სოფი ლორენი თბილისშია - მსოფლიო კინოს ლეგენდა პრემიერს და პატრიარქს შეხვდება

სოფი ლორენი თბილისშია - მსოფლიო კინოს ლეგენდა პრემიერს და პატრიარქს შეხვდება

იტალიური კინოს ლეგენდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი სოფი ლორენი საქართველოშია. მსახიობი თბილისს წუხელ ღამით ესტუმრა.

"მსახიობი საქართველოში ნინო სურგულაძის მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა. სოფი ლორენი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე", როგორც ცნობილია, 15 ივნისს მსოფლიო პრემიერას გამართავს. მას დაახლოებით, 200-მდე უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება. ჟურნალისტები ჩამოდიან ლონდონიდან, იტალიიდან, კიევიდან, რუსეთიდან, ასევე ჩამოდიან ფოტო პაპარაცებიც", - აღნიშნავენ ფონდ "ნატვრის ხეში". სოფი ლორენი დღეს ასევე შეხვდება პატრიარქს.

იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, მისთვის საქართველოში იტალიელი კინოვარსკვლავის მიღება დიდი პატივია.

"იტალიის ელჩისთვის დიდი პატივია, შეძლოს საქართველოში მიიღოს სოფი ლორენი, რომელიც სილამაზის სიმბოლოა. 15 ივნისის სპექტაკლი იქნება ერთიანობა კინემატოგრაფის, ბალეტის, ოპერის და ასევე, სიყვარულის. ძალიან მოხარული ვარ, რომ სოფიმ თავისი თავი ისეთ კეთილშობილ საქმეს მიუძღვნა, როგორიც არის ბავშვებისთვის დახმარება", - განაცხადა იტალიის ელჩმა ფონდ "ნატვრის ხის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულ ღონისძიებას წარმოადგენს. 15, 17 და 18 ივნისს ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება, რომელსაც მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი განახორციელებს ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით.

15 ივნისის პრემიერას იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება, სპექტაკლს კი მისი ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი "ნატვრის ხე" ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება