გერმანიის მადლობა ქართველ სამხედროებს

გერმანიის მადლობა ქართველ სამხედროებს

გასული დღეები ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროებისთვის რთული აღმოჩნდა, - 11 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფების თვითმკვლელმა ტერორისტმა გამთენიისას, ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან თავი აიფეთქა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევისას დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი...

გერმანიის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და "საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად", - რისთვისაც გერმანულმა მხარემ ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

არსებული ინფორმაციით, "თალიბანის" დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, ნატოს საჰაერო იერიშზე შურისძიების მიზნით, გერმანიის საკონსულოსთან, დანაღმულ ავტომობილში თავი აიფეთქა, ამავდროულად კი, დაჯგუფების სხვა წევრები იერიშზე გადავიდნენ. სროლები რამდენიმე საათს გაგრძელდა...

მაზარი-შარიფში, II -ე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, გერმანულ ბაზა "მარმალზე" იმყოფება. მათ გერმანიაში 5-თვიანი მომზადება გაიარეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან, თუმცა, "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმამ, საკონსულოს შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.

"ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა, - სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. დროულად მივიღეთ ზომები და მოვახდინეთ სწორი პოზიციების შერჩევა, რამაც თავდამსხმელი გააუვნებელყო... სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მათგანმა, სატვირთო ავტომობილში, რომელიც დანაღმული იყო, საკონსულოს მთავარ შესასვლელთან თავი აიფეთქა, რომლის შემდეგაც, არეულობით სარგებლობას და საკონსულოს ტეროტორიაზე შესვლას შეეცადნენ დაჯგუფების სხვა წევრებიც. თუმცა, უსაფრთხოების ზომების მიღება შევძელით. ჩვენი ბიჭები ძალიან ყოჩაღები აღმოჩნდნენ. შეძლებისდაგვარად დროულად მოვახდინეთ რეაგირება" - აღნიშნა ერთ-ერთმა სამხედრომ ჩვენთან საუბარში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ უოლტერ-შტაინმეიერმა მწუხარება გამოთქვა და იმ დაღუპულთა ოჯახს მიუსამძიმრა, ვინც ქალაქ მაზარი-შარიფში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქებისას დაიღუპა. იმავე დღეს 100-მდე სამოქალაქო პირი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. თალიბი-მებრძოლების თქმით, აფეთქება იყო პასუხი, ყუნდუზის პროვინციაში ამერიკის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმაზე, რომელსაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ემსხვერპლნენ.

დასავლურ მედიაში გავრცელებული მონაცემებით, ავიადარტყმას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. პენტაგონმა საჰაერო იერიშის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი დაადასტურა, თუმცა უწყებას დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

12 ნოემბრის დილას ავღანეთის, დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ნატოს სამხედრო ბაზა "ბაგრამზე", ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანმა"- თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაშავებულთა შორის, არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. "ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული", – წერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტ მასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე