27 წლის ნინო ოკუჯავა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მომხიბვლელი, კეკლუცი მარკეტინგის მენეჯერის როლს ასრულებს. აღმოჩნდა, რომ გარდა ხასიათისა, მსახიობსა და პერსონაჟს სხვა საერთოც ბევრი აქვთ...
- "ჩემი ცოლის დაქალებში" აბსოლუტურად სხვა როლი უნდა მქონოდა - კატოს მკითხავის როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ გადაწყდა, რომ თენგოსთან, გაყიდვების მენეჯერი ვიქნებოდი.
- პროფესიით მსახიობი ხარ?
- კი, თეატრალური უნივერსიტეტი 4 წლის წინ დავამთავრე.
- მაიკოს როლის გარდა, სამსახიობო გამოცდილება თუ გაქვს?
- მაქვს: ჩემი რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი იყო. მას ახლა საკუთარი თეატრი - "გლობუსი" აქვს. 1 წელი თეატრ "გლობუსში" ვიყავი. მერე რაღაც პირადი პრობლემები შემექმნა და გადავწყვიტე, ოფისში მენეჯერად მუშაობა დამეწყო. ჩემს პროფესიას ცოტა ხანს მოვწყდი. პარალელურად, რეკლამებში მიღებდნენ. ასევე, ბავშვთა გასართობ ცენტრებში ვმუშაობდი. ცოტა ხანს "კომედი არხთანაც" ვთანამშრომლობდი - სერიალ "კოქტეილში" ვითამაშე...
- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენს პერსონაჟთან საერთო გქონია...
- ნამდვილად: რეალურ ცხოვრებაშიც ოფისში მენეჯერი ვარ და - სერიალშიც (იცინის).
- მაიკოს როლზე როგორ მუშაობ?
- პირველი გადაღება ზაფხულში მქონდა. ეს ერთჯერადი როლი იყო: ბაქარი და თენგო ჩემთან, პიარ-სააგენტოში უნდა მოსულიყვნენ და წასულიყვნენ. ეს ხაზი თუ განვითარდებოდა, არ ვიცოდი. გარკვეული დროის მერე, კიდევ დამირეკეს - ბაქარი და თენგო შენთან ისევ უნდა მოვიდნენ, კიდევ გვჭირდებიო. რამდენიმე დღის შემდეგ, სცენარი კიდევ მომივიდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამ სერიალში ჩავერთე, რომელიც წლებია, ძალიან მომწონს.
- საქმიანობის გარდა, მაიკოსთან კიდევ რა საერთო გაქვს?
- ალბათ ის, რომ რეალურ ცხოვრებაში შოპინგი ძალიან მიყვარს. გაპრანჭვა ყველა ქალს უყვარს, მაგრამ მე რატომღაც, განსაკუთრებულად. მაიკოც ასეთია: პრანჭია, კეკლუცი... ეს საერთო გვაქვს.
- სამსახურში შენც გამომწვევად ჩაცმული დადიხარ?
- აი, ზუსტად ჩვენი ჩაცმის სტილია განსხვავებული: ოფისში კედებით, ბოტასებით ვარ. სერიალში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის გამოვიცვლი და კედებს ჩავიცვამ.
- როგორი გოგოა მაიკო?
- ძალიან ჭკვიანი, თავის სფეროში განათლებული, წარმატებული, კარგი მარკეტერი. თენგოსთან დაკავშირებით, უფრო ფული აინტერესებს - უნდა, რაღაცები გამოსცინცლოს... ჯერ მეც არ ვიცი, სცენარი როგორ დაიწერება.
- თენგო მაიკოს მიმართ გულგრილი არ არის...
- თენგოს ის მოსწონს. მაიკო ამას ხედავს და ცდილობს, ეს ადამიანი რაღაცებში გამოიყენოს.
- მსგავსი სიტუაციით თავად თუ გისარგებლია?
- არასდროს (იცინის). ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია.
- გარეგნობის გამო ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევი?
- ჰო, შეიძლება ვექცევი, მაგრამ ამით ნამდვილად არასოდეს მისარგებლია.
- მარკეტინგის სფეროში გიმუშავია?
- ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ვმუშაობ. საზღვარგარეთიდან პროდუქცია შემოგვაქვს და კლინიკებს ვამარაგებთ. ჩემი მოვალეობაა: ოფისის მიხედვა, პროდუქციის განბაჟება, გამოწერა. ოფისის მენეჯერს რაც ევალება, ყველაფერს ვაკეთებ. ჩემი საქმე მარკეტინგსაც მოიცავს, რადგან კლიენტებთან კონტაქტი, პროდუქციის შეთავაზება მიწევს.
- შენი გარეგნობა მოგწონს?
- აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ. სიმართლე გითხრა, ჩემს გარეგნობაში ბევრ პატარ-პატარა დეტალს შევცვლიდი. არ დავკონკრეტდები (იღიმის).
- ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, შენი თაყვანისმცემლების რაოდენობა გაიზარდა?
- კი, "ფეისბუკზე" მწერენ ხოლმე. ძირითადად, ამ შეკითხვით მომმართავენ: "დვესტი მილიარდ ალიგარხოვ" მართლა წაკითხული გაქვსო? უფრო მეტად, პატარა გოგონები მიმეგობრდებიან - ალბათ, ვინც სერიალს ხშირად უყურებს.
- გულის სწორი გყავს? ... განაგრძეთ კითხვა