"ახლახანს 11 შვილის მამა ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი..." - სირიის ომში პანკისის ხეობიდან

"ახლახანს 11 შვილის მამა ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი..." - სირიის ომში პანკისის ხეობიდან

რამდენიმე დღის წინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის მკვიდრი ახალგაზრდა სირიაში დაბომბვას ემსხვერპლა. ბექხან ტოხოსაშვილი ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად 2 წლის წინ გაემგზავრა.

რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში და რას ფიქრობენ ადგილობრივები ახალგაზრდებზე, რომლებიც ტერორისტების გვერდით იბრძვიან, ან როგორ ცდილობენ იხსნან სხვა ახალგაზრდები დამღუპველი გადაწყვეტილებისგან, ამის შესახებ კომენტარი ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს მექა ხანგოშვილს ვთხოვეთ:

- თავისთავად ცხადია, რომ ეს არის დიდი ტრაგედია. გვინდა თუ არა, რეალობაა რომ ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან სირიაში და სამწუხაროდ, არის დიდი მსხვერპლი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, 20-მდე დაღუპული უკვე კატასტროფაა. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ - თავის დროზე სახელმწიფოს რომ ჰქონოდა მიზანმიმართული პოლიტიკა, პანკისის ხეობის მიმართ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამხელა მსხვერპლი არ იქნებოდა.

- რა არის მიზეზი ახალგაზრდების წასვლისა, ფინანსები თუ იდეოლოგია?

- ფინანსურ მოტივს გამოვრიცხავ, რადგან რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც უკან დაბრუნდა, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ თურქეთიდან წამოსასვლელი ფულიც არ ჰქონდათ და მშობლებმა ჩააკითხეს წამოსაყვანად. ფინანსურ მოტივს ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში გამოვრიცხავ, თუმცა, ვიღაც ლიდერები რომ ამ ბიჭების მეშვეობით ხელს ითბობენ, ეს თავისთვად ცხადია. თავიდან, 2011 წელს როდესაც სირიაში პირველად დაიწყო ომი, მაშინ წასვლის მოტივაცია ჩეჩენი მოჰაჯირების დასაცავად წასვლა იყო, რომლებიც მოგესხენებათ, სირიაში ცხოვრობენ. ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომაც მიდიან ეთნიკური ჩეჩნები ანუ ქისტები ამ ომში, არის ის, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლება ასოცირდება რუსეთთან და წასულებს მიაჩნიათ, რომ ებრძვიან პუტინს ანუ კრემლს.

- პუტინის წინააღმდეგ შეუძლიათ იბრძოლონ ჩეჩნეთში, ან საკუთარ სამშობლოში, საქართველოში. მაშინ რატომ მიდიან გაცილებით შორს - სირიაში?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, როდესაც ჩვენს ქვეყანას თვითონ აქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი, ჩეჩნეთი ჯერ კიდევ რუსული ჩექმის ქვეშაა, რა თქმა უნდა, სირიაში ასეთი დიდი მსხვერპლი ყოვლად მიუღებელია და ძალიან გულსატკენია. თუ ამ ადამიანებმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ ბარემ საკუთარი სამშობლოსათვის დაღვარონ სისხლი და არა სადღაც უცხოეთში, სადაც მუსლიმები მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არც ჰაზავათია და არც ჯიჰადი.

- რამდენადაც ცნობილია, ტრადიციული ისლამის მიმდევარი როდესაც საქმეს იწყებს, აუცილებელია მშობელის (განსაკუთრებულად დედის) კურთხევა, დალოცვა. ისინი ვინც ომში მიდიან, უგულებელყოფენ ამ კანონს თუ იღებენ კურთხევას მშობლისაგან?

- ისლამი როგორც ჰუმანური რელიგია, ქადაგებს რომ ადამიანის სამოთხე არის დედის ფეხქვეშ და როდესაც ადამიანი ომში მიდის, აუცილებელია დედისაგან ნებართვის აღება. არცერთი დედა არ დათანხმდება იმაზე, რომ შვილი სხვის ომში გაუშვას საბრძოლველად. ჩეჩენი დედების 90% თავისი ნებით უშვებენ შვილებს სამშობლოს დასაცავად, მეტსაც გეტყვით, დედისერთა შვილებიც კი გაუშვიათ, მაგრამ, უცხო ომში, სადღაც არაბულ მიწაზე გაშვება გამორიცხულია. სულ ახლახან 11 შვილის მამა დაიღუპა, როდესაც ჩამოასვენეს, მისი დედის საცოდავობით ვიწვოდი. ქალმა ობლად გაზარდა ეს ერთადერთი შვილი და სხვის ომში გაუშვებდა?! გამორიცხულია მას დედის კურთხევა მიეღო. ხეობაში მცხოვრები არცერთი დედა აძლევს კურთხევას შვილებს ომში წასასვლელად. აქედანაც კარგად ჩანს, რომ რადიკალური ფრთის მიერ, ისლამი მორგებულია საკუთარ ინტერესებს, როგორც უნდათ ისე წერენ კანონებს, ამიტომაც არაა მათ მიმართ ნდობა ხეობის მოსახლეობის დიდ ნაწილში.

- ხეობაში მცხოვრებ ავტორიტეტებს, თუ გაქვთ იდეოლოგიური საუბრები ახალგაზრდებთან?

- სიმართლე გითხრათ, ამ რადიკალურ ფრთასთან მე არ მისაუბრია, იმიტომ რომ მათ საუბრის სურვილიც არ აქვთ, თუმცა ტრადიციული ისლამის მიმდევრები რომ არ გადავიდნენ ამ აზრზე და რომ არ მოხვდნენ რადიკალური იდეოლოგიის ქვეშ, რა თქმა უნდა, ამაზე მუდამ ვესაუბრებით ახალგაზრდებს. მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ნაწილი მაინც გადავარჩინოთ ამ უბედურებას, სამწუხაროდ, ჩვენ იმდენად პატარა ძალა ვართ უამრავი სხვადასხვა სპეცსამსახურის წინაშე, რომ თუ სახელმწიფოს მიზანმიმართული სტრატეგია არ იქნა შემუშავებული, ძალიან გაგვიჭირდება.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- კომლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი. აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გარდა ამისა მოგეხსენებათ ხეობის ახალგაზრდები გამოირჩევიან კარგი სპორტული მონაცემებით (მსოფლიოს და ევროპის არაერთი ჩემპიონია პანკისი ხეობიდან) და მათი რეალიზებაა საჭირო. საბედნიეროდ, დუისში გაიხსნა ძალიან კარგი სპორტდარბაზი, რაც ახალგაზრდებს დააკავებს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში გამოიყო სპეციალური კვოტა ხეობის მაცხოვრებელთათვის. ამას წლებია ვითხოვდით და შარშან როგორც იქნა, მოხდა.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ჩვენი ადგილმდებარეობისა (ზღვის დონიდან 800მ), ხეობა ისარგებლებს მთის კანონით არსებული შეღავათებით. კარგი პროექტებია განათლების სფეროში, რათა ახალგაზრდები ცუდი იდეოლოგიის ქვეშ კი არ მოხვდნენ, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლონ. დამერწმუნეთ ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო 15-20 წლის წინ, ხეობაში სულ სხვა სურათი იქნებოდა, სამწუხაროდ ესეც არაა საკმარისი, აუცილებელია ტრადიციული ისლამის გაძლიერება, უნდა მოხდეს მამა-პაპური ტრადიციების მოძლიერებაც. ესაა სწორედ ის, რასაც რადიკალური ფრთა ებრძვის და ამ ყველაფრის გადარჩენას აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელის სახელმწიფომ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ