ლა-სკალას სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ

ლა-სკალას სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ

"ლა-სკალას" თეატრის სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ. ამასთან, პირველ განყოფილებაში ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოების პრემიერა შედგება.

ნაწარმოები, რომელიც სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისა და დავიდ ალადაშვილის "ლა სკალას" კონცერტისთვის შეიქმნა, ეძღვნება იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც უსამართლობას სასტიკი წამებით ემსხვერპლა. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო გამოჩენილი პოეტის პოლ ცელანის ლექსი "სიკვდილის ფუგა", რომელიც მან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა. სამნაწილიან ვოკალურ ციკლში პოლ ცელანის ლექსის გარდა გამოყენებულია ებრაული ნანა და XIX/XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას ლექსი "ვეღარ ვშველოდი ვერასა", რომელიც აგრეთვე მიესადაგება ნაწარმოების მხატვრულ შინაარსს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში ადამიანთა უფლებების დაცვა კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებად იქცა, უსამართლობა და სისასტიკე დღემდე რჩება გამოუსწორებელ პრობლემად. თუ განვიხილავთ დედამიწას, როგორც ერთ მთლიანობას, აღმოვაჩენთ, რომ მისი მოსახლეობის უდიდესი პროცენტი კვლავ ეწირება დიქტატურას, რეპრესიებს, სიკვდილით დასჯას, პოლიტიკურ თუ რელიგიურ დაპირისპირებებს, ტერორისტულ აქტებს და ტერიტორიულ კონფლიქტებს. მენტალურმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა დღემდე ვერ შეძლო მრავალი უმწეო ადამიანის დაცვა, სამყარო ახლაც სავსეა იძულებით გადაადგილებული დევნილებით, თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი უდანაშაულო პატიმრებით. ამიტომ ყველა იმ ადამიანის, ვინც თავისი საქმით სხვა ადამიანებს ესაუბრება, თუნდაც მუსიკის ენაზე, ერთგვარი ვალია აღნიშნული პრობლემა წინ წამოწიოს და თუ კი ოდესმე ასე ბევრნი მოვიქცევით, ეგებ შევძლოთ ჩვენი პლანეტა და მასზე ცხოვრება უფრო უსაფრთხო და უკეთესი გახდეს", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ანიტა რაჭველიშვილი ერთ-ერთი მათთაგანია, ვინც სასცენო მოღვაწეობის პარალელურად დროს უამრავ საქმეს აკეთებს საქართველოში პრობლემების აღმოფხვრის მხრივ. იგი სათავეში უდგას დიდ სამეგობროს, რომლებიც ზრუნავენ თბილისის გამწვანებისთვის, ეკოლოგიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის.

"აღარავის უკვირს, რომ ლა სკალას, მეტროპოლიტენ ოპერის თუ პარიზის ოპერის სპექტაკლებს შორის შინ ორი-სამი დღით დაბრუნებული ქუჩაში ვიხილოთ სისუფთავის დასაცავად როგორ ალაგებს რომელიმე სკვერს ან ფეხით სასიარულო ქუჩას. სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ მას აქვს მორალური უფლება მუსიკითაც ისაუბროს ზოგადსაკაცობრიო თემებზე. ჩემი ნაწარმოები არ არის მანიფესტი, ის არის ტკივილის და სევდის გამომხატველი. სევდა კი იწვევს სენტიმენტს. სენტიმენტი სიყვარულის შემადგენელი განცდაა, სიყვარული კი არის გრძნობა, რომელსაც შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს. მე, როგორც კომპოზიტორს, მოკრძალებულად მსურს ამ გზას ვემსახურო ჩემს ძვირფას კოლეგებთან, მეგობრებთან და Georgian Philharmonic Orchestra-სთან ერთად", - განაცხადა რაჭველმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება