"ყველაფერი ქალების შესახებ" ანუ როგორ დაიბადა ქრისტეშობის ღამეს ფერადკანიანი ჩვილი

"ყველაფერი ქალების შესახებ" ანუ როგორ დაიბადა ქრისტეშობის ღამეს ფერადკანიანი ჩვილი

...ქრისტეშობის ღამეს პატარა იბადება, რომლის დედამ უბრალოდ არ იცის მამის ვინაობა. თუმცა როგორ არა, იცის. ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონია - მისი შვილის მამა საუკეთესო მეგობრის საქმროა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა: სოფი ზედმეტად ნასვამი ბრუნდება სახლში. მის ინტელექტუალ მეგობარს, როგორც ყოველთვის, უდროო დროს ჩასძინებია. სოფი გზადაგზა იხდის სამოსს, სააბაზანოში შედის. იქ კი დაქალის სრულიად შიშველი საქმრო ხვდება...

"სოფი 25 წლის სტუდენტია. ოჯახისგან მოშორებით, კოლეჯში სწავლობს. მშობლების მხრიდან ყურადღება აკლია, და ალბათ ამის გამო, ცდილობს ყურადღება მიიქციოს. ნარკოტიკებსაც ეტანება, სვამს, მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ეს ყველაფერი შირმაა. ის ასეთი არ არის სინამდვილეში. მასაც თავისი კომპლექსები აქვს და უბრალოდ, კარგი გოგოა", - ასე ახასიათებს საკუთარ გმირს მსახიობი მარიამ კვიტაიშვილი.

"ყველაფერი ქალების შესახებ" მაყურებელს ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალის ისტორიას უყვება. ყველა ისტორია მძიმეა, ტრაგიკული, მაგრამ რეჟისორი მშვენივრად ახერხებს, ეს ისტორიები მსუბუქად გააცნოს მაყურებელს - თითქოს მზესუმზირის კნატუნით, ტელევიზორის ყურებას შეყევით. აი ასე, მარტივად, გაუფრთხილებლად გიტაცებთ სპექტაკლი და თუკი ქალი ხართ, მაშინ ხვდებით, სპექტაკლში გაჟღერებული ისტორიების სიმძიმეს, როცა მათში საკუთარ თავგადასავალს აღმოაჩენთ. აქ ყველა ქალი იპოვის რაღაც ისეთს, რაც მას ან მის უახლოეს მეგობარს გადახდენია თავს. მაგრამ თუ მამაკაცი ხართ, მაშინ ამ სპექტაკლის ნახვა ქალებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ერთ-ერთი ჭკვიანური ნაბიჯი იქნება.

მოქმედებები ვენასა და პრაღაში ვითარდება. მაგრამ ამბები, რომლებიც ხუთი ქალის - ელენას, ლიზას, ანას, სოფისა და ნატალის ცხოვრებას სდევს თან, ევროპული არ არის: ქალი ყველგან ქალია და ყველა ქალს მსგავსი პრობლემები აწუხებს. მიუხედავად კულტურული, მენტალური განსხვავებებისა, ქალების სურვილი, იყვნენ ბედნიერები - ყველგან ერთნაირად მძაფრია. თუმცა, სპექტაკლის რეჟისორმა გაბრიელ ბარილის პიესა "თაფლობის თვე" ქართულ რეალობას არაჩვეულებრივად მოარგო და ისეთი აქცენტები თუ პერსონაჟები დაამატა, რაც ქართველი მაყურებლისთვის მისაღებია.

ქართულ რეალობაში მართლაც ხშირია ელენას თავს გადამხდარი ტრაგედიის მსგავსი შემთხვევები. როგორც ელენას როლის შემსრულებელი, ნათია არბოლიშვილი AMBEBI. GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, პერსონაჟის მთავარი სათქმელი გამოსავლის ძიებისკენ მოწოდებაა:

"ელენას გზავნილი მაყურებლისთვის არის ის, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ელენას შემთხვევა მძიმეა - ქარაფშუტობამ თუ ზედმეტმა სიამაყემ სასტიკი ნაბიჯი გადაადგმევინა, რაც მერე სანანებელი გაუხდა და ალბათ ამან განსაზღვრა მისი ურთიერთობა მამაკაცებთან. მისმა ისტორიამ ამ პერსონაჟს მეტი სიმძიმე შემატა, ვიდრე ეკუთვნოდა ელენას ასაკისა (29 წლის) და მდგომარეობის ქალს. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ის უნდა ვეძებოთ: თეატრი იქნება ეს, სამსახური, ბავშვი თუ სხვა ადამიანის დახმარება", - ამბობს ნათია არბოლიშვილი.

ხშირია სოფის, ლიზას, ანას, ნატალის ისტორიების მსგავსი თავგადასავლებიც, რომლებიც მაყურებელში თანაგრძნობას იწვევს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პერსონაჟი "გაიძულებს" აპატიო ქალს ნებისმიერი რამ, რაც ხშირად დანაშაულად, ან არასწორ საქციელად აღიქმება. რთული არ არის მაყურებლისთვის, აპატიოს ოჯახის დანგრევა და მეუღლის მიტოვება ანას, რადგან მას თავისი არგუმენტები აქვს, რატომ ვეღარ შეძლო ერთ დროს საყვარელ ქმართან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრება. მაყურებელს ლიზას პატიებაც შეუძლია, მას თავისი სიმართლე აქვს იმის ასახსნელად, რატომ იცვლის პარტნიორებს ასე ხშირად. ალბათ, არც ნატალის გაგება გაუჭირდება საზოგადოებას. ან იქნებ, გაუჭირდეს კიდეც - საქმროსგან მიტოვებული, ის ხომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ქალად გვევლინება სპექტაკლის ბოლოს... თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანა შარვაძე, ნათია მელაძე და თამარ შოშიაშვილი მოხერხებულად ითრევენ მაყურებელს თავიანთი პერსონაჟების ისტორიებში და ბუნებრივი გარდასახვით ახერხებენ, მაყურებელს პერსონაჟების რეალურობა დააჯერონ.

"ყველაფერი ქალების შესახებ" - ასე ჰქვია გ.ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლს, რომელიც აქტუალური თემატიკით, თამამი, მაგრამ ორგანული სცენებით და თამაშის საინტერესო მანერით ქართველი საზოგადოების მოხიბვლას ცდილობს.

"ქართულ თეატრს არ აქვს იმის ფუფუნება, დადგა ისეთი სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი არ ეყოლება. ისე უნდა დადგა, რომ მაყურებლის მოზიდვა მოახერხო. თან ისე, რომ მაყურებელს მდარე ხარისხის პროდუქტი არ შესთავაზო", - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი, გურამ ბრეგაძე და დასძენს, რომ ამ სპექტაკლზე მუშაობა ის ერთ-ერთი იშვიათი პროცესი იყო, როდესაც რეჟისორი და მსახიობები ერთად ქმნიან პიესის ადაპტირებულ ვერსიას, ერთად აცოცხლებენ პერსონაჟებს და სპექტაკლი თითოეული მსახიობის მაქსიმალური ჩართულობით იბადება.

მსახიობ ზაზა იაქაშვილის თქმით, სპექტაკლის რეჟისორის, გურამ ბრეგაძის მუშაობის სტილი საინტერესო და ორიგინალურია. "მას აქვს განუმეორებელი ხელწერა, რომელიც არავითარ შემთხვევაში დაკარგავს არც სათქმელს და არც სიღრმეს. გურამს განსაკუთრებით უყვარს მსახიობი. არიან რეჟისორები, რომლებიც საკუთარი თავის კარგად წარმოჩენაზე ფიქრობენ და იგონებენ შთამბეჭდავ ფოკუსებს, "ტრიუკებს" და ა.შ. გურამის სპექტაკლს არც ეს აკლია და არც ის შესაძლებლობა, რომ მსახიობი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს, თავისი ძლიერი მხარეებით", - ამბობს ზაზა იაქაშვილი და მსახიობების დახვეწილ თამაშს უსვამს ხაზს:

"საოცარი იყო. არ შემიძლია რომელიმე გამოვყო, ყველა ძალიან კარგი და ორგანული იყო. მე რომ მათ პირადად არ ვიცნობდე და ზოგიერთ მათგანთან ერთად ნამუშევარი არ მქონდეს, ჩავთვლიდი, რომ პერსონაჟები, რომლებიც სცენაზე ვნახე, სინამდვილეში თავად არიან. გარდასახვა იმდენად საინტერესო და მათი პიროვნებისგან დაშორებული იყო, მეც და ჩემი კოლეგებიც გაოცებული დავრჩით," - აღნიშნავს ზაზა იაქაშვილი.

მისივე თქმით, სპექტაკლის მთავარ სათქმელთან და მასში ჩადებულ "მესიჯებთან" დაკავშირებით, ქართულ თეატრალურ სივრცეში განსხვავებული და მრავალფეროვანი შეხედულებები დაფიქსირდა. თუმცა თავად მსახიობი მარტოობის თემას გამოყოფს: "ადამიანის მარტოობის საკითხი - მისი დაძლევა და საკუთარ თავში იმ ძალის პოვნა, რომელიც შენშია - ეს არის ბედნიერება. არ არის აუცილებელი სხვა ადამიანი გყავდეს გვერდით. შესაძლოა, აბსოლუტურად ბუნებრივად და ორგანულად იპოვო ბედნიერება შენში და გაუნაწილო სხვას. ნებისმიერი ადამიანის სული უნიკალურია. თუ შენ გეძლევა საშუალება, შენი სულის ბოლომდე რეალიზაცია მოახდინო, მაშინ ხარ ბედნიერი. ამ ბედნიერებასა და მარტოობის დაძლევაზეა სხვა თემებთან ერთად, საუბარი ამ სპექტაკლში", - ამბობს ზაზა იაქაშვილი.

სპექტაკლზე მუშაობა შემოქმედებითმა გუნდმა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სპექტაკლის პრემიერა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა. მოგვიანებით, სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრს ესტუმრა და მაყურებლის გულწრფელი ოვაციები თუ სიმპატიები დაიმსახურა. ივნისში მსახიოებები სპექტაკლს გორის კომედიის ფესტივალის ფარგლებში ითამაშებენ.

მათთვის კი, ვისაც არა მხოლოდ ამ პერსონაჟების ისტორიების ბოლომდე გაცნობა, არამედ ქალების შესახებ ყველაფრის გაგება სურს, სპექტაკლის ნახვა საუკეთესო არჩევანია...

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება