ბესლანში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

ბესლანში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

ბესლანში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. თავდასხმა 2004 წლის 1 სექტემბერს №1 სკოლაში მძევლად აყვანილი ბავშვების მშობლებზე ელა კესაევასა და სვეტლანა მარგიევაზე მოხდა. ბესლანის ტრაგედიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამგლოვიარო ცერემონიისას მათ მაისურები ჩაიცვეს წარწერით, რომელიც ტრაგედიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებდა. აღნიშნულ ინფორმაციას "ნოვაია გაზეტას" და "ტაკიე დელას" ჟურნალისტები ავრცელებენ.

უცნობი პირები ამ გამომცემლობების რეპორტიორებს - ელენა კოსტიუჩენკოსა და დიანა ხაჩატრიანსაც დაესხნენ თავს. "ტაკიე დელას" დამაარსებლის დმიტრი ალეშკოვსკის განმარტებით, ჟურნალისტებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და "ბრილიანტის მწვანე" გადაასხეს.

რეპორტიორების განმარტებით, თავდასხმაში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უცნობი პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც პირველი სკოლის ეზოში შევიდნენ.

"ჩემს კოლეგებს კამერა ჩამოართვეს, როდესაც ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ იმ ადამიანებს უღებდნენ, რომლებმაც მათ ალყა შემოარტყეს, ელენა კოსტიუჩენკოს ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით", - განახადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

აქციის მონაწილე ქალებმა ბესლანის ტრაგედიაში ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულეს და გამოძიების ჩატარება მოითხოვეს. მათ ბრალი სამართალდამცველებსაც დასდეს და განმარტეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სკოლას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც იქ ბავშვები მძევლად ჰყავდათ აყვანილი.

ბესლანის ტრაგედიის დროს მძევლად აყვანილი 314 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული ადამიანი კი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა