"კლასში დაჩაგრული" სირიის პრეზიდენტის გზა დოქტორიდან დიქტატორამდე

"კლასში დაჩაგრული" სირიის პრეზიდენტის გზა დოქტორიდან დიქტატორამდე

სირიის ლიდერს, რომელსაც ძალაუფლებიდან ჩამოშორებას უპირებდა ამერიკა და დასავლელი პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი და თურქეთი, ახლა სამხედრო მხარდაჭერა აქვს რუსეთისგან და ირანისგან. ეს მხარდაჭერა მას საშუალებას აძლევს, უარი თქვას სირიის მმართველის პოსტიდან წასვლაზე. გადავხედოთ, როგორ მიაღწია ქვეყნის ლიდერის პოზიციას ბაშარ ასადმა.

ბაშარ ასადი გავლენიან ოჯახში იზრდებოდა. მისი მამა ძალაუფლებაში მოვიდა, როდესაც ბაშარი ხუთი წლის იყო, თუმცა თავად არასოდეს გეგმავდა სირიის მმართველის პოსტზე ყოფნას. მას სურდა ექიმი გამხდარიყო.

ოფთალმოლოგიის კურსის დასრულების შემდეგ, 1988 წელს ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა,  სანამ ლონდონში წავიდოდა ხარისხის გასაუმჯობესებლად. შემდეგ მომავალ ცოლს შეხვდა, ნახევრად ბრიტანელ, ნახევრად სირიელ ასმა ახრას და ორი წელი საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა ცხოვრობდა.

ასადი ჯერ კიდევ ლონდონში ცხოვრობდა, როდესაც 1994 წელს მოულოდნელი ზარი მიიღო. მისი უფროსი ძმა ბაზელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ბაშარი დამასკოში დაიბარეს გარდაცვლილი ძმის ადგილის დასაკავებლად. მამამისს სურდა ბაშარის ლეგიტიმური მმართველის როლი დაემკვიდრებინა სახელმწიფოში.

2000 წელს, მამის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ბაშარ ასადი უკონკურენტოდ აირჩიეს პრეზიდენტად. სირიიდან მოშორებით, დასავლეთში გატარებული წლების გამო ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ახალი ლიდერი ქვეყნის მოდერნიზაციას დაიწყებდა.

ასადმა რეალურად მოახდინა პოლიტიკური და მედიის სასიკეთო რეფორმები პრეზიდენტად დანიშვნის პირველ თვეებში, რასაც შემდგომ დამასკოს გაზაფხული ეწოდა. რეფორმების სეზონი მოკლე გამოდგა. მავანი მამამისის ძლიერი რეჟიმის ერთგულ ჩინოვნიკებს აბრალებდნენ ბაშარის ლიბერალური რეფორმებიდან ჩამოშორებას.

2003 წელს ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის სამხედრო ძალების ერაყში შეჭრას და 2006 წელს მხარს უჭერდა ლიბანელ ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში.

2007 წელს ასადი მეორე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. პიროვნული კულტი სრული დიდებით დამკვიდრდა. ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა აღლუმები, კონცეტები, ყველგან იყო ასადის გამოსახულებიანი პოსტერები და ბანერები.

2011 წელს ასადის ძალაუფლებას ბზარი გაუჩნდა. ავტოკრატი ლიდერების წინააღმდეგ მთელს ახლო აღმოსავლეთში პოპულარული რევოლუციის ტალღა აგორდა, რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. 2011 წელს ორი ყველაზე ხანგრძლივი მმართველი რეგიონში - ტუნისის პრეზიდენტი ზინე ელ აბედინე ბენ ალი და ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი პოსტიდან გადააყენეს.

იმავე თვეს პროტესტების ტალღა დაიწყო სირიის ქალაქ დარააში, მას შემდეგ რაც სკოლის მოსწავლეები, რომლებიც რევოლუციურ სლოგანებს წერდნენ კედლებზე, პოლიციელებმა დააკავეს. ასადის რეჟიმმა პროტესტს ტანკებით უპასუხა, ამბოხება ჩაახშო და ამბოხებულები დაიჭირა.

ასადი არჩევანის წინაშე დადგა: გაეგრძელებინა სასტიკი წნეხი ამბოხებულების მიმართ, თუ შეეთავაზებინა თანამშრომლობა. ასადი პარლამენტში გამოვიდა და განაცხადა, რომ რეფორმები არ გატარდებოდა, კრიზისი საერთაშორისო ტერორისტულ შეთქმულებას დააბრალა და პირობა დადო, რომ ამბოხებულებს გაანადგურებდა.

2011 წლის აგვისტოში მსოფლიო ლიდერებმა დაურეკეს ასადს და ურჩიეს, უკან დაეხია და პოლიტიკური ცვლილებებისთვის გზა მიეცა. ამასობაში სირია ისლამისტების მაგნიტი ხდებოდა, ათი ათასობით ჯიჰადისტი ხელში იარაღს იღებდა. ასადი ცდილობდა მამას არ დამსგავსებოდა, მაგრამ რეალურად, ბევრ საკითხში "გახდა კიდევაც მამამისი".

მომზადებულია nbcnews.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა