თათია შარანგია კონცერტისთვის ემზადება - რა ქველმოქმედებას ეწევა პიანისტი მეუღლესთან ერთად

თათია შარანგია კონცერტისთვის ემზადება - რა ქველმოქმედებას ეწევა პიანისტი მეუღლესთან ერთად

პიანისტი თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით, მისი და ლაშა შევარდნაძის ოჯახი დაინგრა. პიანისტი ახლა სანდრო შელიასთან და ორ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

თათია და სანდრო რამდენიმე წელია ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდნენ. წყვილი საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ამჯერად თათია სოლო კონცერტისთვის ემზადება. კონცერტამდე კი, AMBEBI.GE-სთან ისაუბრა შემოქმედებით პაუზაზე და იმაზე, თუ რა საქველმოქმედო ღონისძიებებს გეგმავს წყვილი:

"2015 წელი საკმაოდ დატვირთული წელი იყო. 3-წლიანი შემოქმედებითი წყვეტის შემდეგ სოლო კონცერტი რუსთაველის თეატრში გავმართე. ზოგადად, ჩემთვის კონცერტი - შეხვედრა საყვარელ მსმენელთან ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ რუსთაველის თეატრში გამართული შეხვედრა დამატებით ემოციურად დატვირთულიც გახლდათ. წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნება ხომ სხვა შეგრძნებაა?! თანაც ეს საქველმოქმედო კონცერტი იყო. შემოსული თანხა ფონდ "პირველი ნაბიჯი საქართველო"-ს გადავურიცხეთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეგიონებშიც შევხვდი მსმენელს - რეგიონებში ხალხი ცალსახად განებივრებულია ნამდვილი ხელოვნებით. შარშანდელი აქტივობების შემდეგ ისევ მსმენელთან ვბრუნდები - ამჯერადაც პროფესიულად საკმაოდ დატვირთული პერიოდი მაქვს. ბევრს ვმუშაობ - 22 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ისევ მსმენელთა შესახვედრად ვემზადები"

- რას მოისმენს მსმენელი შენს სოლო კონცერტზე?

- ამ კონცერტზე მსმენელი, ორივე განყოფილებაში, მხოლოდ შუმანის ნაწარმოებებს მოისმენს.. შუმანთან თითქოს სხვა სულიერი კავშირი მაქვს. ჩვენი ხასიათი ერთმანეთს გავს, მიყვარს მისი შესრულება. ცოტა ხანში მორიგი ალბომის ჩაწერას ვგეგმავ, სადაც ყველა სტილის ნაწარმოები იქნება წარმოდგენილი.

- შენი, როგორც ხელოვანის შეფასება საინტერესოა, რამდენად მაღალია დღეს საზოგადოებაში ხარისხიან მუსიკაზე მოთხოვნა, პოპულარულია თუ არა კლასიკური მუსიკა ქვეყანაში და რა კეთდება ამ მიმართულების პროპაგანდისთვის, თუნდაც კულტურის სამინისტროს მხრიდან?

- მიმაჩნია, რომ ქვეყანაში კლასიკური მუსიკის მეტი პროპაგანდაა საჭირო. ჩვენ ოდითგანვე კარგი მუსიკალური სკოლა გვქონდა, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომელსაც უნდა უხაროდეს თავისი საქმის კეთება, უნდა უკრავდნენ კონცერტებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსის განვითარებისთვის. თუ არ მოხდება ახალგაზრდების წახალისება, თუ არ იქნება მეტად მოთხოვნადი ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში, გარწმუნებთ, სულ უფრო ნაკლებად გაიზრდებიან პიანისტები. იმდენი ცნობილი მუსიკოსი გაზარდა ჩვენმა პატარა ქვეყანამ, არ მინდა ეს ტენდენცია შეჩერდეს.

- დიდი ხანია მეუღლეს საქველმოქმედო საქმიანობაშიც ეხმარები. რა ღონისძიებები გაქვთ ამ მიმართულებით დაგეგმილი?

- საქველმოქმედო ფონდში "ნათელი საქართველო" დაიწყო პროგრამა - "ხელოვნება პატარებისთვის", რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 4-5 წლის ბავშვების სხვადასხვა წრეებზე რეგულარული დასწრება ფინანსდება. იგეგმება ლიტერატურული კონკურსი სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებისთვისაც. ანალოგიური კონკურსებია ხელოვნებაში, ბიზნესსა და მათემატიკაშიც. პირადად მე, წარვუძღვები კონკურსს ახალგაზრდა პიანისტებისთვის და ვიცი, რომ აუცილებლად აღმოვაჩენთ ნიჭიერ ახალგაზრდებს - ვფიქრობ, მეტი ნიჭიერი ხელოვანის აღმოჩენა პირველ რიგში, სახელმწიფოს განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

რუსა შელია

AMBEBI.GE

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

ბოტიჩელის შედევრი სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა - რენესანსის ეპოქის ტილოსთვის ორი ადამიანი იბრძოდა

"ბედნიერებაა, როცა ანნა სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური წერილი შვილს, რომელიც 1 წლის გახდა