გუშინ, 19 დეკემბერს თურქეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. შემთხვევა თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში მოხდა. კარლოვი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის "მოგზაურის თვალით დანახული რუსეთი: კალინინგრადიდან კამჩატკამდე" გახსნას ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლისას ელჩს უკნიდან უცნობი პიროვნება მიუახლოვდა და მას პისტოლეტიდან 5 ტყვია ესროლა.
თავდასხმისას შეიარაღებულმა პიროვნებამ - "ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით" დაიყვირა. მოგვიანებით პოლიციამ ის ორმხრივი სროლისას იმავე დარბაზში მოკლა.
მომხდარმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მოსკოვმა, რომელმაც 62 წლის ელჩის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. 2001-2006 წლებში ანდრეი კარლოვი რუსეთის ელჩად ჩინეთში მუშაობდა. 2009 წლიდან 2013 წლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტაციური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. თურქეთში დიპლომატიური მოღვაწეობა მან 2013 წელს დაიწყო.
როგორც ცნობილი გახდა, თავდამსხმელი პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ანლინტასი იყო. საგამოფენო დარბაზში იარაღით შესვლა და ელჩთან მიახლოება მან პოლიციის საბუთის გამოყენებით შეძლო. თავდასხმიდან, რამდენიმე საათში, თურქული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი მართლაც ყოფილი პოლიციელია, თუმცა 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მევლუთ ანლინტასი ოპოზიციური ორგანიზაცია FETO-ს წევრია, რომელიც ანკარას მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.
ამ ეტაპზე კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, რთულია რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება. თუმცა რამდენიმე გარემოება ცალსახად იკვეთება. ფაქტია, რომ 22 წლის ყოფილი პოლიციელი, რომელიც ოდესღაც თურქეთის ინტერესებს იცავდა, სხვა ორგანიზაციამ გადაიბირა. მოხდა ეს მისი პოლიციიდან გათავისუფლების შემდეგ თუ ჯერ კიდევ იქ მუშაობის დროს, ამას გამოძიება დაადგენს.
სირიასთან და ალეპოსთან დაკავშირებული შეძახილებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავდამსხმელი პრეზიდენტ ასადის ოპოზიციის რიგებიდან იყოს.
პოლიტიკა ბინძური საქმეა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო ნებისმიერ ფასად საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ხშირ შემთხვევაში გარკვეული სახის მოქმედების დაწყებას მხოლოდ ოფიციალური საბაბი სჭირდება. ელჩის მკვლელობა კი ამ შემთხვევაში იდეალური საბაბია. ამიტომაც რეალობას ნამდვილად არ არის მოკლებული ვერსია, რომ ელჩის "მკვლელობა" ოფიციალურმა მოსკოვმა სირიაში სამხედრო კამპანიის გასაფართოებლად გამოიყენოს და, მაგალითად სახმელეთო ოპერაცია წამოიწყოს. რისთვის და რაში სჭირდება ეს მოსკოვს,სხვა საკითხია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ მიზეზის საჭიროებაზე ვსაუბრობთ.
სირიასთან მიმართებაში შორს მიმავალი ინტერესები თურქეთსაც აქვს. ღიად თუ ფარულად ასადის რეჟიმისადმი მტრულ განწყობას ანკარა ხშირად გმოხატავს. მეტიც, ის ასადის რეჟიმის ოპოზიციას და გარკვეულ წილად "ისლამურ სახელმწიფოსაც" უჭერს მხარს. ყიდულობს მათგან ნავთობს და დროდადრო საბრძოლო მასალებით ეხმარება. ამჟამად ტანკების და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით, თურქეთის არმია სირიის ჩრდილო ნაწილშია შეჭრილი და იქ ქურთებს ებრძვის. შესაბამისად, გამოდის, რომ წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, თურქეთი სირიის ტერიტორიაზე ოკუპაციურ საქმიანობას ეწევა.
არსებობს კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. არც ისე შორეულ 1920 წელს, თურქეთში დიდი ეროვნული შეკრება გაიმართა. ოსმალეთის იმპერიის გაყოფა უკვე დაწყებული იყო. შეკრებაზე მეჯლისმა ეროვნული პაქტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც სირიის ჩრდილო ნაწილი ალეპოს ჩათვლით, თურქეთის კონტროლ ქვეშ რჩებოდა. ბებერმა ევროპამ ანკარის ეს თავხედური გადაწყვეტილება არ მოიწონა და იმავე წლის 10 აგვისტოს სევრის მშვიდობიან ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. დოკუმენტის თანახმად, თურქეთს სოლიდური ტერიტორიები ჩამოაჭრეს. შემდეგ იყო 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულება, სადაც თურქეთმა უკვე ოფიციალურად თქვა უარი ეგვიპტის, სირიის, ლიბანის, მესოპოტამიის, არაბეთის, პალესტინის ტერიტორიებზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელჩის მკვლელობა შორეულ პერსპექტივაში თურქეთმა, სირიის ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოებისთვის გამოიყენოს. ამ ეტაპზე კი ყველაზე საინტერესო საკითხად რუსეთის შემდგომი ქმედებები რჩება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE