რამდენი სიონია საქართველოში და როგორ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას ეკლესია

რამდენი სიონია საქართველოში და როგორ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას ეკლესია

სიონი - მართლმადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო, წმინდა ჭურჭელია, რომელშიც სეფისკვერი ინახება. ამზადებენ ვერცხლისგან და ის ფორმით, მინიატურულად ქრისტიანული ეკლესიას განასახიერებს. ამ ჭურჭელს სანაწილეს უწოდებენ და საკურთხეველში ტრაპეზე დგამენ.

სიონის სახელს არაერთი სოფელი (თიანეთის, მარნეულის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) ატარებს, სიონის ტაძრებია (თბილისში (საკათედრო ტაძარი), ატენის ხეობაში, ბოლნისში, დმანისში, ერწოში, თეთრიწყაროში, მანგლისში, რუსთავში, ურბნისში, უწერაში, ქობულეთში,

ყაზბეგში, შილდასა და ასევე ქართული ტაძარია საზღვრებს მიღმა, ზაქათალაში).

ამასთან, სიონი მთაცაა იერუსალიმში, იერუსალიმის რაიონიც და ქალაქი შვეიცარიაში...

ამჯერად ტაძრებზე შევჩერდებით.

"მინდა, გესაუბროთ, რატომ დაარქვა ქართველმა ხალხმა ამ წმიდა ტაძარს სიონი და საერთოდ, რა არის სიონი, რას ნიშნავს იგი? წარმოშობით სიონი ებრაული სიტყვაა და ქართულად მზიანს ნიშნავს. იერუსალიმში არის მთა, რომელსაც სიონი ეწოდება, წმიდათაწმიდა ადგილი, რომელიც უფალმა განსაკუთრებით გამოარჩია და შეიყვარა. მას ფსალმუნებში ხშირად იხსენიებს დავით მეფე, ისიც და მისი ძე სოლომონიც ამ მთაზე არიან დასაფლავებულნი. ამ კურთხეულ ადგილას შეასრულა მაცხოვარმა საიდუმლო სერობა. სწორედ იმ დარბაზის გვერდით, სადაც წმიდა სერობა შესრულდა, იდგა წმინდა იოვანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც მან მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიიყვანა. აქ მაცხოვარი ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აქვე არის გეთსიმანიის ბაღიც", - ამბობს ერთ-ერთ წერილში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.

თბილისის სიონი

ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი სიონის ქუჩაზე მდებარეობს. მის ადგილას პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარი. მისი მშენებლობა შემდგომ საუკუნეშიც გაგრძელდა, რომელშიც მოსახლეობა და ერისმთავრები მონაწილეობდნენ. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს დასრულდა. მის აშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.

1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ედ-დინმა თბილისის აღებისას სიონის გუმბათს თავი მოხადა და ტაძარში საკუთარი ტახტი დადგა, საიდანაც თვალს ადევნებდა იმ მოწამეებს, რომელებმაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები... მომდევნო საუკუნეებში დამპყრობელმა სიონი კვლავ არაერთხელ განადურდა, რომელსაც ქართველები პერიოდულად განაახლებდნენ. უკანასკნელი დიდი დაზიანება 1795 წლის ირანის გამგებლის, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს მიიღო. საყდარში გაჩენილმა ხანძარმა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი იმსხვერპლა. 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ფართს სეკლესიო ნივთების შესანახად იყენებდნენ. კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით, 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა, მისივე პროექტით, კანკელი და სიონის ტაძარი აღადგინა, ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა... 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მიერ დაბრუნებული წმიდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა... 1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა ცუცქირიძის მიერ მოიხატა...

ატენის სიონი

ატენის სიონი _ VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ში, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები, ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც, მთელი რიგი საკითხების კვლევისთვის. ატენის სიონის ინტერიერში, ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები...

ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით გამოირჩევა, მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა. ტაძარში ქრისტიანული სიმბოლოს _ ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებებია. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული წრიულ ჩარჩოში) "ბოლნური ჯვრის" სახელითაა ცნობილი.

ბოლნისის სიონი ადასტურებს ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნების ბაზილიკასთან. ეკლესიის გვერდით დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. ტაძარში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ იოანე ბოლნელი მოღვაწეობდა.

დმანისის სიონი

VI საუკუნის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარია, რომელიც სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში მდებარეობს. საშენი მასალისა და მორთულობის ხასიათით, ბოლნისის სიონსა და ქვემო ბოლნისის სამეკლესიიან ბაზილიკას უახლოვდება. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები გადაკეთებულია. ტაძარი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც... შიგნიდან მოხატული ყოფილა, რაზეც საკურთხეველში შემორჩენილი წმინდანთა გამოსახულებები და წარწერები მოწმობს. მოგვიანებით, 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისაგან განსხვავდება სტილითია და მორთულობის ხასიათით. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.

დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია ოთხკუთხა, ბევრჯერ გადაკეთებული სამრეკლო. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით წმინდა მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, რომელიც წარწერის თანახმად, განახლებულა 1702 წელს.

მანგლისის სიონი

საკათედრო ტაძარია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში _ IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის ცნობით, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისთვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც საქართველოში ეკლესიების ასაშენებლად წმინდა რელიკვიები და განძეულობა მოჰქონდა, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში შეყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის მანგლისი რიგით მეოთხედ მოიხსენიება.

VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და იქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაციათ. XI საუკუნეში რადიკალურად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურა. XIX საუკუნის შუა ხანებში, რუსული მმართველობის დროს, ეგზარქოს ისიდორეს ინიციატივით, ლეკების თავდასხმებითა და აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის შედეგად დაზიანებული ტაძარი გაწმინდეს და შეაკეთეს. წირვა-ლოცვა აღდგა, მაგრამ ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი სამუდამოდ დაიკარგა.

ქრისტიანული ტრადიცია მანგლისის სიონს რამდენიმე მნიშვნელოვან სიწმინდეს უკავშირებს, მათ შორის უფლის სამსჭვალსა და წმინდა ჯვრის ნაწილებს. აქვეა დაბრძანებული იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულთმოქმედი ხატი _ მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს.

ურბნისის სიონი

სამნავიანი ბაზილიკა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის შესწავლის საფუძველზე, თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე _ კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი.

ურბნისის სიონი ადრინდელი ფეოდალური ხანის საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება.

მოამზადა ლალი ფაციამ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ