"ოპერის თეატრისთვის ზრდილობიან ხელმძღვანელს ვისურვებდი" - რატომ არ შეუშვეს მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში

"ოპერის თეატრისთვის ზრდილობიან ხელმძღვანელს ვისურვებდი" - რატომ არ შეუშვეს მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში

მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი აცხადებს, რომ თბილისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის მიერ იყო მიწვეული:

"თეატრის ხელმძღვანელმა შეხვედრა დამინიშნა, თეატრში პუნქტუალურად მივედი და საოცრად გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ არამც თუ არ შემატყობინეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა, არც ის, რომ გადადებული იყო... თუ არ ხერხდებოდა შეხვედრა, უნდა დაერეკათ, მსგავსი არაფერი ყოფილა, რაც უზნეობაა. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მინდა, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში მაგ თეატრის დირიჟორი ვიყავი. რას ჰქვია, ვერ შევიდე თეატრში?!"

- როცა მიხვედით, მაშინ გაიგეთ რომ შეხვედრა დავით კინწურაშვილთან არ შედგებოდა?

- დიახ, მითხრეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა და ისე, რომ სიტყვაზე, ყავაც კი არ შემომოუთავაზებია ვინმეს, უკან გამომიშვეს. ურთიერთობის რაღაც ფორმები ხომ არსებობს?! თან, ამ ყველაფრის შეტყობინება სხვისი ტელეფონით (ერთ-ერთი თანამშრომლის), არ არის ლამაზი.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რას ეხებოდა თქვენი შეხვედრა, თუ კონფიდენციალური იყო?

- კონფიდენციალური არაფერი მაქვს. ქართველი დირიჟორი გახლავართ და გასაგებია, რომ შეხვედრა შემოქმედებით გეგმებს ეხებოდა, რომელზეც დალაპარაკება მინდოდა. მეტი არაფერი. რამდენიმე დღე გავიდა და ბოდიშიც კი არ მოიხადეს, ძალიან გამიკვირდა და ეს უზრდელობად მიმაჩნია... აწი ბოდიში გინდაც მოიხადონ, აზრი აღარ აქვს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ დავით კინწურაშვილთან?

- საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მისი მხრიდანაც იყო თხოვნა, გვეთანამშრომლა, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.

- რას ფქრობთ, როგორ გაგრძელდება თქვენი და თბილისის ოპერის თეატრის დამოკიდებულება?

- არც როგორ... ამ ეტაპზე როგორ უნდა გაგრძელდეს?! ამის მერე რაზე ველაპარაკო? ვისურვებდი, ოპერის თეატრისთვის ეთიკურ, ზრდილობიან და კომპეტენტურ ხელმძღვანელს. და კიდევ, საინტერესოა, ასეთ ეპიზოდებსა და ფაქტებზე რას ფიქრობს კულტურის სამინისტრო? მუსიკა, ლიტერატურა, თეატრი - ეს არის შემოქმედება, კულტურა, ეთიკა, ზრდილობა კი კომუნიკაციის უნარი, ადამიანიური, ჰუმანისტური თვისებების გამოვლინებები.

ჩვენ დაუკავშირდით ოპერის თეატრის ადმინისტრაციას და მათგან აღნიშნულ ფატზე ასეთი კომენტარი მივიღეთ: "მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის მხრიდან იყო შემოთავაზებები ოპერის თეატრში სიმფონიური მუსიკის კონცერტის გამართვის შესახებ. მაესტროსა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს შორის კონცერტის თარიღი ამ ეტაპზე არ არის შეთანხმებული. რაც შეეხება შეხვედრას, მაესტრო მაჭავარიანი თეატრში იმყოფებოდა, როცა ოპერის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოუხადა შეხვედრის გადატანისა და შეტყობინების დაგვიანების გამო".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება