ია ფარულავას ქველმოქმედი ქმარი - ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვების დასახმარებლად

ია ფარულავას ქველმოქმედი ქმარი - ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვების დასახმარებლად

"ტარიელ სუარი რომ ტალანტია და ფენომენი, ამაზე ეს საღამოც მეტყველებს, რომელიც საქველმოქმედო იყო, - იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება ჩვენს შესახებ უფრო მეტს გაიგებს და დაგვეხმარება... ბატონი ტარიელი ბევრი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება", - ამბობს 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორი ხათუნა ჯალაღონია ტარიელ სუარიზე, რომელიც კლასიკური გიტარის საოცარი შემსრულებელია. მუსიკოსმა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში, ცოტა ხნის წინ, საქველმოქმედო კონცერტი "ესპანური გიტარა" გამართა...

2016 წლიდან ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია. მიმდინარე წელს კი საქართველოს ქალაქებში სოლო კონცერტების სერია დაგეგმა, სადაც სხვადასხვა ეპოქის ესპანელი კომპოზიტორის პარალელურად, უსინათლო ესპანელი კომპოზიტორის ხოაკინ როდრიგოს ნაწარმოებებს ასრულებდა. კონცერტები საქველმოქმედო იყო - გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრები უსინათლო ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად არის განკუთვნილი.

ხათუნა ჯალაღონია, უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორი:

"ჩვენი სკოლისა და ბატონი ტარიელის ურთიერთობა შემთხვევით დაიწყო, - ყველაფერს საფუძველი ლონდა ხასაიამ ჩაუყარა, რომელიც ჩვენი ფონდის დამფუძნებელია. ერთხელაც, როდესაც ერთ-ერთ პროექტს ახორციელებდა, სადაც ჩვენი სკოლის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ, ასეთი შეკითხვა დაისვა, - ვის მოსმენას ისურვებდნენ ისინი? ერთ-ერთმა, ლუკა თავთავაძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათთან ტარიელ სუარი მოვიდოდა. 8 წლის მოსწავლისგან ასეთი თხოვნა გამაოგნებელი იყო. ქალბატონმა ლონდამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბატონ ტარიელს ბავშვები მედიათეკაში შეხვდნენ.

შემდეგ ბატონი ტარიელი ჩვენს სკოლას ესტუმრა, პატარებმა კონცერტი გაუმართეს. როგორც მოგეხსენებათ, სკოლაში უსინათლო და მცირედმხედველები სწავლობენ. ეს არის საქართველოში ერთადერთი უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი და რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებსაც ემსახურება.

მას მერე, რაც ტარიელ სუარი ჩვენს პრობლემებს ახლოს გაეცნო, გაერკვა იმაში, თუ რა სჭირდებოდათ მოსწავლეებს და მათზე ზრუნვა გადაწყვიტა, ამასთან, ბავშვების მუსიკალურ განათლებაზეც, ანუ ვისაც აბსოლუტური სმენა, მონაცემები აქვთ და სკოლას საჩუქრად გიტარა გადასცა. იგი დღეს თავად არის ბავშვების სწავლა-განათლების მდგომარეობით დაინტერესებული. ბრაილის შრიფტიც ისწავლა, რომ მუსიკალური განათლება მისცეს.

- კონკრეტულად რა გაკეთდა სკოლაში?

- საძინებელი კუთხე, რის გამოც აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ ვერც მოსწავლეები და ვერც მშობლები. 6 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ და პანსიონი მაქსიმალურად ასე დატვირთული ჯერ არ ყოფილა. ძნელია, როცა ასეთ ბავშვებს სკოლა-პანსიონში საკუთარი, იზოლირებული სივრცე არ აქვთ, ასეთ დროს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიმდინარე ყველა პროცესთან ადაპტირება უძნელდებათ.

სწორედ ამიტომ, პირველ და გადაუდებელ ღონისძიებად მივიჩნიეთ ბენეფიციარებისთვის საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისთვის სათანადო პირობები შეგვექმნა."

"უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდში გადარიცხული თითოეული თეთრი არა მხოლოდ დაეხმარება, გაახარებს უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებს, არამედ ხელს შეუწყობს, რომ საქართველოშიც აღიზარდონ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც იყვნენ და არიან რეი ჩარლზი, ანდრეა ბოჩელი, სტივ უანდერი, ხოაკინ როდრიგო," - ამბობს თავად მუსიკოსი.

"კონცერტზე ბევრი კლასიკოსი ესპანელი კომპოზიტორის ნამუშევარი შევასრულე რენესანსიდან დაწყებული თანამედროვე ეპოქით დასრულებული. ამ ადამიანებს სერიოზული წვლილი მიუძღვით საგიტარო ხელოვნებაში. ამ საღამოთი კი წლევანდელი ტური დასრულდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. 2017 წელს აუცილებლად გაგრძელდება. ვიმეორებ, ამ ღონისძიებებით ვცდილობთ, დავეხმაროთ უსინათლო პატარებს, გავაცნოთ სრულიად საქართველოს მათი პრობლემები, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ინტეგრირებაში.

ხოლო რაც შეეხება მუსიკას, ის ჩემი ნაწილია. ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმომიდგენია და კიდევ, მუსიკა არ არის მხოლოდ მხედველი ადამიანებისთვის, არის უსინათლო ბავშვებისთვისაც. ამიტომაც შევასრულე უსინათლო კომპოზიტორის როდრიგოს არაჩვეულებრივი ნაწარმოები... ამ პროცესში კარგი იქნება, თუ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება", - ამბობს ტარიელ სუარი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება