"ხაბაზი დაიბარე, ბოკერია დაახვედრე და გიგამ საქმის გარჩევა დაუწყო" - "ნაციონალების" შიდა დაპირისპირების დეტალები საჯარო გახდა

"ხაბაზი დაიბარე, ბოკერია დაახვედრე და გიგამ საქმის გარჩევა დაუწყო" - "ნაციონალების" შიდა დაპირისპირების დეტალები საჯარო გახდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ენმ-ს მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა. როგორც თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა, აღნიშნული პირები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. "შემცირებულ" "ნაციონალებს" შორის არიან პარტიის ცნობილი სახეებიც: კობა ხაბაზი, გოგა ონიანი, ასევე რამდენიმე რეგიონული კოორდინატორი.

"ისინი შემცირებაში მოაყოლა "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი" - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

თაქთაქიშვილის განცხადების საპასუხოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განმარტა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა.

"ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ: მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მით უმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს.

ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი. მე "ნაციონალურ მოძრაობაში" 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით", - აცხადებს სერგო რატიანი.

თანაპარტიელს ფეისბუქის პირადი გვერდიდან პასუხობს ჩიორა თაქთაქიშვილი და განმარტავს, რომ მისი განცხადება ეხებოდა პარტიის არაფორმალურ მმართველს, რომლის დავალებითაც "ეს ხალხი რატიანმა გაუშვა სამსახურიდან".

"სერგო, ძვირფასო! პირველ რიგში: ჩემი სტატუსი ეხებოდა პარტიის არაფორმალურ მმართველს, რომლის დავალებითაც ეს ხალხი გაუშვი სამსახურიდან.

იქნებ, ტყუილია, რომ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად დაურეკე და პასუხი მოთხოვე, შენთან შეუთანხმებლად რატომ გამოხატეს საჯაროდ პოზიცია დიდი ყრილობის მხარდასაჭერად? ამის მერე რატომ გიკვირს, რომ ამ ადამიანების შემცირების მიზეზი სწორედ მათი პოზიცია მგონია და არა სხვა რამ? ან იქნებ ის არის ტყუილი, რომ კობა ხაბაზი დაიბარე კაბინეტში, სადაც მას გიგა ბოკერია დაახვედრე, შენ გახვედი, გიგამ კი კობას საქმის გარჩევა დაუწყო ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქ პოსტის გამო (რომელიც საერთოდ არ იყო თავისუფალი ზონის წევრი) და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ვაორგანიზებ ამისთვისო?!!!

ამ ყველაფრის მერე იქნებ მიზნების და საშუალებების შესაბამისობაზე საკუთარი თავისა და პარტიის არაფორმალური მმართველისთვის დაგესვა კითხვა. დამერწმუნე, საქმეს ეს უფრო გამოადგებოდა.

უმორჩილესად გთხოვ, გაასაჯაროოთ ყველა შემცირებული თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია, რომ ნათელი იყოს შემცირების მოტივები.

შტატების შემცირებამდე იქნებ ჩვენი აზრითაც დაინტერესებულიყავი, განგეხილა ხელფასების შემცირების ვარიანტიც, იქნებ ყველა თანახმა იყო ამაზე? მაგრამ მიზანი თუ არასასურველი ხალხის მოშორება და მათთან ანგარიშსწორება იყო, მაშინ გასაგებია ყველაფერი" - წერს თაქთაქიშვილი.

თანაპარტიელის განცხადებას იმაზე, რომ გიგა ბოკერიამ "საქმე გაურჩია", ეხმაურება კობა ხაბაზიც. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და საქმე უბრალოდ პრინციპულ აზრთა სხვადასხვაობას ეხებოდა.

"ეს ინციდენტი არ არის, აქ არის საუბარი განსხვავებულ შეხედულებებსა და პარტიულ მომავალზე. საკმაოდ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ინციდენტი თანამებრძოლებთან არასოდეს მქონია. რაც შეეხება "თავისუფალ ზონას", ის გადავიდა ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო გაიზარდა და სტრუქტურულად ახალი ფორმებით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას. მე ამ პარტიის ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომლსააც შეუძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაბრუნება განვითარების გზაზე", - განაცხადა ხაბაზმა.

"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

გიგი უგულავა შსს-ში მივიდა - "ბრძოლა გრძელდება, ვიდრე ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ"

დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"