2012 წლის ზაფხულში მოსკოვში ელიტური ქორწილი შედგა. ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის ფეოდორ ბონდარჩუკის 21 წლის ვაჟმა სერგეიმ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ოლიმპიური ჩემპიონის მიხეილ მამიაშვილის ქალიშვილი - 22 წლის ტატა შეირთო ცოლად.
ქორწილი, რომელზეც 700-მა სტუმარმა მოიყარა თავი მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში შედგა და წლის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ ქორწილად შეფასდა. ამბობენ, რომ ზღაპრული ქორწილი ოჯახებნს 8 მლნ რუბლი დაუჯდათ.
ტატა ბონდარჩუკი (ტატიანამ გათხოვების შემდეგ გვარი შეიცვალა) მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება. 26 წლის ტატა მოდის ბლოგერია და სატელევიზიო შოუებშიც ხშირად ჩნდება, მასზე აქტიურად წერენ მოსკოვური ბომონდური ჟურნალები. სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, მოგვიანებით კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადაინაცვლა. მისი მეუღლე ამჟამად აქტიურადაა დაკავებული სამსახიობო კარიერით. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმსა და ტელესერიალში. ტატას და სერგეის ორი გოგონა ჰყავთ - მარგარიტა და ვერა.