გაიცანით, 13 წლის ნიტა ლომიძე, რომელმაც შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გაიმარჯვა!

გაიცანით, 13 წლის ნიტა ლომიძე, რომელმაც შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გაიმარჯვა!

ტელეკომპანია "იმედის" გასართობი შოუს "შენ შეგიძლია ცეკვას" გამარჯვებული ნიტა ლომიძე გახდა. ხალხის რჩეული და ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავე ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. ნიტა ცნობილი წყვილის - ტელეწამყვან ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილია.

"ცეკვა ძალიან მიყვარს, ყველაფერზე მეტად", - გვითხრა ნიტა ლომიძემ ინტერვიუში, რომელიც AMBEBI.GE-მ პატარა მოცეკვავესთან შოუს დასაწყისში ჩაწერა. შესარჩევ ტურზე გოგონამ გასაოცარი ნომრით ჟიურის წევრების ატირება შეძლო. მაყურებელმა გოგონას საოცარი პლასტიკა და ემოციური შესრულება იხილა, რომელმაც დარბაზი დაიპყრო... "სასწაული გოგო'', - ჟიურიმ ასე შეაფასა...

იხილეთ ვიდეო| 13 წლის ნიტას ემოციურმა ცეკვამ დუტა და სალომე ჭაჭუა აატირა

- ვარ მოცეკვავე და მსახიობი - ეს ჩემი ძირითადი მიმართულებებია. ამ პროექტში ჩავერთე იმიტომ, რომ დავამტკიცო, - ცეკვა შემიძლია და ისიც, რომ შემიძლია, ვიყო ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი...

- მოგვიყევი შენზე - მკითხველს ახლოს გაეცანი...

- დავდივარ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის 46-ე საბალეტო სკოლაში, მერვე კლასელი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, ვინც მეხმარება, შევისწავლო ბალეტი. განსაკუთრებით მეხმარება პედაგოგი - მარგარიტა ვასილევნა ვერცალოვა, მან შემაყვარა ეს სფერო.

- შენი დედიკო, თეა გობეჯიშვილი ცნობილი ქორეოგრაფია, თავის სტუდიაში არ გამეცადინებს?

- კი, დედასთან შაბათ-კვირას ვვარჯიშობ, ცეკვას ვსწავლობ. ასე რომ, დედიკო ძალიან მეხმარება, ძირითადად სახასიათო ცეკვას მასწავლის. იქ კიდევ არიან სხვა მასწავლებლები, რომლებიც ცეკვის სხვადასხვა სტილს მაუფლებენ.

- ცეკვა ასე რომ გიყვარს, ცხადია, დედის დამსახურებაა?

- ეს დედიკოს და ბებოს დამსახურებაა. ბავშვობიდან შემაყვარეს, მაჩვენებდნენ სხვადასხვა ვიდეოს და მეუბნებოდნენ, როგორია კარგი ცეკვა და თუ ასე ვიცეკვებ, რას მომიტანს ეს სფერო, რას მივაღწევ. ამიტომაც ვგიჟდები ცეკვაზე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ასე ვფიქრობ და ალბათ ასე იქნება, - რომ დავამთავრებ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლას და შემდეგ ცეკვის უკეთ დასაუფლებლად უცხოეთში წავალ. ჯერჯერობით ასეთი გეგმები მაქვს და არ ვიცი, როგორ შეიცვლება. მოგვიანებით კი, უფრო მსახიობობას მივხედავ...

- შენი არტისტობა ფართო მაყურებელმა რამდენიმე ფილმში უკვე იხილა...

- 5 ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ორ სპექტაკლში. ჩემი ფილმებია: "ანოს და ვანოს თავგადასავალი", "ლურჯი ფრინველი", "ცელქი ბავშვები" (ორივე ნაწილი) და "ვისი სული გსურს", სპექტაკლებიდან კი, - "მუსიკის ჰანგები" და ''ლურჯი ფრინველი". 6 წლის ვიყავი, დავით დოიაშვილმა სცენაზე რომ დამაყენა და ეს ჯადოსნური ადგილი შემაყვარა. ადრეულ ასაკში გავიგე, რა კარგი ყოფილა სცენა. მასწავლიდნენ, როგორ უნდა ვმდგარიყავი იქ, რა უნდა მეთქვა, მაგრამ რაღაც მომენტში მიმიშვეს, თვითონ ჩემი იმპროვიზაციით მიმყავდა ხოლმე სპექტაკლი...

- სკოლაში როგორ სწავლობ?

- კი, ვმეცადინეობ. ცეკვიდან თავისუფალი დრო როცა მაქვს, მაშინვე სწავლას მივხედავ ხოლმე, არ მინდა, რომ პროგრამას ჩამოვრჩე. ეს პროექტი რომ დაიწყო, სწავლისთვის კიდევ უფრო ცოტა დრო მრჩება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, პროგრამას დავეწიო, კარგ ნიშნებზე ვისწავლო. ხანდახან არის ხარვეზებიც, ცუდი ნიშნები, მაგრამ ეს მე არ მაშინებს... განსაკუთრებით მიყვარს უცხო ენები, ისე, ყველა საგანი თავისებურად მიზიდავს.

თავისუფალ დროს მე, მამა და დედა ხშირად ერთად ვატარებთ. ხან კაფეში მივდივართ და ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, ხან კინოში ფილმს ვუყურებთ ა.შ. ყველაზე ძალიან მე და დედას წიგნის კითხვა და მუსიკის მოსმენა გვიყვარს, უამრავ წიგნს ვკითხულობთ, - ეს ჩემი უსაყვარლესი ჰობია.

- ცნობილი მშობლების შვილი რომ ხარ, ეს გეხმარება, ხომ?

- ჩემი მშობლები ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები არიან, ყველანაირად მეხმარებიან, გვერდით მიდგანან. მაგრამ რადგან ცნობილები არიან, ეს დიდად არ მანებივრებს, ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, - ერთად ლაღად და სიყვარულით ვცხოვრობთ. ერთმანეთს ვეხმარებით, მაგრამ ისინი უფრო მეხმარებიან. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მოკლედ, ჩემი საუკეთესო მშობლები და მეგობრები არიან. სულ მეუბნებიან, როდის რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, სულ მასწავლიან. შეცდომებს ყოველთვის მისწორებენ, - რაც მიხარია.

- სულ არ აბრაზებ?

- როგორ გითხრათ, - ხანდახან არ ვუჯერებ, ეს ხომ ყველა ბავშვის თვისებაა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვუჯერებ...

- შენს ძამიკოზე რას გვეტყვი?

- ნიკა ლობილაძე 24 წლის არის და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელეწამყვანად მუშაობს. უსაყვარლესი ძამიკოა, ერთადერთი ძმა მყავს და ვგიჟდები მასზე, ისიც გიჟდება ჩემზე. ჰყავს შეყვარებული, ძალიან საყვარელი გოგო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება