ავტორი:

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

ცოტა ხნის წინ ქართულმა საზოგადოებამ ახალი მხატვრული ფილმი - "შინდისი" იხილა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართველი სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გმირობას ასახავს.

ფილმმა კიდევ ერთხელ გააღვიძა ინტერესი ომის ამ მნიშვნელოვანი და ტრაგიკული ბრძოლის ეპიზოდზე...

11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან გამართულ ბრძოლაში, 22 ქართველი სამხედროდან ხუთი გადარჩა: ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, გიგა მურვანიძე, ოთარ კალმახელიძე და თენგიზ ცანავა... ოთარ კალმახელიძე, შარშან გულის შეტევით გარდაიცვალა...

AMBEBI.GE ერთ-ერთ გადარჩენილს, თენგიზ ცანავას დაუკავშირდა.

"მას შემდეგ 11 წელი გავიდა და ყოველ წუთს მეფიქრება იმ კოშმარზე... 11 აგვისტოს, უკანდახევის ბრძანების შემდეგ, უკან მოვდიოდით. სახლში ვბრუნდებოდით, დარეკილიც კი გვქონდა, საღამოს სახლში ვიქნებითო, მაგრამ შინდისთან რუსების ალყაში მოვყევით...

რკინიგზის სადგურის მიღმა რუსები მდგარან და უცებ სროლა აგვიტეხეს. ჩვენ საინჟინრო ბრიგადა ვიყავით, 22 ბიჭიდან უმეტესობა ერთმანეთს ვიცნობდით...

- და ყველამ ერთად გადაწყვიტეთ, რომ ტყვედ არ ჩაბარებულიყავით...

- ტყვედ ჩაბარებაზე ნამდვილად წამითაც არ გვიფიქრია. ეს ალბათ ქართველი კაცის მებრძოლმა სულმა, ერის წარსულმა, ბევრმა რამემ განაპირობა. როდესაც ხელში იარაღი გიჭირავს, გებრძვიან და შენს მეგობრებს, თანამებრძოლებს გიხოცავენ, სანამ შეგიძლია, უნდა იბრძოლო! ისეთი ბიჭები ვიყავით იქ, ისეთი შეკრულები, გამორიცხული იყო ტყვედ ჩაბარება...

მერე რა მოხდა და როგორ, თანმიმდევრულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ტყვიები რომ დაგვიმთავრდა, ჩვენს დაღუპულ ბიჭებს ავართვით და იმას ვისროდი. დაჭრილი ვიყავი... მე და ოთარ კალმახელიძე ერთად დავიჭერით, ერთი გასროლისგან. სისხლისგან ვიცლებოდით, მაინც წინააღმდეგობას ვუწევდით... 80-მდე ჭრილობა მქონდა სახესა და მკლავებში, მკერდის ჭრილობებისგან ჯავშანჟილეტმა დამიცვა, თორემ ადგილზე მოვკვდებოდი...

- ერთ საათზე მეტხანს უწევდით წინააღმდეგობას, არა?

- დიახ, შესაძლოა ორიც კი იყო... არ ვიცი, ვერ ვხსნი და არც ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით... როდესაც უკვე ტყვია დაგვიმთავრდა, ჩვენი მხრიდან სროლები თანდათან მისუსტდა, ბოლოს კი სულ მინელდა, რუსები თანდათან ჩვენსკენ მოიწევდნენ, რუსული საუბარი გვესმოდა.

შენობის შიგნით საშინელება ტრიალებდა... მტვრის და ნანგრევების ბუღი იდგა, მაგრამ ჩვენი დახოცილი ბიჭებიდან რამდენიმე ამოვიცანი. ჩვენთან ახლოს იყო ალეკო ონიანიც, რომელსაც ზოიძე ჰყავდა ჩახუტებული. ბიჭებო, მცივაო, გვითხრა...

მერე მახსოვს, რომ ალეკომ "მამაო ჩვენოს" თქმა დაიწყო და ჩვენც ავყევით... ამ დროს მოგვადგნენ რუსები, მისი ტყვედ აყვანა უნდოდათ, მაგრამ РГД-ს ყუმბარა გახსნა... მხოლოდ იმის დაყვირება მოვასწარით: რას შვები, ბიჭოო... ოთარი მასთან უფრო ახლოს იწვა და აფეთქების წნევისგან გაითიშა... მერე მეც ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა, გავიგე, რომ ტყვიები "გადაგვატარეს", ოღონდ შორიდან, შიგნით არ შემოსულან. გადავრჩით...

- როგორ გამოაღწიეთ?

- გვიან ღამე. რუსების ხმა გვესმოდა. შიგნით მაინც არ შემოდიოდნენ. ჩვენ, სავარაუდოდ, მკვდრები ვეგონეთ, მაგრამ მაინც ვერ ბედავდნენ შემოსვლას... დაახლოებით, ღამის 11 საათი იქნებოდა, ოთარის ვუთხარი: შენ მაინც უშველე თავს, ან მოსახლეობას გააგებინე, რომ აქ დაჭრილები ვართ, იქნებ დაგვეხმარონ-მეთქი. ვერ შევძლებ, სისხლისგან ვიცლებიო, მითხრა...

სხვა გზა არ იყო, ძლივს, ხოხვა-ხოხვით წავედი მოსახლებისკენ. ამ რკინიგზასა და დასახლებას შორის, საკმაოდ ღრმა თხრილი გადის და იქ ჩავცურდი. ამ დროს რუსების მძიმე ტექნიკის ხმა გავიგე, ეტყობა, შემოვლას ახორციელებდნენ. შემეშინდა, არ დამინახონ-მეთქი, ტანჯვით ამოვძვერი და გზის მეორე მხარეს გადავფორთხდი.

ადვილად კი ვყვები, მაგრამ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, იმდენ ხანს მომიწია ფორთხვამ, რუსების კოლონა რომ დავინახე, უკვე თენდებოდა, დილის 5-6 საათი იყო...

მოსახლეობას ლობიო ჰქონდა დათესილი და იქ ჩავწექი რუსები არც მერე ჩასულან ქვემოთ, ანუ სადგურის შენობამდე, ისე, რომ მძიმე ტექნიკიდან არც ჩამოსულან, ჩვენი მანქანები დაცხრილეს. თავის წამოწევისაც კი მეშინოდა, ვინმემ არ შემამჩნიოს-მეთქი. ეს უკვე 12 აგვისტო იყო...

ხელებში, სხეულში ძალა გამოცლილი მქონდა და მიგდებული ვიყავი. ამ დროს ვიღაცების ხმა შემომესმა. თვალებში მიბნელდებოდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე - ჩვეულებრივი ტანსაცმელი ეცვათ. ძალიან სუსტად ვიყავი. მაინც ვკვდები-მეთქი ვიფიქრე და დავუძახე - ქართველები ხართ? შვილო, გეძებდითო, შვებით თქვეს და ჩემსკენ გამოიქცნენ.

ეს იყო ჩვენი გადამრჩენელი ბადრი, იგივე ახმეტ ხუციშვილი და მისი ახლობელი, კიდევ ერთი ადგილობრივი... ვერ აგიღწერთ ემოციას, სიხარულს, როგორც ჩემსას, ისე მათსას...

პირველი რაც გავაკეთე, ახმეტას ტელეფონიდან სახლში დავრეკე და მეუღლეს ვუთხარი - ცოცხალი ვარ-მეთქი... ჩემი ტელეფონი, იმ ორმხრივი სროლის დროს თავად დავამტვრიე, არ მინდოდა, ჩემები რომ დამირეკავდნენ, ვინმე რუსს ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო...

ერთი სიტყვით, უკვე გათენებული იყო და ვერ წამიყვანდნენ. მეორე დღეს მოვიდნენ და წამიყვანეს.

ახმეტამ და მისმა მეუღლემ, ცხონებულმა ხატიამ ჭრილობები გამისუფთავეს... ახლაც არ ვიცი, შინდისში ჩემი როგორ ახლობელი შემოვიდა ჩემს წასაყვანად. სოფლის აფთიაქები ისედაც გატეხილი იყო, ზოგი ამათ გააღეს და იქიდან მედიკამენტები წამოიღეს...

- დანარჩენი დაჭრილები როდის გამოიყვანეს?

- მე მხოლოდ ოთარზე მქონდა ინფორმაცია, რომ ცოცხალი იყო და მაშინვე ვუთხარი, იქ კიდევ ერთი ჩემი მეგობარია-მეთქი. ოთარს, შინაურები "შტეფსელას" ვეძახდით. ჯარში სულ ტელეფონში იყო შემძვრალი, სულ უჯდებოდა და სულ ოთახის იმ ადგილას იჯდა, სადაც დენის შესაერთებელი იყო...

როგორც კი დაღამდებოდა, მიდიოდნენ მათ საძებნელად. ასე იპოვეს, ოთარ კალმახელიძეც. სამხედრო ფორმა გაუხდიათ, თავიანთი ძველი ტანსაცმელი ჩაუცმევიათ და ისე წამოიყვანეს... ახმეტას გული არ უთმენდა და მაინც იპარებოდა იქაურობის სანახავად - ბიჭებს დასაფლავება სჭირდებათო. ასე იპოვეს კიდევ სამი: ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია და გიგა მურვანიძე. ყველანი დაცლილ, უკვე დაკეტილ სახლებში გადაგვანაწილეს.

მე, ოთარი და ჩიტიძე, ერთ სახლში ვიყავით, დანარჩენი ორი სხვაგან, მაგრამ ყველას ახმეტა გვივლიდა. შეძლებისდაგვარად, ჭრილობებს გვიმუშავებდა, გვაჭმევდა...

- იქიდან როგორ გამოგიყვანეს?

- როდესაც შინდისში ცხედრების გამოსაყვანად სასულიერო პირები შემოვიდნენ, მაშინ გამოგვიყვანეს. ერთ კოლონაში ვიყავით, ოღონდ, ჩვენ რეანომობილებში გადაგვიყვანეს, რომელიც სამღვდელოებამ შემოიყვანა...

- განაგრძობთ სამხედრო სამსახურში ყოფნას?

- სამკურნალო შვებულებაში ვარ. პერიოდულად გორის სამხედრო ჰოსპიტალში დავდივარ. ასაკის მატებასთან ერთად, ტკივილები უფრო და უფრო მაწუხებს, ჯერ კიდევ მაქვს სხეულში ჩარჩენილი ნაღმის ნამსხვრევები, რადგან ყველას ამოღება არ შეიძლება, ისეთ ადგილებშია... თუმცა, მკურნალობას ვაგრძელებ.

- ყველა გადარჩენილს ახმეტასთან მუდმივი ურთიერთობა გაქვთ?

- ახმეტა ჩვენი ოჯახის წევრია, ყველა ჩვენგანის... როგორ შეიძლება მასთან ურთიერთობა არ გვქონდეს?! ოთარის დაკარგვა, ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცადა, ისევე, როგორც ჩვენ, დანარჩენებმა... წუთი არ გავა არ ვიფიქრო, როგორ გადავრჩით მაშინ, უფრო სწორად, როგორ გადაგვარჩინა ახმეტამ...

ძალიან მძიმე იყო ჩემთვის იმ ფილმის - “შინდისის” ნახვა. ოჯახთან ერთად ვიყავი მიწვეული, პრემიერაზე კინოთეატრ "ამირანში". ჩემთან ერთად, სხვა გადარჩენილები იყვნენ, ოთარი ვერ მოესწრო... ყველაფერი განგვიახლდა... თუმცა, ძალიან მოგვეწონა.

მეუღლე და ორი შვილი მყავს, ბიჭი სტუდენტია, გოგო ჯერ პატარაა... ასე გრძელდება ცხოვრება. არის რაღაც ყველაფერზე ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში, რომლისთვისაც ყველაფრის გაკეთება ღირს, ეს სამშობლოა. ჩვენ კი, მე და ჩემმა მეგობრებმა, მგონი, ყველაფერი გავაკეთეთ მისთვის..."

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?