პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებულ სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა და რაიმე ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს.
„ 2014 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას. გასული წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება. ასე, რომ რაღაც ახალ გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება. ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს მოლოდინი არა აქვს, რომ რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინიციატივას მთავრობა გაითვალისწინებს და 2006 წლის ემბარგო განმეორდება. აბაშიძის მტკიცებით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან კომუნიკაცია ამ თემაზე არ ჰქონია.
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი. როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე. საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.
ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა. სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.