სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. როგორც "რუსთავი 2" პანკისის მცხოვრებლებზე დაყრდნობით აცხადებს, სავარაუდოდ საჰაერო იერიშებს 39 წლის ვახა ბუგიევი ემსხვერპლა.

მათივე განმარტებით, ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, ის სირიაში 2015 წელს წავიდა, თუმცა როდის გადაკვეთა საზღვარი ან როგორ ჩავიდა იქ, დეტალები არ იციან.

"ვიცოდი, რომ წინუბანში ცხოვრობდა, ჰყავდა ცოლ-შვილი, სირიაშიც, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და დღეს გავიგე, რომ დაღუპულა, რა ვითარებაში, ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, დაბომბვისას," - აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლმა ეფრემ მეორემ განაცხადა. მისივე ცნობით, მოკლულებს შორის სამი ქალია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულია კიდევ ხუთი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ ისინიც მოკლულები არიან.

ქალაქი ელ-ქარიატეინი "ისლამურმა სახელმწიფომ" გასული წლის აგვისტოში დაიკავა. გასულ კვირას კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი გაათავისუფლეს. იქ ამ დრომდე დაახლოებით 300 ქრისტიანი ცხოვრობს.

მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების თანაცხოვრება შესაძლებელია.

"ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლეთ. ჩვენ შეგვიძლია ისევ თანაცხოვრება, თუ მშვიდობა იქნება ქვეყანაში", - განაცხადა ეფრემ მეორემ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა