როგორ იხსენებს ქართველი სამხედრო ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებას (ჯარისკაცის დღიური)

როგორ იხსენებს ქართველი სამხედრო ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებას (ჯარისკაცის დღიური)

ვიწყებთ ახალ რუბრიკას, "ჯარისკაცის ერთი დღე", სადაც სამხედრო პირები, მათ მიერ განვლილ ერთი, უმეტეს შემთხვევაში, რთული და დაძაბული დღის შესახებ მოგვიყვებიან... დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე - რუბრიკას ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მყოფი სამხედრო პირის ამბით ვიწყებთ, რომელიც მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა.

(დღიური იბეჭდება მცირედი ცვილელებით)

"14 ნოემბერია... წინა დღეებში წვრთნები გვქონდა, ახლა კი, მშვიდად ვართ. ამას ჯარისკაცის ენაზე, "სტანდარტული მდგომარეობა" ჰქვია... აქ ყველა საომარი სიტუაციაში ვართ ჩართული, ყველას თავისი ფუნქცია და მოვალეობა გვაქვს, პატრულირება, სოფლებში გასვლა, მოსახლეობის დახმარება, - წყალსა და საკვებს ვაწვდით... საინტერესოა აქ ყოფნა. ყოველ დღე, ყოველ წუთს შენს თავს უმტკიცებ, რამდენად "მაგარი" ხარ, რა შეგიძლია, რა დროს როგორი ბიჭი ხარ... საკმაოდ მძიმე დღეები გვქონდა, მაგრამ მედგრად დავდექით. რთულ დღეებში, რაღაცებზე ფიქრისთვის არ მცალია, - ამაზე მერე ვფიქრობ, როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება.

10 ნოემბერს, მაზარი-შარიგში ვიყავით. ჩვენი სამხედრო ნაწილი, სენაკის II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, აქ 2016 წლის ივლისში გადმოისროლეს. ეს დანაყოფი, გერმანიის საზღვრებს მიღმა, ბუნდესვერის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზა "მარმალზე", გერმანული სარდლობის ქვეშ იმყოფება... წინა დღეებში წვრთნები გვქონდა, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ტონუსში ვართ.

ადგილობრივი დროით, დაახლოებით 23:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ჩრდილო ავღანეთის, ბალხის პროვინციის მთავარ ქალაქ მაზარი-შარიფში, ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა მოძრაობა "თალიბანიდან" გერმანიის საკონსულოს აფეთქება განახორციელეს. სასწრაფოდ მოვემზადეთ და ადგილზე გავედით.

იქ ასეთი სურათი დაგვხვდა: - ერთი მანქანა, რომელსაც დიდი ალბათობით, თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, - ქალაქის ცენტრში,  Masar Hotel-თან იყო აფეთქებული. სავარაუდოდ, ყურადღების გადასატანად. ამავდროულად კი, მეორე, პირდაპირ დაცულ ტერიტორიაზე შევარდა, სადაც გერმანიის საკონსულოა განლაგებული. საკონსულოს დაცვის სამსახურს რეაგირება მოუსწრია და ცეცხლი გაუხსნია, ორმხრივი სროლა იყო.

"თალიბები" საკონსულოს ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. თუმცა, აფეთქება თავიდან ვერ აიცილეს. შედეგად კი, თითქმის მთლიანად ჩამოინგრა საკონსულოს ტერიტორიის დამცავი უსაფრთხოების კედელი.

წინასწარი გათვლით, თავდასხმაში, ოციდან-ოცდაათამდე ტერორისტი, მათ შორის ორი თვითმკვლელი მონაწილეობდა. იქაურობა მთლიანად ჩაბნელებული იყო. არ ვიცი ქალაქის ცენტრში დენი გამოირთო თუ გამორთეს. ამის გაკრვევის არც დრო იყო და არც სიტუაცია, ჩვენ დავალებას ვასრულებდით... ტერორისტებს მანქანა ქვანახშირით ჰქონიათ დატვირთული, სადაც ტროტილი იყო დამალული. ასე ხშირად იქცევიან. ის კი არა, წინ, სატვირთო მანქანის კაბინაში, ბავშვებსაც ისვამენ, რათა ისეთ შთაბეჭდილება შექმნან, რომ მამა შვილებთან ერთად სადღაც მიდის...

ერთი სიტყვით, ბრძოლა, ჩაბნელებულ მაზარი შარიფის ცენტრში, კარგა ხანს გაგრძელდა. თალიბებმა უკან დაიხიეს და თანდათან სროლები შეწყდა...მერე, როდესაც დეტალებს მივუბრუნდით, რათა ანალიზი გაგვეკეთებინა, მივხვდით, რომ თითქმის, ერთი საათი გაგრძელდა... თავიდან მაგრად უტევდნენ, შემდეგ შეასუსტეს. თავდამსხმელის ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ მოულოდნელობის ეფექტით სარგებლობს, დროს იგებს. რამდენად სწრაფად მოხვალ აზრზე და ადეკვატურ პასუხს გასცემ, რა სტრატეგიით შეუტევ და როგორ იმოქმედებ, აი სწორედ ამით იზომება სამხედროს პროფესიონალიზმი... ოპერაციის დასრულების შემდეგ, რატომღაც ყველას გვწყურია.

სანამ ჩვენ "თალიბების" პირისპირ ვიყავით, ამასობაში, კოალიციის ჯარისკაცებმა, გერმანიის საკონსულოს 21 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლეს. თუმცა, აფეთქება მაინც მოხდა, - 6 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაჭრილა.

მერე გვითხრეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაგვიხადაო... ჩვენს მერე, კოალიციის სხვა წარმომადგენლებიც მოვიდნენ, - ლატვიელი და ბელგიელი სამხედროები. ოდნავ უფრო ადრე, ავღანელები... ქართველების დახმარება რომ არა, შესაძლოა, 2012 წლის 11 სექტემბრის, ბენღაზის ტრაგედია განმეორებულიყოო... მაინც კარგია ამის მოსმენა თუ წაკითხვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ბიჭებმა მაგრად "იმუშავეს".

გვიან ღამე, ჩვეულებრივად ველაპარაკე ჩემებს საქართველოში. მათ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ... ან რა საჭიროა ოჯახმა ინერვიულოს... ბიჭები ლოცულობენ. მადლობა უფალს, ჩვენებიდან არავინ დაშავებულა.

იქიდან "ბაგრამის" ბაზაზე გადაგვიყვანეს. თითქოს ეს კვირა რაღაცნაირად დაითარსა, - 12 ნოემბერს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. 7 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 17 დაიჭრა. გერმანიის თავდასხმა გარედან იყო დაგეგმილი. მათ, ჩვენს მისვლამდე მოწინააღმდეგემ, ანუ საელჩოს დაცვამ ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ მათი ლიკვიდაცია მოვახერხეთ, მაგრამ როდესაც ბაზასთან ახლოს ხდება აფეთქება, - ეს სულ სხვა რამეა. უფრო რთული, უფრო სახიფათო... ბაზა, გარშემოც ალიან მკაცრად დაცულია. თავდასხმის დროს, შენ აქტიური მონაწილე ხარ, შენზე ბევრი რამ, ლამის ყველაფერია დამოკიდებული... აქ კი ერთი აფეთქება და ხვდები, რომ ზოგჯერ მხოლოდ ბედისწერაზე ხარ დამოკიდებული.

რა უნდა ქნა ასეთ დროს?.. უბრალოდ ფრთხილად უნდა, ძალიან, ძალიან ფრთხილად. წამით არ უნდა მოდუნდე, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბა... იმ დღეს, ავღანელმა მოსამსახურე პერსონალმა აიფეთქა თავი. ის დამლაგებლად მუშაობდა... ასე მგონია, ერთ დღეში ვერ დაგეგმავდა ამას და ვერც განახორციელებდა. ეტყობა, ადრე დაგეგმა. როგორ მოახერხა და რანაირად, ამის შესწავლა უკვე დაწყებულია. ამის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდა.

კიდევ ერთხელ, ყველანი დავრწმუნდით, რომ ამათი ნდობა არ შეიძლება. აი, როდესაც ფიქრობ, რომ მისი ნდობა მოიპოვე, "ჩვენი კაცია" და საშიში აღარ არისო, აი, სწორედ მაშინ არის საშიში...

ეს ყველაფერი გუშინ იყო. ახლა ცოტა ხანს ინტერნეტში შევალ, - "საქართველოს უნდა შევეხმიანო"... რაც ჩვენ, სამხედროები ინტერნეტის შემქნელს ვლოცავთ... "ჩემს ფრენდებს", გოგო-ბიჭიანად ფერადი შემოდგომის ფოტოები უდევთ. ავღანეთი ყველანაირად უცნაური ქვეყანაა - ახლა აქ დღე ძალიან ცხელა, ღამე კი ცივა. ისევ ამათზე მეფიქრება. ახლა ყაყაჩოს მოსავალი აღებული აქვთ და აგრესიულები არიან. იციან, რომ მოწინააღმდეგე მოსავალს ვეღარ გაუნადგურებს და "არხეინად" არიან. რაც ნიშნავს, რომ ეს სამშვიდობოებისთვის რთული პერიოდია. სხვა დროს ფრთხილობენ, საბრძოლო ოპერაციებისას მოსავალი არ გაუნადგურდეთ."

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე