ლიზა ბაგრატიონი "ფერადი მუსიკის" მოსასმენად მსმენელს ბათუმში ეპატიჟება

ლიზა ბაგრატიონი "ფერადი მუსიკის" მოსასმენად მსმენელს ბათუმში ეპატიჟება

ბათუმი 27 აგვისტოს ლიზა ბაგრატიონს მასპინძლობს. მომღერალი "ფერადი მუსიკის" მოსასმენად გულშემატკივრებს ზღვისპირა კლუბ "ვერტიგოში" ეპატიჟება. ლიზა ბაგრატიონის სოლო კონცერტს მსმენელი დიდი ხანია ელოდება. თუ რას სთავაზობს მომღერალი თაყვანისმცემლებს და ვინ დაეხმარება მუსიკის გაფერადებაში, ამის შესახებ მომღერალი AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს:

- იშვიათად ანებივრებთ მსმენელს თქვენი სოლო კონცერტებით, რატომ ხდება ასე?

- ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული სოლო კონცერტების ჩატარება. პირველ რიგში, ფინანსური ფაქტორია ყველაზე რთული, იმიტომ რომ, როცა მომღერალი აკეთებს სოლო კონცერტს, ეს არის ერთგვარად ანგარიშის ჩაბარება მსმენელთან. ძალიან სერიოზულად და პასუხისმგებლობით გასაკეთებელი საქმე, რომელსაც მომღერალი მარტო ვერ აკეთებს. იმისათვის, რომ სოლო კონცერტი შედგეს ღირსეულად, გვერდში უნდა გყავდეს უმაღლესი კლასის მუსიკოსები. სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი და ბედნიერება არის ის, რომ ჩემს კონცერტებზე ჩემს გვერდით ჩემზე უფრო მაღალი კლასის მუსიკოსები დგანან სცენაზე და ამიტომაც, ეს არის გადაწყვეტი ჩემი წარმატების.

- რას მოისმენს მსმენელი ბათუმის სოლო კონცერტზე?

- მსმენელს მრავალფეროვან მუსიკას ვთავაზობთ. რადგანაც ბათუმი არის საპორტო, ძალიან ტურისტული ქალაქი, გადავწყვიტე ჩემი უცხოენოვანი სიმღერებიც ჩავრთო ამ რეპერტუარში, რომელსაც სამწუხაროდ იშვიათად ვმღერი ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად არ მეძლევა ამ სიმღერების შესრულების საშუალება. ასევე, ჩემი პირველი სოლო კონცერტიდან იქნება ჩვენი გენიალური კომპოზიტორების სიმღერები, როგორებიც არიან ვაჟა აზარაშვილი, გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, გენიალური გია ყანჩელი. ასევე, რამდენიმე კომპოზიცია იქნება ჩემი ბოლო სოლო კონცერტიდან. რეპერტუარი იქნება მრავალფეროვანი და რაც მთავარია, იქნება ფანტასტიური მუსიკა, არაჩვეულებრივი, გამორჩეული, ორი განსაკუთრებული მუსიკოსის შესრულებით, როგორებიც არიან მესაყვირე დავით შამანაური და ალტისტი გიორგი ცაგარელი, ეს ორი ადამიანი მომეხმარება და ჩემი უსაყვარლესი ბენდი, ზაზა ცერცვაძისა და ლევან დეისაძის შემადგენლობით.

- ძალიან ხშირად არის ნიკოლოზ რაჭველი თქვენს გვერდით, როგორია თქვენი ტანდემი?

- გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნიკოლოზ რაჭველის ჩემს გვერდით ყოფნას. ხშირად "ჩემს მაესტროს" ვეძახი და მეთაკილება კიდეც მისთვის ეს სტატუსი, იმიტომ, რომ ის ბევრად დიდი მუსიკოსია, გენიალური მუსიკოსია, რომელიც სხვა ეპითეტებს იმსახურებს, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, ჩვენი დიდი ხნის მეგობრობა, ჩვენი მუსიკალური ტანდემი გრძელდება დღემდე. ის არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი, რომელთანაც ხშირად ვკამათობ კიდეც მაგრამ, როგორც ყოველთვის, ის იმარჯვებს და იმარჯვებს ისე, რომ ყველანი მოგებული ვრჩებით.

ნიკოლოზ რაჭველი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მუშაობის დროს იმიტომ, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი მართმევს. ძალიან ბევრი საქმე აქვს, პირველ რიგში მის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტს მისი უდიდესი დრო მიაქვს, ეს მისი მთავარი საქმიანობის სფეროა და ასევე, ჩვენ მის მეგობარ მომღერლებსა და მუსიკოსებს სულ გვჭირდება და სულ მის ძებნასა და მოლოდინში ვართ. მაგრამ ეს მოლოდინი და ნერვიულობა ყოველთვის მართლდება მისი გენიალური მუსიკით.

- როდის გეგმავთ მსმენელის განებივრებას თბილისში კონცერტის ჩატარებით?

- ჩემი ოცნებაც თბილისში კონცერტის ჩატარებაა, ძალიან შევეცდები შემოდგომისთვის. შეიძლება ეს არ იყოს სოლო კონცერტი, მაგრამ ჩვენი გუნდი ვგეგმავთ ახალ წლამდე საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს საყვარელ მსმენელს.

- ძალიან წარმატებული მუსიკალური კარიერა და ასევე წარმატებული პირადი ცხოვრება გაქვთ. როგორ "უმკლავდებით" ამ ყველაფერს?

- ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თუ ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა ბევრად უფრო დატვირთული იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და საუბედუროდ ხშირად არ ვწუხდებით შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად. რაღაცნაირად ხერხდება ყველაფრის შეთავსება. რაც მთავარია, მყავს 14 წლის ბიჭი, რომელიც ახლა ძალიან დიდ დროს მოითხოვს თავისი ასაკის გამო. იმედი მაქვს ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ამ სირთულეებს და ერთი კარგი ქართველი გაიზრდება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. უფრო "მეტ" პირად საკითხებზე კი არასდროს ვსაუბრობ არავისთან.

ესაუბრ ნინო ხოზრევანიძე

ლიზა ბაგრატიონის კონცერტზე დასასწრებად ბილეთები იყიდება:

ბათუმში - კორტების ცენტრალურ შესასვლელში; ურეკში - "არენას" შესასვლელში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. ასევე ონლაინ ბილეთების შეძენა მსურველებს შეუძლიათ საიტზე: www.tkt.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება