მსახიობი ზაალ კუპრაშვილი სერიალ "ჰეროკრატიაში" ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის როლს ასრულებს. მისი გმირი ისე საშინლად იქცევა, რომ პერსონაჟი ხალხის ზიზღს იწვევს. ალბათ, ზაალი ტელემაყურებლებს მორცხვი და უიმედოდ შეყვარებული უჩას როლითაც ახსოვთ, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"...
- "ჰეროკრატიაში" კასტინგით მოვხვდი: კასტინგ-მენეჯერმა დამირეკა - პროექტით ხომ არ დაინტერესდებიო? ბატონ გოგა ხაინდრავასთან, როგორც რეჟისორთან, მუშაობა მაინტერესებდა. ამიტომ შემოთავაზებას დავთანხმდი. შემდეგ როლზე დამამტკიცეს.
- თავიდანვე იცოდით, რომელი როლისთვის მოგიაზრებდნენ?
- აზრზე არ ვიყავი, ვის როლს შევასრულებდი. აღმოჩნდა, რომ ისეთი პიროვნება განვასახიერე, ქუჩაში ხალხი რომ მხვდება, ასეთ კომენტარს აკეთებს: რა საზიზღარიაო! სხვათა შორის, ეს მსიამოვნებს - ე.ი. როლი გამომივიდა და მიხარია.
- როცა გაირკვა, ვის როლს შეასრულებდით, არ დაფიქრდით, სერიალში მონაწილეობა მიგეღოთ თუ არა?
- ცოტა ვიფიქრე, მაგრამ რაკი ბატონ გოგასთან მუშაობა მაინტერესებდა, დავთანხმდი. გადმოცემით ვიცოდი, რომ ძალიან ნიჭიერი რეჟისორია. მინდა, ყველა ნიჭიერ ადამიანთან ვიმუშაო და პროფესიული ურთიერთობა მქონდეს.
- ბატონმა გოგამ თქვენი მოლოდინი გაამართლა?
- კი, საინტერესოდ მუშაობს. საინტერესო პიროვნება და რეჟისორია. ძალიან განათლებულია. მსახიობს როლის მორგებაში მაქსიმალურად ეხმარება, მხარში უდგას.
- გვიამბეთ, სერიალში თქვენი როლი როგორ გაითავისეთ?
- ჩემს სანათესავოსა თუ სამეგობროშიც ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ციხის ცხოვრება გაიარა. მათ კონკრეტულად, იმ ადამიანზე ვესაუბრებოდი, ვისაც სერიალში ვასახიერებ. მიყვებოდნენ, როგორი პიროვნება იყო, როგორი ხასიათი ჰქონდა. ასევე, ვიდეოჩანაწერებს ვუყურებდი, რაზეც ყველას მიუწვდება ხელი. პიროვნებას ვაკვირდებოდი. მერე ჩემი ფანტაზიაც ჩავრთე და რაღაც გამომივიდა.
- თქვენი აზრით, ფილმი რეალობას ასახავს?
- რაღაც რეალურად ხდებოდა, რაღაც - რეჟისორის ფანტაზიაც არის. ნებისმიერ ამბავში, რომელიც ფილმად ან თუნდაც, სპექტაკლად არის ქცეული, რეჟისორს თავისი ხედვა აქვს.
- მსახიობებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა როგორ განვითარდა?
- ძალიან კარგად. ბევრთან წლებია, მეგობრობა მაკავშირებს. ამიტომ რომელიმე მათგანთან ურთიერთობა არ გამძნელებია.
- როცა "ჰეროკრატიაში" საკუთარი თავი ეკრანზე პირველად ნახეთ, როგორი გრძნობა დაგეუფლათ?