპრას მეწყვილე ლიკა ღოღუნიშვილია. ორივე უცხოელი არტისტი, ჩოპრაც და ბონდარენკოც საკმაოდ კარგი მოცეკვავეები აღმოჩნდნენ. როგორც პროექტის კულუარებიდან შევიტყვეთ, ორივე ძალიან მონდომებულია, სერიოზულად მუშაობს და კარგი პლასტიკა აქვთ.

იმასაც ამბობენ, მეექვსე სეზონზე შოუს ხელმძღვანელებმა განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობა შეკრიბეს. დუტა სხირტლაძის მეწყვილე მზია ორველაშვილია, წინა სეზონის გამარჯვებული, რომელიც გასულ წელს ზურა მანჯავიძეს უწევდა პარტნიორობას. ამ სეზონზე ცეკვავს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ქეთი ჩხეიძეც. ის ქეთი პოპულარულ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობს და ტიპურ იმერელ ქალს განასახიერებს. გაირკვა, რომ ქალბატონი ქეთი საკმოდ კარგად ცეკვავს.

პროექტის ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ ბევრი სიურპრიზი. ცნობილია ისიც, რომ პირველი ადგილის მფლობელს ბინა გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულს - ავტომანქანა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" საკონკურსო დღე, ამ სეზონზე ორშაბათია, ზუსტად იმ დროს, როცა ეთერში, კონკურენტ არხზე, რეიტინგული შოუ - "X ფაქტორი" გადის. როგორც შოუს პროდიუსერები აცხადებენ, მზად არიან, მძაფრი კონკურენციის პირობებში იმუშაონ და მაყურებელს დაუტოვონ საშუალება, გემოვნების მიხედვით გააკეთოს არჩევანი. 

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება