თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა გასხვისებულია - "სუნი, ანტისანიტარია... მაგრამ, ვერ ჩავერევით"

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა გასხვისებულია - "სუნი, ანტისანიტარია... მაგრამ, ვერ ჩავერევით"

გადასასვლელების პრობლემა დედაქალაქში წლებია მოუგვარებელია. მათ უმრავლესობაში არსებული ანტისანიტარიის გამო, ბევრი ადამიანი მიწისქვეშა გადასასვლელით არ სარგებლობს, რაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ამ დროისთვის თბილისში არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან 22 მერიის შპს "თბილსერვის ჯგუფის" საკუთრებაშია, 33 კი მრავალწლიანი იჯარითაა გაცემული.

მიწისქვეშა გადასასვლელები ინვესტორებზე 2012 წლამდე, გრძელვადიანი მართვის უფლებით გასხვისდა. მათ უმრავლესობას იჯარის ვადა 2020-2022 წლებში ეწურება. ხელშეკრულებების პირობები მოიჯარეებს მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობის, სისუფთავის უზრუნველყოფის, კამერებითა და განათებით აღჭურვის ვალდებულებას აკისრებთ. მიწისქვეშა გადასასვლელების მცირე ნაწილი ასე თუ ისე მართლაც პასუხობს იჯარის პირობებს, მაგრამ უმრავლესობა კრიტიკას ვერ უძლებს.

როგორც თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, იჯარით გაცემულ მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებასა და კეთილმოწყობაში ჩარევის უფლება სახელმწიფო ორგანოს არ აქვს.

"ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველზე, ვაკეში, პეკინზე, ვაჟაზე რაც კი მიწისქვეშებია, თითქმის ყველა გასხვისებულია. აქ შეიძლება გვხვდებოდეს ცუდი სუნი, ანტისანიტარია, მაგრამ ამ ადგილებში თუ რამე არასწორად კეთდება, ჩვენ ვერ ჩავერევით. "თბილსერვის ჯგუფის" მონიტორინგის სამსახური მიდის, ადგილზე ეცნობა სიტუაციას და შემდგომ იღებს ზომებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევიდეთ კერძო საკუთრებაში და დავასუფთავოთ. მოიჯარე თავადაა ვალდებული, გააკეთოს ეს ყველაფერი. თუ არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს, შემდგომ უკვე ჩვენ შეგვიძლია, რომ დავაჯარიმოთ ისინი. რაც შეეხება ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ 22 მიწისქვეშას, თითოეული მათგანი კვირაში ორჯერ კერხერითა და სპეციალური ხსნარებით ირეცხება" - აღნიშნა "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ.

თუმცა, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელიც თბილსერვის ჯგუფის დაქვემდებარებაშია, იქ არსებული ანტისანიტარიის და გაუნათებლობის გამო ფეხით მოსიარულეთა უმრავლესობა პრაქტიკულად არ იყენებს.

დოლიძის განმარტებით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები, მომავალში იჯარით შესაძლოა, ისევ გაიცეს. "თუ იქნება დაინტერესება, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ბიზნესისთვის და ქალაქისთვის შეიძლება უკეთესი იყოს, რომ ეს ტერიტორიები გასხვისდეს და უფრო მოწესრიგებული იყოს. ახალი იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებისას, ბიზნესისა და ფეხით მოსიარულეთა ინტერესები მეტად იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა დავით დოლიძემ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში მიწისქვეშა გადასასვლელები სრულად უნდა გასხვისდეს.

"ამისთვის საჭიროა თბილისის მერიისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაცია და მას შემდეგ, რაც ბიზნესისთვის კომერციულად საინტერესო გახდება მიწისქვეშა გადასასვლელები, ისინი თავისთავად იზრუნებენ, კეთილმოწყობაზე, კომფორტის უზრუნველყოფაზე და სხვა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, რათა მაქსიმალურად მოიზიდონ ქვეითები. ასე ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში" - აღნიშნავს "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობა, მნიშვნელოვანია.

"თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, რომ საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას 2017 წლის ზაფხულამდე გეგმავენ.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ